მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ჩვენ აქ იმისთვის არ ვართ, რომ საქართველოს შიდაპოლიტიკურ პროცესებში ჩავერიოთ” - ლატვიის მინისტრი

ლატვია

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბაიბა ბრაჟე აღნიშნავს, რომ ბალტიისპირეთისა და სკანდინავიის ქვეყნები საქართველოს ევროინტეგრაციას უჭერენ მხარს და მზად არიან, ამ გზაზე ხელშეწყობისთვის პოლიტიკური კაპიტალი გაიღონ - ამის შესახებ ბრაჟემ სალომე ზურაბიშვილის ლიეტუვას, ლატვიის, ისლანდიისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.

“მოხარული ვარ, რომ მომეცა პატივი, კვლავ დავბრუნებულიყავი საქართველოში. ლატვია საქართველოს ძალიან ახლო მეგობარია, ჩვენ აქ იმისთვის არ ვართ, რომ უხეშად ჩავერიოთ საქართველოს შიდაპოლიტიკურ პროცესებში, რაც მინდა ხაზგასმით აღვნიშნო.

ვინაიდან საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების სურვილი კონსტიტუციითაა გაწერილი და ამ მიზნებს მხარს მოსახლეობის 80%-ზე მეტი უჭერს, ჩვენ, ბალტიისა და სკანდინავიის ქვეყნების ჯგუფმა, ევროკავშირისა და ნატოს პოლიტიკურ მაგიდასთან განუზომელი ინვესტიცია ჩავდეთ, როგორც პოლიტიკური, ისე სხვა ტიპის კაპიტალის სახით, იმისათვის, რომ მხარი დაგვეჭირა საქართველოს მისწრაფებებისთვის. ცალსახაა, რომ ეს ინტერესი უცვლელია - ჩვენ გვინდა და ვხედავთ საქართველოს ევროკავშირის ნაწილად. მისი ევროპული გზა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ისევე როგორც უკრაინის, ალბანეთის თუ სხვა ქვეყნების”, - აღნიშნავს ბაიბა ბრაჟე.

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იმ პრობლემებზეც ისაუბრა, რომელსაც ის საქართველოში ხედავს. მათ შორისაა კანონის აღსრულებასთან დაკავშირებული პრობლემები და მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობა.

“ევროკავშირში გაწევრიანება მხოლოდ პოლიტიკური ამოცანა არ არის. ის ძალიან პრაქტიკულ ნაბიჯებს მოითხოვს იმისთვის, რომ ქვეყანა, მისი სამართლებრივი სისტემა, მისი იურისდიქცია, კანონის აღსრულება და ბევრი სხვა რამ ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოვიდეს - ეს არ ნიშნავს თქვენს შიდა პროცესებში ჩარევას, ეს არის ის ევროპული სტანდარტები, რომელთა დანერგვაც ყველას მოგვიწია, EU-ში გაწევრიანებისთვის. ჩვენი მესიჯები არ არის ანტიქართული ან ანტისახელისუფლებო, ჩვენ ვამბობთ იმას, რაც თავადაც გავაკეთეთ, რადგან ეს არის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის აუცილებელი პირობა კანდიდატი ქვეყნებისთვის. ასეთ ვითარებაში, ძალიან რთულია გაგება, რისთვის იყო უცხო ძალის გავლენის შესახებ კანონის მიღება საჭირო? დიახ, ჩვენ მივიღეთ გზავნილი ვეტოს შესახებ და ვიმედოვნებთ, რომ ის გამოყენებული იქნება იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ გადაიხედოს, რას ნიშნავს ევროკავშირის წევრობა.

გარდა ამისა, შემაშფოთებელია სხვა კანონპროექტებიც, გვაწუხებს მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ მსგავსი მოპყრობა, როდესაც შეკრება და გამოხატვა ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა, რომელსაც პატივი ყველა მთავრობამ უნდა სცეს”, - განაცხადა ბრაჟემ.

გამოსვლის ბოლოს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ბალტიისპირეთისა და სკანდინავიის ქვეყნები საქართველოს მიმართ მეგობრულად არიან განწყობილი და მზად არიან, საქართველოს მომავალში ინვესტიცია ჩადონ, თუმცა აქვთ მოლოდინი, რომ ამისათვის საქართველო პრაქტიკულ, რეალურ ნაბიჯებს გადადგამს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები