მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კვოტები უცხოელ სტუდენტებზე, ჯარიმები უნივერსიტეტებს - მთავრობა უცხოელ სტუდენტთა მიღების წესებს ამკაცრებს | კანონპროექტი

უცხოელი სტუდენტები

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოამზადა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა საქართველოში ყოფნის, სწავლების, ბინადრობისა და მიგრაციის პროცესების რეგულირების ახალ წესებს აწესებს. უწყების განცხადებით, ცვლილებების მიზანია მიგრაციული პროცესების მართვის ეფექტიანი მექანიზმების შექმნა და სახელმწიფო უსაფრთხოების გაძლიერება. ახალი საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

ცვლილებების მნიშვნელოვანი ნაწილი უცხოელი სტუდენტების მიღების წესებს ეხება. კანონპროექტის მიხედვით, უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვის მსურველ უცხოელებს დამატებითი მოთხოვნების დაკმაყოფილება მოუწევთ. მათ შორისაა საერთაშორისო ენობრივი სერტიფიკატის წარდგენა ან ეროვნული შეფასებისა და გამოცდების ცენტრის (NAEC) მიერ ორგანიზებული უცხო ენის ან სახელმწიფო ენის გამოცდის ჩაბარება. ინიციატორების განმარტებით, ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს ისეთი შემთხვევების პრევენციას, როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქე ფორმალურად ირიცხება სასწავლებელში, თუმცა რეალურად სასწავლო პროცესში არ მონაწილეობს.

ამავე ცვლილებებით, საქართველოს მთავრობა საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის უცხოელი სტუდენტების მიღების მაქსიმალურ კვოტებს დაადგენს. გარდა ამისა, უნივერსიტეტები და პროფესიული სასწავლებლები ვალდებული იქნებიან, უცხოელი სტუდენტების ჩარიცხვის, სტატუსის შეჩერების, შეწყვეტის, აღდგენის, მობილობისა და სწავლის დასრულების შესახებ ინფორმაცია ერთიან საინფორმაციო სისტემაში ასახონ, რომელზეც შესაბამის სახელმწიფო უწყებებს ექნებათ წვდომა.

BMG-მ განათლების სამინისტროს მიმართა კითხვით შეეხება თუ არა ეს ინიციატივა კერძო უმაღლეს სასწავლებლებსაც, სამინისტროს პასუხის თანახმად, ეს ინიციატივა არ შეეხება კერძო უმაღლეს სასწავლებლებს.

კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს სანქციებს საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის, რომლებიც უცხოელი სტუდენტების აღრიცხვის წესებს დაარღვევენ. პასუხისმგებლობის ზომებს შორის იქნება როგორც ფინანსური ჯარიმა, ისე უცხოელი სტუდენტების მიღების შეზღუდვა და ავტორიზაციის გაუქმება.

ცვლილებები სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის წესსაც ეხება. პროექტის თანახმად, სრულწლოვან უცხოელზე სასწავლო ბინადრობის ნებართვა მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიცემა, თუ ის ავტორიზებულ უმაღლეს ან პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლობს. ამასთან, განისაზღვრება ნებართვის გაუქმების საფუძვლები, მათ შორის აკადემიური მოთხოვნების შეუსრულებლობა, შრომითი საქმიანობის პირობების დარღვევა ან საქართველოს ტერიტორიაზე კანონით განსაზღვრული ვადით ფაქტობრივად არყოფნა.

საკანონმდებლო პაკეტი ცვლის ბინადრობის ნებართვის გაცემის წესებს საქართველოს მოქალაქესა და უცხოელს შორის ქორწინების შემთხვევაშიც. შემოდის ბინადრობის ახალი კატეგორია — საქართველოს მოქალაქის მეუღლის ბინადრობის ნებართვა, რომელიც მუდმივი ცხოვრების ნებართვის მიღებამდე გაიცემა. ნებართვის გაცემამდე კი სპეციალური კომისია ქორწინების ნამდვილობას შეამოწმებს.

კანონპროექტი ასევე ფიქციური ქორწინების საკითხს არეგულირებს. ცვლილებების თანახმად, საქართველოს მოქალაქესა და უცხოელს შორის ქორწინება, რომელიც მოქალაქეობის, ბინადრობის ნებართვის ან ქვეყანაში კანონიერად ყოფნის სხვა საფუძვლის მოპოვებას ემსახურება, სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდება. შესაძლო სანქციებს შორისაა ჯარიმა, შინაპატიმრობა ერთიდან ორ წლამდე, თავისუფლების აღკვეთა ორ წლამდე, ასევე უცხოელის საქართველოდან გაძევება და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა ორიდან ათ წლამდე ვადით.

კანონპროექტი ეხება უცხოელი მსჯავრდებულების საკითხსაც. ცვლილებების მიხედვით, გარკვეულ შემთხვევებში შესაძლებელი იქნება სასჯელის მოუხდელი ნაწილის შეცვლა საქართველოდან გაძევებითა და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვით.

უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელების უფლებამოსილება მიენიჭება. ამასთან, იცვლება სასამართლო სამართალწარმოების წესებიც — მცირდება გადაწყვეტილებების გასაჩივრების ვადები, დგინდება საქმეების განხილვის შემჭიდროებული ვადები და რიგ შემთხვევებში შესაძლებელი ხდება საქმეების ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კანონპროექტი იუსტიციის სამინისტროსა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან კოორდინაციით მომზადდა და მისი მიზანია თანამედროვე მიგრაციულ გამოწვევებზე რეაგირება, ასევე უცხოელთა საქართველოში ყოფნის რეგულირების უფრო ეფექტიანი, გამჭვირვალე და უსაფრთხო სისტემის ჩამოყალიბება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები