საქართველოს ექსპორტის ზრდა, რომელიც 2025 წლის პირველ ნახევარში დაფიქსირდა, ძირითადად საგარეო ფაქტორებითაა განპირობებული და არა ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკის ეფექტიანობით. ამის შესახებ ეკონომისტმა რატი წიკლაურმა BMGTV-ის გადაცემაში „ანალიტიკა“ განაცხადა.
მისი შეფასებით, არსებული მონაცემები აჩვენებს, რომ ექსპორტის ზრდის მთავარი მამოძრავებელი ფაქტორები რუსეთ-უკრაინის ომით შექმნილი გარემო, ყულევის ნავთობგადამმუშავებელი საწარმოს საქმიანობა და საერთაშორისო ბაზრებზე ცალკეული პროდუქციის ფასების ზრდაა.
ეკონომისტის თქმით, 2022 წლიდან საქართველომ მნიშვნელოვანი სარგებელი მიიღო ავტომობილების რეექსპორტიდან, რომელიც რუსეთის ბაზრისთვის ერთგვარ ალტერნატიულ ლოგისტიკურ მარშრუტად იქცა.
„ყველაზე დიდი ზრდა ექსპორტის მიმართულებით საბოლოო ჯამში მაინც ასოცირდება რუსეთ-უკრაინის ომთან და იმასთან, რომ საქართველო ამ კონფლიქტში ცენტრალური დერეფნის პოზიციაზე აღმოჩნდა. 2022 წლიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა საქართველოს გავლით ავტომობილების რეექსპორტი. ეს იყო ბიზნესი, რომელმაც სარგებელი არა მხოლოდ კონკრეტულ კომპანიებს, არამედ მოსახლეობის ძალიან ფართო ფენებსაც მოუტანა.“
თუმცა, მისი შეფასებით, ეს ეფექტი უკვე სუსტდება, რადგან რუსეთმა გასული წლის ბოლოდან ავტომობილების იმპორტზე დამატებითი შეზღუდვები და გადასახადები აამოქმედა.
„მაისის მონაცემებით, ავტომობილების რეექსპორტი უკვე 24%-ით არის შემცირებული. რუსეთის მიერ დაწესებული ახალი გადასახადებისა და შეზღუდვების გამო ეს ბიზნესი პრაქტიკულად წამგებიანი გახდა. ფაქტობრივად, რუსეთმა დაგვიკეტა ის ბაზარი, რომელმაც ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოს მნიშვნელოვანი შემოსავალი მოუტანა.“
აღსანიშნავია, რომ წელს 5 თვეში ავტომობილების რეექსპორტის მხრივ ძირითადი კლება საქართველოსთვის მთავარ პარტნიორ ისეთ ბაზრებზე ფიქსირდება როგორიცაა ყირგიზეთი, ყაზახეთი, აზერბაიჯანი. რიგ ქვეყნებში კი მაგალითად, ირანში, ტაჯიკეთში და სომხეთში ექსპორტის ზრდა დაფიქსირდა.
წიკლაურის შეფასებით, ექსპორტის ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ყულევის ნავთობგადამმუშავებელ საწარმოსაც.
„გასული წლიდან დღემდე საქართველოს ექსპორტის ზრდის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი განმაპირობებელი სწორედ ყულევის გადამმუშავებელი ქარხანაა. ევროკავშირს ერთ ეტაპზე ჰქონდა კითხვები, ხომ არ ხდებოდა სანქციების გვერდის ავლით ნავთობპროდუქტების გადამუშავება, თუმცა საქართველოს მთავრობის მიერ გაცემული განმარტებების შემდეგ ეს საკითხი ამ ეტაპზე დახურულია.“
ეკონომისტი ასევე აღნიშნავს, რომ ექსპორტის ზრდაზე გავლენა საერთაშორისო ბაზრებზე ოქროს, სპილენძისა და აზოტოვანი სასუქების გაძვირებამაც მოახდინა.
„ოქროს, სპილენძისა და განსაკუთრებით აზოტოვანი სასუქების ფასების ზრდამ საქართველოსაც მნიშვნელოვანი სარგებელი მისცა . მაისის მონაცემებით, ამ მიმართულებებით ექსპორტი 87-88%-ით არის გაზრდილი, თუმცა ეს ზრდა დიდწილად სწორედ ფასების მატებით არის განპირობებული.“
მისი თქმით, საერთო სურათი აჩვენებს, რომ საქართველოს ეკონომიკა ამ ეტაპზე ძირითადად გარე პროცესებისგან მიღებული სარგებლით იზრდება.
„თუ ამ ყველაფერს შევაჯამებთ, ქვეყანა მნიშვნელოვნად ხეირობს გაზრდილი ფასებისა და ორი მიმდინარე კონფლიქტის - რუსეთ-უკრაინის ომისა და ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარების ფონზე. ეს არ არის დამოკიდებული კონკრეტულ ეკონომიკურ გადაწყვეტილებებზე, რომელსაც მმართველობის ეფექტიანობა ჰქვია. ჩემი მთავარი აქცენტი სწორედ ეს არის - ექსპორტის ზრდა უფრო საგარეო ფაქტორებით არის განპირობებული, ვიდრე ეკონომიკური პოლიტიკის შედეგით.“
წიკლაურმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველომ კონფლიქტებით შექმნილი ეკონომიკური შესაძლებლობების გამოყენებაზე უარი არ თქვა.
„ჩვენ არ ვთქვით უარი, მიგვეღო სარგებელი ომებიდან. ეს არის რეალობა, რომელიც ექსპორტის სტატისტიკაშიც ძალიან მკაფიოდ ჩანს.“




























