ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ნონა წოწორია მიიჩნევს, რომ ვიზალიბერალიზაციამ საქართველოს მოსახლეობას მისცა საშუალება, დაენახათ, რა სიკეთეების მოტანა შეუძლია ქვეყნის ევროპულ ოჯახში დაბრუნებას. ამის შესახებ წოწორიამ BMGTV-ის გადაცემა "წერტილში", ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერების პერსპექტივის შეფასებისას ისაუბრა.
"ვიზალიბერალიზაცია არის პრივილეგია, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდათ იმ დემოკრატიული პროცესებისთვის, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ქვეყანაში მიმდინარეობდა. ეს იყო კულმინაცია, რომელიც ევროპამ მოგვცა და ამით ისარგებლა უამრავმა ადამიანმა, იქნებოდა ეს განათლებისთვის, შემოსავლის მისაღებად, სიცოცხლის დასაცავად თუ ა.შ.
ბუნებრივია, ეს ასევე მნიშვნელოვანი იყო იმისთვის, რომ საქართველოს მოსახლეობას დაენახა, თუ რას ნიშნავს ევროპული ცხოვრება, რისკენ მივდივართ და რატომ გვინდა, რომ დავბრუნდეთ ჩვენს კუთვნილ ევროპულ ოჯახში. ამიტომ ერთი საზომით ამ ყველაფრის გაზომვა შეუძლებელია, ეს იყო ჩვენთვის ქართველებისთვის ვიზუალურად დანახული ჩვენი მომავალი ცხოვრების პერსპექტივა. ამიტომ უამრავი ადამიანი გვყავს, რომელმაც უბრალოდ თავი გადაირჩინა პირდაპირი მნიშვნელობით, ან ოჯახი გადაარჩინა შიმშილს და უიმედობას. ჩვენ გვყავს ახალგაზრდა თაობა, რომელიც ვერასდროს ვერ შეძლებდა დასავლური განათლების მიღებას, დასავლეთში მოგზაურობას, რომ არა ეს პერსპექტივა, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისთვის გაიხსნა", - ამბობს ნონა წოწორია "წერტილში" სტუმრობისას.
ვიზალიბერალიზაციის სავარაუდო შეჩერებაზე საუბრისას ნონა წოწორია იმ დათქმებს იხსენებს, რომლებიც ევროკავშირმა საქართველოს ჯერ კიდევ 2023 წელს წარუდგინა. მისი შეფასებით, ფაქტი, რომ ხელისუფლება არ ასრულებს აღნიშნულ პირობებს და ევროკავშირის მიმართ აღებულ ვალდებულებებს, ცხადყოფს, რომ ეს ყველაფერი მიზანმიმართულად კეთდება, რათა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი არ განახლდეს.
"ამ [ევროკავშირის] პირობებს შორის საკვანძოდ შეიძლება გამოვყოთ ადამიანის უფლებები და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა. ამიტომ როცა ვლაპარაკობთ ვიზალიბერალიზაციის სავარაუდო შეჩერებაზე, ბოლოს გამოქვეყნებულ შეფასების დოკუმენტში ვნახავთ, რომ ეს ორი კომპონენტი არის გამოყოფილი, როგორც ძალიან ფუნდამენტური ორი საკითხი, რომლებიც საქართველოს 2023 წელსაც ჰქონდა ევროპისგან გამოგზავნილი. ჩვენ უნდა დაგვეკმაყოფილებინა ცხრა პირობა, ამათგან ერთ-ერთი იყო კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა იმისთვის, რომ ევროინტეგრაციის პროცესში უფრო წინ წავსულიყავით. სამწუხაროდ, ჩვენ ეს ვერ მოვახერხეთ და, არა თუ ინტეგრაციის პროცესი არის შეჩერებული, არამედ ახლა ვართ იმ კონდიციაში, როდესაც შესაძლებელი არის, რომ ვიზალიბერალიზაციაც შეჩერდეს.
მე პირდაპირ გეტყვით, შეიძლება ეს ძალიან უხეშად ჟღერდეს, მაგრამ ისეთი განცდა მაქვს, რომ ყველაფერი ხდება მიზანმიმართულად იმისთვის, რომ ევროინტეგრაციის პროცესი, რომელიც შეჩერებულია, არ განახლდეს. მე სხვა დასკვნის გაკეთების შესაძლებლობა, სამწუხაროდ, არ მაქვს, იმიტომ, რომ, თუ მაგალითად იგივე კორუფციაზე ვისაუბრეთ, ქვეყანას ჯერ კიდევ არ აქვს ანტიკორუფციული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. ეს უკვე არის ისეთი დონის გამოწვევა, რომელიც პირადად ჩემთვის, არ ტოვებს არანაირ ეჭვს იმისას, რომ მთლიანად ამ ე.წ. ხელისუფლების კურსი არის აღებული ევროპული გზიდან საქართველოს ჩამოშორებისკენ. ამას თვითონაც ამბობენ, უკვე აღარც მალავენ, თუ ადრე ეს იყო შეფარული ფორმით, ახლა ხდება პირდაპირ მიზანმიმართულად და მათ შორის იმ დეზინფორმაციული კამპანიის ფონზე, რაც მიმდინარეობს მათი წარმომადგენლების მხრიდან. ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი ყველასთვის უკვე ცხადი უნდა იყოს, რომ ხელისუფლებაში მყოფმა ადამიანებმა, რომელიც საზოგადოების მცირე ჯგუფს წარმოადგენენ, მოახდინეს ძალაუფლების უზურპაცია ისე, რომ ქართველი ხალხის ნება ამ ეტაპზე მთლიანად არის უგულებელყოფილი", - განაცხადა ნონა წოწორიამ.




























