მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩვენ დღეს არ გვაქვს ღარიბების კლინიკა... ეს რეფორმების მონაპოვარია - მაია მახარაშვილი

608bc358e7ab2
ვიქტორია მღებრიშვილი
30.04.21 12:30
909
სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის მაია მახარაშვილის შეფასებით, საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ცვლილებების ერთ-ერთ მონაპოვარს ის წარმოადგენს, რომ საქართველოში დღეს არ არსებობს ღარიბების კლინიკები. ამის შესახებ მან გადაცემა „ანალიტიკაში“ ეკატერინე ტიკარაძის მიერ პარლამენტში წარდგენილი ჯანდაცვის პოლიტიკაზე საუბრისას განაცხადა და აღნიშნა, რომ ეს საჯარო და კერძო სექტორის ერთობლივი მუშაობის შედეგია.

„ყველა რეფორმას თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს. კერძო სექტორის ინვესტირებით ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის გამართულობა სახეზეა, ხელმისაწვდომობა სახეზეა. არ შემიძლია, არ ვთქვა და არ აღვნიშნო კერძო და საჯარო სექტორში მომხდარი რეფორმების მონაპოვარი, ინფრასტრუქტურა პლიუს საყოველთაო ჯანდაცვა, ეს არის ის, რომ ჩვენ დღეს არ გვაქვს ღარიბების კლინიკები. დღეს ვინაიდან დაფინანსება თავად პაციენტს მოჰყვება, ის ირჩევს კლინიკას და ნებისმიერი სოციალური მდგომარეობით პაციენტი, რომელსაც საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში უფინანსდება ესა თუ ის სერვისი, ირჩევს კლინიკას და ზუსტად იმავე ინფრასტრუქტურაში ხვდება და იმავე სერვისს იღებს, რომელსაც სხვა სოციალურად უფრო შეძლებული პაციენტი იღებს. ეს იმ განხორციელებული რეფორმების მონაპოვარია, რაც ქვეყანაში გატარებულა“, - განაცხადა მაია მახარაშვილმა.

ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ამბობს, რომ ჯანდაცვის სისტემაში ისევე როგორც ეკონომიკის სხვა დარგებში, მთავარი კონკურენტული გარემოს შექმნაა.

„დღეს, როდესაც ვიძახით, რომ ქვეყანაში საწოლები ჯანდაცვის სისტემაში ჭარბადაა, ცოტა არ იყოს გაურკვეველია, რა საჭიროა საწოლების კიდევ დამატება. მეორე კონკურენტული გარემოს შექმნა და კონკურენციაზე კარგი მექანიზმი მსოფლიოში ჯერ არ გამოგონილა“, - აღნიშნა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები