უმნიშვნელოვანესი შეხვედრა, რომელიც გაიმართება, ეს არის ევროპარლამენტის პრეზიდენტთან ქალბატონ მეცოლასთან, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ბრიუსელში განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად ვიზიტით იმყოფება.
მისი თქმით, ეს შეხვედრა ახალ იმპულსს მოიტანს საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებში.
„გრძელდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბელგიის დედაქალაქში. ჩვენ ძალიან ნაყოფიერი და მნიშვნელოვანი დღე გვქონდა გუშინ. როგორც ცნობილია, საქართველოს პრემიერ-მინისტრი პირველი ოფიციალური ვიზიტით ჩამობრძანდა ბრიუსელში. გაიმართა შეხვედრები ევროკავშირის შესაბამის პირებთან, გაიმართა უმნიშვნელოვანესი პლატფორმის შეხვედრა, ეს არის საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭო, რომელიც მთავარი მექანიზმია ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობის. დღეს უკვე პრემიერ-მინისტრი გააგრძელებს ამ შეხვედრებს და უმნიშვნელოვანესი შეხვედრა, რომელის გაიმართება, ეს არის ევროპარლამენტის პრეზიდენტთან ქალბატონ მეცოლასთან. დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეხვედრა ახალ იმპულსს მოიტანს ამ ურთიერთობებში. წლის განმავლობაში ჩვენ გვექნება შემდგომი თანამშრომლობა და სწორედ ამ შეხვედრით მოხდება კონკრეტული საკითხების თუ პრიორიტეტების იდენტიფიცირება შემდგომი თანამშრომლობის თვალსაზრისით.
ასევე დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიიღებს მონაწილეობას ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში. ეს არის ერთ-ერთი მთავარი მექანიზმი ნატო-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის, როგორც ევროკავშირის, ისე ნატოს მიმართულებით. ჩვენ გვაქვს ძალიან ცალსახა პოლიტიკური პრიორიტეტები, რომელიც არის ჩვენი კონსტიტუციური ნორმა, კონსტიტუციური რეგულაციით, ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირველი ოფიციალური ვიზიტი პრემიერ-მინისტრის ერთი მხრივ ევროინტეგრაციის მიმართულებაზეა ფოკუსირებული, ხოლო მეორე მხრივ ნატო-საქართველოს თანამშრომლობის გაღრმავებაზე და გაძლიერებაზე“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.