პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ”ჩვენ რომ მზად ვიყოთ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, უკვე წევრი ვიქნებოდით”. როგორც მან ბათუმში, მედიასთან შეხვედრისას განაცხადა, საქართველო დღეს ისე ახლოა ევროკავშირთან, როგორც არასდროს.
“რაც შეეხება ევროკავშირში გაწევრიანებას, როგორც პროცესს, უნდა შევხედოთ რაზე გვაქვს საუბარი. თუკი 1-2 მყვირალა თემას ყურადღებას არ მივაქცევთ, და შევხედავთ რა არის დიდი საკითხები, ვნახავთ, რომ სინამდვილეში საქართველო დღეს ისე ახლოა ევროკავშირთან, როგორც არასდროს. სინამდვილეში, ჩვენ ბოლო ათი წლის განმავლობაში, ამ ხელისუფლების პირობებში შევძელით იმხელა ნახტომის გაკეთება ევროპასთან ინტეგრაციის კუთხით, რომელიც არ ყოფილა არცერთი ხელისუფლების დროს, არცერთ მომენტში. ჩვენს პირობებში მოეწერა ხელი ასოცირების შეთანხმებას. არა მარტო ხელი მოვაწერეთ, არამედ ამ შეთანხმების ნახევარი უკვე შესრულებულია.
1-2 მყვირალა თემა რომ დავივიწყოთ და დროებით გვერდით გადავდოთ, რაც წარმოჩენილია თითქოს ევროინტეგრაციის მთავარი საკითხები, სინამდვილეში, ის, რაც ჩვენს მოსახლეობას აინტერესებს, ეს გულისხმობს სტანდარტებს, მომხმარებელთა უფლებებს, გარემოს დაცვას, ეკონომიკას, სოფლის მეურნეობას, აი, ამ სფეროებში და ზოგადად, ის, რაც ადამიანის ცხოვრებას ეხება, ჩვენ ისე ახლოს ვართ ევროპასთან, როგორც არასდროს. ასოცირების შეთანხმება მოიცავს ევროკავშირის სამართლის 70%-ს, რომლის ნახევარი ჩვენს კანონმდებლობაში უკვე ინტეგრირებული გვაქვს. ეს ნიშნავს, რომ დღეს საქართველოს მოსახლეობა ცხოვრობს კანონმდებლობით, რომელშიც ევროკავშირის კანონმდებლობის თითქმის ნახევარი უკვე ინტეგრირებულია. ყველა მიმართულებით. სინამდვილეში ეს არის ჩვენი ნახტომი. ვიზალიბერალიზაცია, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება არის ჩვენი ნახტომი”, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველო დღეს უფრო ახლოსაა ევროკავშირთან, ვიდრე მოლდოვა, უკრაინა და ბოსნია და ჰერცოგოვინა. ამასთან, მან აღნიშნა, რომ გადამწყვეტია არა ის, თუ როდის დაიწყება პროცესი და როდის გაიხსნება მოლაპარაკებები, არამედ ის, თუ როდის დასრულდება.
“მნიშვნელოვანი ის კი არ არის, რომ მოლაპარაკება გაწევრიანებასთან დაკავშირებით პირობითად, დაიწყება 2024-25 წლებში, მნიშვნელოვანია, როდის დამთავრდება. ამიტომ არის მნიშვნელოვანი მუშაობა იმ საკითხებზე, რომელზეც სამწუხაროდ, ოპოზიცია არ მუშაობს პარლამენტში, რაზეც ჩვენ გვიწევს მარტო მუშაობა. ოპოზიცია და გარკვეული ჯგუფი, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციები, ჩაციკლულია რამდენიმე მყვირალა თემაზე. სხვა უამრავი საკითხია მოსაწესრიგებელი და სამსჯელო. ჩართულობა ოპოზიციის მხრიდან არის ნულოვანი. უმრავლესობას მარტო უწევს მუშაობა”, - აღნიშნა პაპუაშვილმა.