მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩვენ და GD Alco კონსორციუმის შექმნას ვგეგმავთ - სოსო ფხაკაძე იპოდრომთან უძრავი ქონების შეძენაზე

ვისოლ ჯგუფი

“ვისოლ ჯგუფის” პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე იპოდრომის მიმდებარედ, 80,000 კვადრატული მეტრის უძრავი ქონების "ქართუ ფონდისგან” შეძენის დეტალებზე საუბრობს.

BMG-ისთვის წერილობით გამოგზავნილ განცხადებაში სოსო ფხაკაძე განმარტავს, რომ მათ მიერ გამართული მოლაპარაკებების შედეგად, საქველმოქმედო ფონდ “ქართუსთან” შეთანხმების მიღწევა შეძლეს და ტერიტორია შეიძინეს.

ამასთანავე, სოსო ფხაკაძე აღნიშნავს, რომ პროექტის განვითარებას GD Alco-სთან ერთად გეგმავენ და კონსორციუმის შექმნას განიხილავენ. ამასთან, არ გამორიცხავენ რომ პროექტში უცხოელი პარტნიორებიც ჩართონ.

"საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ “ვისოლ ჯგუფის” ერთ-ერთი ბიზნეს მიმართულება უძრავი ქონების განვითარებაა. კერძოდ, ჩვენ ვახდენთ როგორც კომერციული (სავაჭრო ცენტრები, საოფისე შენობები თუ სხვა), ასევე საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობას.

ამ ეტაპზე გვაქვს რამოდენიმე მიმდინარე პროექტი და, ბუნებრივია, მუდმივად ვეძებთ ახალ მიწის ნაკვეთებს კომპანიის შემდგომი, დინამიური განვითარებისთვის.

ვადასტურებთ, რომ ჩვენ და ჩვენი კომპანიის მენეჯერები მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ “ქართუ”-სთან და მათგან შევისყიდეთ მიწის ნაკვეთი, რომელიც მდებარეობს ქ.თბილისში, თამარაშვილს N: 13-ში.

აღნიშნული მიწის ნაკვეთის შესყიდვა მოხდა საქართველოში ასევე ერთ-ერთი მსხვილი ბიზნეს ჯგუფის, “გ დ ალკოს”-თან ერთად.

ამასთან, პროექტის მასშტაბიდან გამომდინარე, ჩვენ და ჩვენი პარტნიორი, “ გ დ ალკო”, მომავალში სავარაუდოდ შევქმნით კონსორციუმს და პროექტს დავამატებთ სხვა, მაღალი ალბათობით უცხოელ პარტნიორს თუ პარტნიორებს.

აქვე, ვაცხადებთ, რომ ამ ლოკაციაზე, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა ადგილზე, ჩვენს მიერ განვითარებული უძრავი ქონება გამორჩეული იქნება დახვეწილი, გემოვნებიანი არქიტექტურითა და დიზაინით და არაერთ ხელმისაწვდომ სერვისს შესთავაზებს მომხმარებლებს. მაღალი ხარისხისა და სტანდარტის დაცვა ჩვენთვის ბიზნესის წარმოების ქვაკუთხედია და ამ გზას ჩვენ არცერთ შემთხვევაში არ გადავუხვევთ.

პროექტის დეტალებს და მის მიმდინარეობას, ბუნებრივია, ეტაპობრივად გავაცნობთ საზოგადოებას” - განაცხადა "ვისოლ ჯგუფის" პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ. 2023 წლის აგვისტოში ამ უძრავი ქონებაზე საკუთრების უფლების წინასწარი რეგისტრაცია განახორციელა ყოფილი დეპუტატის, მარიკა ვერულაშვილის კომპანია "ნეო სითი დეველოპმენტმა", თუმცა 2023 წლის 16 ოქტომბერს გარიგება შებრუნდა და ქონების მესაკუთრედ კვლავ "ქართუ ფონდი" დარეგისტრირდა. როგორც ირკვევა, აქედან ორ კვირაში ტერიტორიას ახალი მყიდველი გამოუჩნდა და საქველმოქმედო ფონდისგან დეველოპერულ პროექტს კომპანია "ცენტრალ პარკ ავენიუ" განახორციელებს.
შპს "ცენტრალ პარკ ავენიუ" 2023 წლის 22 სექტემბერს არის დაფუძნებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები