ელექტრომობილების მფლობელებისთვის ერთ-ერთ მთავარ ბარიერად რეგიონულ გზებზე დამტენი წერტილების სიმცირე და დამუხტვის ხანგრძლივობა რჩება. აღნიშნული გამოწვევის საპასუხოდ, კომპანია "ვისოლმა" ძირითად საავტომობილო არტერიებზე მაღალი გამტარუნარიანობის მქონე სადგურების, Wissol E-ს ქსელის მოწყობა დაიწყო, სადაც სიმძლავრეების მართვა ჭკვიანი ენერგოდისტრიბუციის სისტემით ხდება.
ქსელის გაფართოების გეგმებსა და ავტოპარკის მოთხოვნებთან ადაპტაციაზე გადაცემა "საქმიან დილაში" Wissol E-ს მიმართულების ხელმძღვანელმა, ნიკა ხოდელმა ისაუბრა.
მისი განცხადებით, საწვავის გლობალური ფასების ზრდისა და ელექტრომობილების ბაზრის სწრაფი განვითარების გათვალისწინებით, "ვისოლმა" მიმართულების გაფართოება წლის დასაწყისშივე აქტიურ ფაზაში გადაიყვანა. კომპანია ყოველი ახალი იმპორტისას უახლესი თაობის აპარატურას უკვეთავს, რათა ქსელი მსოფლიო ტექნოლოგიურ ტენდენციებს არ ჩამორჩეს.
"2026 წელს ჩვენ ვხურავთ აშკარა ლიდერობით, როგორც "ვისოლს" სჩვევია ხოლმე. წლის დასაწყისიდანვე საკმაოდ აქტიურად დავიწყეთ ამ მიმართულების განვითარება, რადგან ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ მსოფლიოში საწვავის ფასები ზემოთ წავიდოდა.
ყოველ შეკვეთაზე და ყოველი იმპორტისას, როდესაც დამტენი ინფრასტრუქტურა ჩამოგვაქვს, ვცდილობთ, ახალ-ახალი ტექნოლოგიები გავითვალისწინოთ და ბაზრის ტრენდს დავეწიოთ. შესაბამისად, როდესაც 2026 წელი დავგეგმეთ, მიზნად სულ მცირე 30 ელექტროსადგურის მოწყობა დავისახეთ", - აღნიშნა ნიკა ხოდელმა.
მისი შეფასებით, Wissol E-ს ქსელში მნიშვნელოვანი ადგილი ავტომაგისტრალებზე განთავსებულ ობიექტებს უკავია. ხოდელმა განსაკუთრებით არგვეთისა და ბათუმის ინფრასტრუქტურა გამოყო, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია - თითოეულ ლოკაციაზე ერთდროულად 12 ავტომობილის დამუხტვაა შესაძლებელი.
გარდა ამისა, ნიკა ხოდელის თქმით, სადგურები აღჭურვილია ე.წ. ენერგოდისტრიბუციის ჭკვიანი სისტემით, რაც სიმძლავრის არათანაბარ გადანაწილებას გამორიცხავს.
"ჩვენ საკმაოდ თანამედროვე ტექნოლოგიები განვავითარეთ და გავითვალისწინეთ ენერგოდისტრიბუციის მოწყობილობები. ეს ნიშნავს, რომ 12 მანქანის ერთდროულად დამუხტვის შემთხვევაში სიმძლავრეები თანაბრად ნაწილდება - არცერთ მომხმარებელს არ ექნება დისკომფორტი, რომ ერთი მანქანა სწრაფად იმუხტება და მეორე ნელა.
ამავდროულად, თუ სადგურზე მაღალი მოთხოვნის მქონე ავტომობილი შემოდის - მაგალითად, სპორტული ელექტროქარი, რომელსაც 200-ზე მეტი კილოვატის მიღება შეუძლია - ჩვენს ინფრასტრუქტურას აქვს რესურსი, ის სულ რაღაც 15 წუთში სრულად დატენოს", - განმარტავს Wissol E-ს ხელმძღვანელი.
იმის გამო, რომ ქართულ ბაზარზე ელექტრომობილები სხვადასხვა რეგიონიდან შემოდის, "ვისოლის" სტრატეგია ავტოპარკის ზუსტ ანალიზს ეფუძნება. ქსელში დამტენების სამივე ძირითადი გლობალური სტანდარტია წარმოდგენილი: CCS2 (ევროპული/ამერიკული), GB/T (ჩინური) და CHAdeMO (იაპონური).
"ჩვენს ინფრასტრუქტურაში ყველა კონექტორი ხელმისაწვდომია. მუდმივად ვაკვირდებით ავტოპარკის იმპორტს - რა სტანდარტის ავტომობილები შემოდის ქვეყანაში, რათა მომხმარებლის მოთხოვნას ზუსტად ვუპასუხოთ. დღეს საქართველოში შემოდის მანქანები აშშ-დან, ჩინეთიდან და ევროპიდან, ჩვენ კი ამ სტატისტიკას პირდაპირ კონექტორებში ვთარგმნით, რომ ნებისმიერი ტიპის ელექტრომობილის მფლობელს უპრობლემო მომსახურება გავუწიოთ", - აღნიშნა ხოდელმა.
სამომავლო გეგმებზე საუბრისას, ნიკა ხოდელმა დააანონსა, რომ უახლოეს პერიოდში Wissol E-ს მთლიანი ინფრასტრუქტურა "ვისოლის" საერთო ლოიალობის პროგრამაში გაერთიანდება.
მისი შეფასებით, ეს გადაწყვეტილება მოგებიანი იქნება როგორც არსებული ელექტრომობილების მფლობელებისთვის, ისე იმ მძღოლებისთვისაც, რომლებიც ჯერ ტრადიციულ საწვავს მოიხმარენ, თუმცა მომავალში ელექტროქარზე გადასვლას გეგმავენ.
"გვინდა, რომ Wissol E-ს მომხმარებელი და მთლიანი ინფრასტრუქტურა "ვისოლის" ლოიალობის სისტემაში გავაერთიანოთ. დღეს ტრადიციული საწვავის მომხმარებელი ხვალ რომ ელექტრომობილის მფლობელი გახდეს, მას ზუსტად იმავე ბენეფიტებს შევთავაზებთ: ფასდაკლებებს, ქულების დაგროვების სისტემას, ჩვენს აპლიკაციასა და ჯგუფის წევრ კომპანიებში არსებულ ყველა უპირატესობას", - განაცხადა ნიკა ხოდელმა.
ცნობისთვის, Wissol E-ს ქსელი 2026 წელს ქსელი 14 ქალაქში, 20 ლოკაციაზე განთავსებული 30 დამტენით დაასრულებს, ხოლო 2027 წლისთვის დამატებით კიდევ 15 ახალი დამტენი სადგურის განთავსებაა დაგეგმილი.
























