მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჩვენ ანგარიშებს ვაგზავნით ბრიუსელში, რა ნაბიჯები გადადგა ქვეყანამ... მთელი წელი ვაგრძელებდით ინფორმაციის გადაგზავნას - ბოჭორიშვილი

საგარეო საქმეთა სამინისტრო

"ჩვენ ვწერთ ანგარიშებს და ვაგზავნით ბრიუსელში, რა ნაბიჯები გადადგა ქვეყანამ. რა თქმა უნდა, ამას ყოველთვის ვაკეთებთ და მთელი წლის განმავლობაში ვაგრძელებდით ამ ინფორმაციის გადაგზავნას ბრიუსელში", - ამის შესახებ "ოცნების" საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა "იმედის" ეთერში განაცხადა.

როგორც მან თქვა, ევროკომისიის ბოლო ანგარიში "არასამართლიანი დამოკიდებულების კიდევ ერთი გამოხატულებაა".

მისი თქმით, "ოცნება" არცერთ წინადადებას არ დატოვებს უპასუხოდ.

"ამაზე პასუხები, ბუნებრივია, გვაქვს. ეს არის უბრალოდ არასწორი და არასამართლიანი დამოკიდებულების კიდევ ერთი გამოხატულება, როდესაც სრულიად უსაფუძვლოდ, ობიექტური შეფასების გარეშე, კეთდება მსგავსი შემაჯამებელი განცხადებები, თითქოს საქართველოს ამ ხნის განმავლობაში პროგრესი არ ჰქონია.“ - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მისივე თქმით, ევროკომისიის ანგარიში გასაკვირი არ ყოფილა, - "ამას გვიანონსებდა ევროკავშირის ელჩიც. არაერთხელ უკვე იყო ამაზე საუბარი, რომ საქართველოსთან დაკავშირებით შეფასებები იქნებოდა უარყოფითი. თუმცა, კარგად რომ შევხედოთ, რასთან გვაქვს საქმე, ჩვენ გვესმის პოლიტიკური განცხადებები, როდესაც საქმე ეხება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციასა და გაწევრიანებას, რომ ეს პროცესი გაჩერებულია. ასევე გვითხრეს, რომ საქართველოს მხოლოდ სახელად აქვს კანდიდატის სტატუსი, ანუ ამას შინაარსი არ აქვს და სჭირდება გარკვეული გამართლება. ხომ უნდა მოახდინონ როგორმე გამართლება იმისა, რომ საქართველო ამ პროცესში არ არის. ამის გამართლებისთვის ახლა უნდა გამოიყენონ დოკუმენტები, მათ შორის ევროკავშირის გაფართოების ანგარიში, სადაც საქართველოს შესახებ არის გარკვეული ინფორმაცია. თავი არის მიძღვნილი საქართველოსადმი, როგორც კანდიდატი ქვეყნისადმი. თუმცა ეს ანგარიში არის უარყოფითი. ასე ითქვა, რომ უარყოფითია.

სინამდვილეში ხდება ის, რომ საქართველოს რეალურად შეფასება ფაქტობრივად არ ხორციელდება. როგორ უნდა შეფასდეს? პოლიტიკური დიალოგი ბრიუსელს გაჩერებული აქვს საქართველოსთან. ასოცირების შეთანხმებას ბრიუსელი არღვევს საქართველოსთან მიმართებაში. მაშინ, როდესაც პოლიტიკური დიალოგი, ამ შეთანხმებით გათვალისწინებულ ფორმატებში არც ერთი შეხვედრა არ განხორციელებულა მთელი წლის განმავლობაში.

ეს შეხვედრები იმისთვის არის განსაზღვრული, რომ ხდება გარკვეული პროგრესის შეჯერება, გარკვეული ნაბიჯების შესახებ საუბარი, ამ პროცესებზე ბრიუსელთან დიალოგი და ეს დიალოგი ბრიუსელმა გააჩერა. როდესაც ინფორმაცია იგზავნება: ჩვენ ვწერთ ანგარიშებს და ვაგზავნით ბრიუსელში, რა ნაბიჯები გადადგა ქვეყანამ. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამას ყოველთვის ვაკეთებთ და მთელი წლის განმავლობაში ვაგრძელებდით ამ ინფორმაციის გადაგზავნას ბრიუსელში.

თუმცა ესეც კი იმდენად მიუღებელი აღმოჩნდა ბრიუსელისთვის და იმდენად დიდი იყო ცდუნება, რომ ანგარიში უნდა ყოფილიყო განსაზღვრული და უარყოფითი, რომ მათ წერილობითაც კი განაცხადეს უარი, საქართველოს არ შეაფასებენ. ის ნაწილები, სადაც ჩვენ ვსაუბრობთ ქვეყნის სტაბილურობაზე, ფინანსურ და ეკონომიკურ განვითარებაზე, იმ პროგრესზე, რაც ქვეყანას ნამდვილად აქვს, ეს ხომ თვალსაჩინოა. ამის უარყოფითად შეფასება უბრალოდ წარმოუდგენელია.

მთელი წლის განმავლობაში ქვეყნდებოდა სხვადასხვა რეიტინგი, სადაც საქართველო მოწინავე ადგილებზე იყო. და ამ დროს ქვეყნდება ევროკავშირის ანგარიში, სადაც, ამის საპირწონედ იწერება, რომ საქართველო სულაც არ არის მოწინავე. მაგრამ სინამდვილეში, რეალური შეფასება უბრალოდ არ მომხდარა.“ - განაცხადა მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები