„ჩვენ გვსურს, რომ ეს ვალდებულებები შესრულდეს” - ამის შესახებ "ევროსკოპის" კითხვის პასუხად ევროკომისიის პრესსპიკერმა შიბონ მაკგარმა სანქციების 21-ე პაკეტზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ყულევის ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის მფლობელებთან მიმდინარეობს დისკუსიები.
"სანქციების ამ პაკეტში ჩვენ შევიტანეთ წინადადება ყულევის სანქციების სიაში დამატების შესახებ. როგორც იცით, მიმდინარეობს დისკუსიები გადამმუშავებელი ქარხნის მფლობელებთან, რომლებმაც აიღეს ვალდებულება, რომ მოახდენენ დივერსიფიკაციას და უარს იტყვიან რუსულ ნავთობზე. ჩვენ გვსურს, რომ ეს ვალდებულებები შესრულდეს. სწორედ ამიტომ, დავუშვით 6-თვიანი გადავადება, რათა მფლობელებს მიეცეთ საშუალება, ჩამოშორდნენ რუსულ ნავთობს. თუ კომისია მიიჩნევს, რომ ეს ვალდებულებები შესრულდა, ყულევი აღარ იქნება სიაში. ხოლო თუ ვალდებულებები არ შესრულდება, საბჭოს შევთავაზებთ, რომ ის დარჩეს სანქცირებულთა სიაში", - აღნიშნა მან.
რას ნიშნავს 6-თვიანი ვადა?- EU-ს პასუხი BMG-ის ყულევის ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის საკითხზე
რაც შეეხება საქართველოში რეგისტრირებული კრიპტოკომპანიების სანქცირების საკითხს, ევროკომისიის პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ სანქცირებულთა სიაში შეყვანილია ის პლატფორმები, რომლებიც სანქციებისთვის გვერდის ავლისთვის გამოიყენებოდა.
"ხელთ არ მაქვს ზუსტი ციფრები ქართული კრიპტოკომპანიების რაოდენობაზე, რომლებიც ამ პაკეტში მოხვდნენ. პრეს-რელიზში აღნიშნულია სულ 14 პლატფორმა, რომელთა შორის ნაწილი ქართულია. რა შევთავაზეთ ამ პაკეტით კრიპტოს მიმართულებით... ინდივიდუალური სანქციები - ინდივიდუალურად შევიყვანეთ სიაში გარკვეული პლატფორმები, რომლებიც სისტემატურად გამოიყენებოდა სანქციებისთვის გვერდის ავლისა და რუსეთის მიერ თანხების გადასარიცხად. ჩვენ გვსურს, წერტილი დავუსვათ ასეთ ქმედებებს", - აღნიშნა მან.
კრიპტოკომპანიები საქართველოდან, რომლებიც EU-ს სანქციების 21-ე პაკეტში მოხვდნენ - რა ვიცით?
გარდა ამისა, პრესსპიკერმა განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ 21-ე პაკეტში ჩადებულია ახალი ზომებიც, რომლითაც ევროკავშირი სანქციების მომდევნო პაკეტში სანქცირებულთა სიაში ქვეყნების შეყვანასაც განიხილავს.
„გარდა ამისა, ჩვენ ასევე დავამატეთ ახალი ზომა, რომელიც მოგვცემს საშუალებას, მოგვიანებით სიაში შევიყვანოთ ისეთი ქვეყანა, სადაც, ჩვენი დაკვირვებით, უფრო სისტემურად არის განთავსებული კრიპტოპლატფორმები, რომლებიც სანქციების გვერდის ავლით გამოიყენება; და ჩვენ შევძლებთ წარვადგინოთ წინადადება ამ ქვეყნისთვის ტრანზაქციების აკრძალვის შესახებ.
შესაბამისად, ის მოიხსნება [SWIFT-ის სისტემიდან]. ასე რომ, ეს, რა თქმა უნდა, საკმაოდ ძლიერი შემაკავებელი ინსტრუმენტი იქნება, რაც სწორედ ის არის, რისი მიღწევაც გვსურს. ჩვენ გვსურს ქცევის ცვლილება ვიხილოთ.
ასე რომ, ეს მექანიზმი ჯერ არცერთი კონკრეტული მესამე ქვეყნის წინააღმდეგ არ ამოგვიქმედებია, თუმცა იგი შევიტანეთ პაკეტში და მზად ვართ გავააქტიუროთ საჭიროების შემთხვევაში. რასაკვირველია, ჩვენ არ ვამოწმებთ ან ვუსაფრდებით რომელიმე კონკრეტულ ქვეყანას, თუმცა მინდა ყურადღება გავამახვილო იმ ფაქტზე, რომ ძალიან აქტიურები ვიყავით სანქციების ყველა პაკეტში და თითოეულ მათგანში ვაძლიერებდით ზომებს იმ ფინანსური ინსტიტუტებისა და კრიპტოპროვაიდერების წინააღმდეგ, რომლებიც ჩვენი სანქციებისთვის გვერდის ავლისთვის გამოიყენება. ასე რომ, ვვარაუდობ, რომ ჩვენი 22-ე პაკეტი კვლავ გააგრძელებს „ჭანჭიკების კიდევ უფრო მოჭერას“, რათა ვიხილოთ ქცევის ცვლილება", - განაცხადა მან.




























