Galt&Tagart-ის მონაცემებით,2025 წლის მდგომარეობით, საქართველოს უნივერსიტეტებში 44,400 უცხოელი სტუდენტი სწავლობდა, საიდანაც 7,545 სახელმწიფო უნივერსიტეტებში ეუფლებოდა განათლებას.
საინვესტიციო ბანკის შეფასებით, განათლების რეფორმის ფარგლებში საჯარო უნივერსიტეტებში უცხოელი სტუდენტების მიღების შეზღუდვა ამცირებს საჯარო უნივერსიტეტების შემოსავლის ერთ-ერთ წყაროს, თუმცა უცხოელი სტუდენტების რაოდენობიდან გამომდინარე პირდაპირი ფინანსური გავლენა შეზღუდულია, რასაც უმაღლესი განათლების ექსპერტების ნაწილი არ ეთანხმება.
“კერძო უნივერსიტეტებშია საერთაშორისო სტუდენტების დიდი უმრავლესობა თავმოყრილი. კვლევაშიც, როგორც ნახსენები იყო, დაახლოებით 45 000 საერთაშორისო სტუდენტი არის ქვეყანაში, თუმცა ასევე აღნიშნული იყო, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებში მათი რაოდენობა მხოლოდ 8 000-მდეა და თითქოს ამას დიდი გავლენა არ უნდა ჰქონდეს სახელმწიფო სექტორზე, როდესაც განათლების რეფორმის ფარგლებში იზღუდება საერთაშორისო სტუდენტების მიღების შესაძლებლობა, თუმცა ეს არ არის მთლად სწორი ინტერპრეტაცია.
როდესაც კერძო უნივერსიტეტებში იზრდება სტუდენტების რაოდენობა, იქიდან მიღებული შემოსავალი ძირითადად მიდის მოგებაში - რა თქმა უნდა სექტორის განვითარებაშიც, თუმცა მოგებაში ძალიან დიდი მარჟა არსებობს უმაღლესი განათლების სექტორში. ძალიან მწირ დაფინანსების პირობებში, რომელშიც ფუნქციონირებენ სახელმწიფო უნივერსიტეტები, საერთაშორისო სტუდენტების რაოდენობა და მათ მიერ შემოტანილი დაფინანსება არის ძალიან მნიშვნელოვანი და ისინი ძალიან დიდ დეფიციტს და დანაკლისს, რაც სახელმწიფო უმაღლესი განათლების სისტემაში არსებობს, მნიშვნელოვნად ფარავენ.
ასევე აღსანიშნავი არის ის, რომ აი ამ დაახლოებით 8 000-მდე საერთაშორისო სტუდენტების უდიდესი წილი მოდის სამედიცინო უნივერსიტეტზე, რომელსაც მნიშვნელოვნად ეზღუდება ეხლა უკვე საერთაშორისო სტუდენტების მიღების შესაძლებლობა და თითქოს ალტერნატივად რეფორმის ფარგლებში დანახული იყო ის, რომ გაიზრდებოდა დაფინანსება სექტორის და სახელმწიფო დააფინანსებდა, თუმცა ბოლო ვერსია, რაც არსებობს განათლების დაფინანსების მოდელის, პირვანდელი ვერსიით სამედიცინო მიმართულებებზე თუ გათვლილი იყო დაახლოებით 4 000-დან 6 000 ლარამდე ერთ სტუდენტზე რა უნდა ყოფილიყო გამოყოფილი, ამ მოდელის მიხედვით ეს დაფინანსება არის თითქმის ნახევარი - ანუ 3 500 ლარი არის გამოყოფილი. შესაბამისად, ის მოდელი, რომელიც ბოლო ვერსიით არსებობს, იმ დანაკლისს ნაკლებად შეავსებს, რაც უნივერსიტეტებს ჰქონდათ საერთაშორისო სტუდენტებიდან მიღებული შემოსავლით”,-აცხადებს ქეთი ცოტნიაშვილი.
აღსანიშნია, რომ ბოლო 6 წელიწადში განათლების სექტორის შემოსავლები გაიზარდა და 4,3 მილიარდ ლარს მიაღწია, მისი წილი კი ეკონომიკაში ამ პერიოდში 4,5%-დან 6.4%-მდე გაიზარდა. უმაღლესი სასწავლებლების შემოსავლები 2019-25 წლებში ძირითადად უცხოელი სტუდენტების ხარჯზე საშუალოდ წლიურად 11.5%-ით იზრდებოდა და 2025 წელს 1.3 მილიარდ ლარს მიაღწია. აღნიშნულ პერიოდში უცხოელი სტუდენტების რაოდენობა გასამმაგდა და 44 ათასს მიაღწია, რის შედეგადაც მათი წილი სტუდენტთა მთლიან რაოდენობაში 19.8%-მდე გაიზარდა, რაც საინვესტიციო ბანკის შეფასებით, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ნიშნულია მსოფლიოში.
გალტ&თაგარტის კვლევის თანახმად, 2025 წლის მდგომარეობით, უცხოელი სტუდენტების 83% კერძო უნივერსიტეტებში სწავლობს. გალტ&ტაგარტის კვლევის თანახმად 2025 წლის მდგომარეობით, უცხოელი სტუდენტების საერთო რაოდენობის [44,4 ათასი] 53.8% ინდოელი სტუდენტები არიან, თუმცა, მზარდია ინტერესი ახლო აღმოსავლეთისა და სხვა რეგიონების მხრიდან. აღსანიშნია, რომ ინდოელი სტუდენტების მკვეთრი ზრდა გამოიწვია ომის დაწყების შემდეგ უკრაინიდან და რუსეთიდან სტუდენტების რელოკაციამ, რისი გავლენით 2022-23 წლებში მათი რაოდენობა 49%-ით, 13 100-მდე გაიზარდა.




























