მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჩვენ აღარ ვართ ერთ კონკრეტულ ბაზარზე ჩამოკიდებული კურორტი“ - ვინ ჯავშნის სასტუმროებს გუდაურში?

გუდაური

ზამთრის კურორტებზე თოვლი მოვიდა, რაც ნიშნავს, რომ შესაძლოა წელს ზამთრის ტურისტული სეზონი სხვა წლებისგან განსხვავებით ადრე დაიწყოს.

ამ დროისთვის გუდაურში არსებულ სასტუმროებში იანვარ-თებერვლის პერიოდზე ადგილების 50-60% დაჯავშნილია. როგორც Best Western Gudauri-ს მფლობელი გიორგი კვიწინაშვილი „საქმის კურსთან“ ინტერვიუში აცხადებს, ჯავშნების დიდი ნაწილი ისრაელის, გალფის ქვეყნებისა და პოლონეთის ტურისტებზე მოდის.

„ჩვენ აღარ ვართ ერთ კონკრეტულ ბაზარზე ჩამოკიდებული კურორტი, რეალურად გუდაური გახდა საერთაშორისო კურორტი. რუსეთიდან და უკრაინიდან მოთხოვნამ ომის შემდეგ საკმაოდ დაიკლო, თუმცა გალფის ყურის, ისრაელის, ევროპის ქვეყნებმა რეალურად შეავსეს ეს დანაკლისი, მაგრამ ამ წელს უკვე რუსეთიდან და უკრაინიდანაც ნელ-ნელა იწყება აქტიურად ჯავშნების მიღება“,- აცხადებს კვიწინაშვილი.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დატვირთულობის კოეფიციენტი მატულობს და ტურისტების რაოდენობა აჭარბებს წინა წლების მაჩვენებელს, სასტუმროებში განთავსების ფასი არ იზრდება და პირიქით მცირდება, რაც მოთხოვნა-მიწოდების დისბალანსით არის გამოწვეული.

„ანალიზი რომ გავაკეთოთ 5-6 წლის განმავლობაში ფასების ზრდასთან დაკავშირებით, საქართველოში პრაქტიკულად ყველა პროდუქტზე და მომსახურებაზე ფასი გაიზარდა, გარდა სასტუმროების მომსახურებისა. ეს განპირობებულია ძალიან მაღალი მიწოდების კოეფიციენტით, პლუს ამას ემატება უზარმაზარი რაოდენობა ბინები. Airbnb-ზე თბილისში 20 ათასი ბინაა დარეგისტრირებული, ბათუმში 30 ათასი, გუდაურში 5 ათასი ადგილია.

სასტუმროებში განთავსების ფასი არ გაზრდილა, პირიქით დაიკლო. 2016-2017-2018 წლებში 3-4 ვარსკვლავიან სასტუმროების ფასი იყო 200-250 დოლარამდე, ახლა 130-160 დოლარამდე თამაშობს. მიუხედავად იმისა, რომ დატვირთულობის კოეფიციენტი მატულობს და ტურისტული მასა მეტია, ვიდრე მაშინ, ფასი არ იზრდება, რადგან დიდია მიწოდება“,-აცხადებს სასტუმრო Best Western Gudauri-ს მფლობელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები