სტუდენტთა კვოტების ახალი განაწილება არა სწავლების ხარისხის ამაღლებას, არამედ უმაღლესი სასწავლებლების სრულ ფინანსურ და იდეოლოგიურ დამორჩილებას ემსახურება - ამის შესახებ BMG-სთან განათლების ექსპერტი ლიკა ღლონტი საუბრობს.
მისი თქმით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართ განხორციელებული ქმედებები პირდაპირი გზავნილია, რომ „უნივერსიტეტი უქმდება“, რაც “შურისძიებაა თავისუფალი აზრის წინააღმდეგ”.
ლიკა ღლონტი მიიჩნევს, რომ ილიაუნისთვის კვოტების დრამატული შემცირება შემთხვევითობა არ არის და პირდაპირ კავშირშია უნივერსიტეტის აკადემიურ თავისუფლებასთან.
“ეს არის ძალიან მკაფიო გზავნილი, რომ უბრალოდ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი უქმდება. ეს არის მთავარი შედეგი ამ რეფორმისა და, როგორც ვფიქრობ, ალბათ ერთ-ერთი მთავარი მიზანიც ეს იყო - რომ განათლებისა და მეცნიერების ეს კერა გაენადგურებინათ. ილიას უნივერსიტეტი იყო არა მარტო ერთ-ერთი საუკეთესო კვლევითი უნივერსიტეტი, არამედ იყო ნამდვილად თავისუფალი აზრის ფორმირების უმნიშვნელოვანესი კერა თანამედროვე საქართველოში. ამას კი, ავტორიტარული რეჟიმები ვერ იტანს. ასე რომ, ეს სრულიად ბუნებრივი და მოსალოდნელი იყო“, - ამბობს ლიკა ღლონტი BMG-სთან.
განათლების სპეციალისტი ეჭვქვეშ აყენებს ხელისუფლების არგუმენტს, თითქოს რეფორმა ხარისხის გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული. მისი თქმით, სტუდენტების ხელოვნური კონცენტრაცია რამდენიმე სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლების ხარისხს კატასტროფულად გააუარესებს.
„როგორ შეიძლება, მაგალითად, გაუმჯობესდეს ხარისხი, როდესაც თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტს ერთდროულად 1800 პირველკურსელი ეყოლება ბიზნესის ადმინისტრირებაზე? თქვენ წარმოგიდგენიათ 1800 პირველკურსელთან ხარისხიანი საგანმანათლებლო პროცესის მართვა უნივერსიტეტში, რომელსაც ამის რესურსი უბრალოდ არა აქვს? როგორი იქნება წარმატებული და ხარისხიანი სამედიცინო განათლება, როდესაც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს გაუორმაგდა კვოტა? ამდენი კლინიკური ადგილი აქვთ მათ, რომ ხარისხიანი განათლება უზრუნველყონ ასეთი გაზრდილი რაოდენობისთვის?“
მისივე შეფასებით, სოხუმისა და ზუგდიდის უნივერსიტეტებისთვის მაგისტრატურის პროგრამების წართმევა პოლიტიკური ნაბიჯია.
„ძალიან დაგვეჩაგრა ზუგდიდის და სოხუმის უნივერსიტეტები. მათ მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებიც კი აღარ აქვთ. ეს არის პოლიტიკური საკითხი, იმიტომ, რომ ზუგდიდი იყო ის ადგილი, სადაც შემოდიოდნენ გალიდან ქართველი სტუდენტები და ახლა მათ არჩევანი შეუმცირდათ ძალიან მკვეთრად. სოხუმის უნივერსიტეტი კი იყო დევნილი უნივერსიტეტი, რომელსაც სულ სხვა სტატუსი და დატვირთვა ჰქონდა. ამ უნივერსიტეტის გამოშიგვნა, მისთვის პროგრამების წართმევა და პედაგოგიკაზე მისი დაყვანა ნიშნავს უბრალოდ იმას, რომ ჩვენ ხელმეორედ ჩავაბარეთ სოხუმი მტერს”, - აცხადებს ლიკა ღლონტი და აღნიშნავს, რომ პროცესები მხოლოდ სახელმწიფო უნივერსიტეტებით არ შემოიფარგლება და მალე კერძო სექტორსაც შეეხება, რაც საბოლოოდ ქართული განათლების სისტემის სრულ იზოლაციას გამოიწვევს.
მთავრობამ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში 2026-2027 სასწავლო წლისთვის მისაღები სტუდენტების რაოდენობის შესახებ დადგენილება გამოაქვეყნა. დადგენილების თანახმად, ილიაუნი საბაკალავრო პროგრამებზე ჯამში მხოლოდ 300 სტუდენტს, ხოლო სამაგისტრო პროგრამებზე 60 სტუდენტს მიიღებს. უნივერსიტეტში მისაღები სტუდენტების კვოტა დაახლოებით 14-ჯერ შემცირდა.




























