“ჩვენ გუშინ ვნახეთ რუსთავის მერის ბრიფინგი და უპრეცედენტო გადაწყვეტილება, როდესაც, იმის გამო. რომ რუსთავის საკრებულომ რუსთაველების ინტერესში განიხილა გარკვეული საკითხები, აღმასრულებელმა ხელისუფლებამ სასამართლოში უჩივლა მას”, - ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” დეპუტატი ბექა ლილუაშვილი საუბრობს.
“საკრებულომ რუსთაველების ინტერესებში, ინფრასტრუქტურის კომისიის ფარგლებში განიხილა და მერიას უკან დაუბრუნა შემდეგი საკითხები:
დეველოპერული კომპანია “არქის” მიერ 12 კორპუსის მშენებლობაზე და K2 კოეფიციენტის გაზრდის მოთხოვნა, როდესაც მისი დათვლის წესი ისედაც დარღვეული ჰქონდათ;
შპს “ელიტა ბილდინგის” მოთხოვნა, ასევე K2 კოეფიციენტის გაზრდაზე და 4-სართულიანი კორპუსის ნაცვლად 16 სართულიანი კორპუსის მშენებლობაზე;
“ნიუ დეველოპერის” მოთხოვნა 7 სართულიანის ნაცვლად, 12 სართულიანი კორპუსის მშენებლობაზე”, - აცხადებს ბექა ლილუაშვილი.
მისი თქმით, აღნიშნული პროექტების საკრებულოს მიერ მერიისთვის დაბრუნება რუსთაველების ინტერესებს ემსახურება, თავად რუსთავის მერია კი მოქალაქეების ინტერესებს არ იცავს.
“ამ პირდაპირ პოლიტიკურ კორუფციასთან დაკავშირებული მავნებლური პრაქტიკის უკან დაბრუნების გამო, აღმასრულებელმა ხელისუფლებამ სასამართლოში უჩივლა საკრებულოს. მაინტერესებს, რა ინტერესები იყო ჩადებული K2 კოეფიციენტის გაზრდაში.
15 000 ლარით რომ დააჯარიმა რუსთავის მერიამ დამრღვევი კომპანია, რომელმაც ამ დარღვევით მიიღო 1.5 მილიონზე მეტი უკანონო შემოსავალი, ეს არის რუსთაველების ინტერესი? თუ ის იყო მიზანი, რომ გაზრდილი K2 კოეფიციენტით დევნილები დაკმაყოფილდებოდნენ რუსთავში საცხოვრისით?!
ამის ნაცვლად, როგორ ითვალისწინებს “ოცნება” მოსახლეობის ინტერესებს, ბენზინის ტაბლოზეც ვხედავთ, 3 ლარს და 30 თეთრს გადასცდა ყველაზე იაფიანი ბენზინის ფასი.
უარს ეუბნებით ყველა იმ ინიციატივას, რომელიც პირდაპირ ემსახურება ამ ქვეყნის ინტერესებს, 15-ჯერ არის გადატანილი ჩვენ მიერ ინიციირებული ერთ-ერთი კანონპროექტი”, - აცხადებს ბექა ლილუაშვილი.
რუსთავის მერია საინვესტიციო პროექტების შეფერხების ბრალდებით ქალაქის საკრებულოს სასამართლოში უჩივის