მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მეტი ყურადღებაა გასამახვილებელი დივერსიფიკაციაზე, რათა ინდოეთის გარდა, სხვა ქვეყნებიდანაც მოვიზიდოთ სტუდენტები" - თათია მამრიკიშვილი

თათია მამრიკიშვილი

"უმაღლესი განათლების სექტორის ზრდა კერძო უნივერსიტეტებმა განაპირობა უცხოელი სტუდენტების ხარჯზე", - ამის შესახებ Galt&Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის სექტორის უფროსმა თათია მამრიკიშვილმა "საქმიან დილაში" ისაუბრა.

ცნობისთვის, Galt&Taggart-ის მიერ მომზადებული განათლების სექტორის მიმოხილვის თანახმად, უმაღლესი განათლების სექტორის შემოსავლები 2019-25 წლებში საშუალოდ 11.5%-ით გაიზარდა და 2025 წელს 1.3 მილიარდ ლარს მიაღწია.

"მოგეხსენებათ, ბოლო წლებში უცხოელი სტუდენტების რაოდენობა გასამმაგდა. დღესდღეობით 44 000 უცხოელი სტუდენტი სწავლობს საქართველოში. ეს არის ჯამური სტუდენტების დაახლოებით 19-20%. ისინი ძირითადად უპირატესობას ანიჭებენ კერძო უნივერსიტეტებს, რამაც გამოიწვია კერძო უნივერსიტეტების შემოსავლების ზრდა 2019-25 წლებში.

უცხოელი სტუდენტების წილის მაჩვენებლით მსოფლიოში ვართ ერთ-ერთი მოწინავე, ანუ დიდი ბრიტანეთია ერთ-ერთი, ვისაც ჩვენზე მაღალი მაჩვენებელი აქვს, თუმცა ჩვენთან განსხვავება ის არის, რომ მაღალია კონცენტრაცია როგორც გეოგრაფიული თვალსაზრისით, ისე პროგრამების თვალსაზრისით. ანუ ამ სტუდენტებიდან ნახევარზე მეტი ძირითადად არიან ინდოელი სტუდენტები, თუმცა სხვა ქვეყნებიდანაც მზარდია ინტერესი, მათ შორის ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდანაც. და ძირითადად ირჩევენ სამედიცინო, ჯანდაცვის პროგრამებს. შესაბამისად, ჩვენი ერთ-ერთი რეკომენდაცია სექტორისთვის ეს იყო, რომ საშუალო და გრძელ პერიოდში დივერსიფიკაცია, როგორც პროგრამული, ისე გეოგრაფიული თვალსაზრისით, იქნება მნიშვნელოვანი", - განაცხადა თათია მამრიკიშვილმა.

Galt&Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის სექტორის უფროსმა უცხოელი სტუდენტების კვოტირების შესახებ მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამას ექნება როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი ეფექტიც.

სახელმწიფო უნივერსიტეტებში უცხოელი სტუდენტებისთვის 5%-იანი კვოტა შენარჩუნდება, კერძოებში გაიზრდება - მინისტრის მოადგილე

"უცხოელი სტუდენტების კოტირება საჯარო უნივერსიტეტებში, ვფიქრობთ, რომ დადებითია იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენი აზრით, საჯარო უნივერსიტეტები უნდა ემსახურებოდნენ ადგილობრივი მოსახლეობის კომპეტენციების ზრდას ისე, რომ შეესაბამებოდეს შრომის ბაზრის მოთხოვნებს, და როცა ვთქვათ უცხოელ სტუდენტებზე ხდებოდა საჯარო უნივერსიტეტებში გათვლა, ეს აკადემიური რესურსების, პერსონალის რესურსების შეზღუდვას იწვევდა ადგილობრივი სტუდენტებისთვის. თუმცა, რომ ვახსენოთ ობიექტურად, შემოსავლების თვალსაზრისით ეს საჯარო უნივერსიტეტებისთვის შეზღუდვაა, იმიტომ რომ იმ შემოსავლებს, რასაც იღებდნენ სასწავლებლები უცხოელი სტუდენტებისგან, ახლა ვეღარ მიიღებენ. თუმხა, აქაც უნდა ვთქვათ, რომ პირდაპირი ფინანსური ეფექტი ცოტა შეზღუდულია, ვინაიდან ჯამში 44 000 სტუდენტიდან მხოლოდ 7 000 სწავლობდა საჯარო უნივერსიტეტში", - აღნიშნა მამრიკიშვილმა "საქმიან დილაში".

კითხვაზე, როგორ შეიძლება უმაღლესი განათლების სექტორის ზრდა შენარჩუნდეს, Galt&Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის სექტორის უფროსმა აღნიშნა, რომ ზრდის პოტენციალი არის, თუმცა, საჭიროა დივერსიფიკაციაზე მუშაობა, რათა ინდოეთის გარდა, სხვა ქვეყნებიდანაც მოხდეს უცხოელი სტუდენტების მოზიდვა, ვინაიდან სწორედ უცხოელი სტუდენტების ხარჯზე გაიზარდა მეტწილად სექტორი.

"უმაღლესი განათლების მიმართულებით, რომ ბოლო წლებში ზრდადი დინამიკის მთავარი განმპირობებელი ფაქტორი იყო ინდოეთიდან სტუდენტების მზარდი ნაკადები. აქ რომ გავაანალიზოთ თუნდაც უცხოელების დასაქმების თვალსაზრისით, მოგეხსენებათ, ინდოელი სტუდენტები ადგილობრივად იყვნენ დასაქმებულები, მათ შორის საკურიერო მომსახურების თვალსაზრისით და ასე შემდეგ, ამით ხდებოდა სწავლის დაფინანსება, [უცხოელებს კურიერებად და ტაქსის მძღოლებად მუშაობა აეკრძალათ] ამან შეიძლება შეზღუდოს ის ზრდადი დინამიკა, რაც აქამდე იყო. ასევე ის უნდა ვახსენოთ, რომ რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ, ამ ზრდის ირიბი ეფექტი საქართველოში რელოკაციის ინდოელი სტუდენტების მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი ფაქტორი იყო.

ზრდის პოტენციალი არის, ჩვენი აზრით, თუმცა უფრო მეტი ყურადღება არის გასამახვილებელი დივერსიფიკაციის თვალსაზრისით, რათა სხვა ქვეყნებიდანაც მოვიზიდოთ სტუდენტები და არ ვიყოთ დამოკიდებული მხოლოდ ინდოეთზე", - განმარტა თათია მამრიკიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები