აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი დღეს შუადღეს ნახჩევანის აეროპორტში ირანული დრონების ჩამოვარდნას ეხმაურება და მომხდარს ტერორისტულ აქტს უწოდებს.
"ჩვენ არ შევეგუებით აზერბაიჯანის წინააღმდეგ ჩადენილ ამ უსაფუძვლო ტერორისტულ აქტსა და აგრესიას. ჩვენს შეიარაღებულ ძალებს დაევალათ საპასუხო ზომების მომზადება და გატარება", - განაცხადა პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე, როგორც ამას აზერბაიჯანული მედია APA იუწყება.
ცნობისთვის, დღეს ორი დრონი აზერბაიჯან-ირანის საზღვრიდან დაახლოებით 10 კილომეტრში, ნახჩევანის აეროპორტის ტერმინალის შენობისა და სოფელ შექერაბადში სკოლის სიახლოვეს დაეცა. აზერბაიჯანის საგარეო უწყებამ მომხდარში ირანი დაადანაშაულა.
თავის მხრივ, ირანი ნახიჩევანის აეროპორტზე დრონებით თავდასხმასთან კავშირს უარყოფს.
"ირანის ისლამურ რესპუბლიკას აზერბაიჯანის რესპუბლიკა სამიზნეში არ ამოუღია", - განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ქაზემ ღარიბაბადიმ ირანული სააგენტო Tasnim-ისთვის მიცემულ კომენტარში და დასძინა, რომ ისინი "მეზობელ ქვეყნებს თავს არ ესხმიან".
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით თავდასხმის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა. მათივე თქმით, აზერბაიჯანული მხარე იტოვებს უფლებას, მიიღოს შესაბამისი საპასუხო ზომები.
გარდა ამისა, ირანის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, მუჯთაბა დემირჩილუ, საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.




























