მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩვენ ხელს ვუწყობთ ბიზნესს, თუმცა შრომის უფლებების დაცვაც ძალიან მნიშვნელოვანია - ლევან დავითაშვილი 48-საათიან სამუშაო კვირაზე

ეკონომიკის მინისტრი

„ჩვენ ხელს ვუწყობთ ბიზნესს და მათი საქმიანობის გამარტივება ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ამავე დროს, შრომის უფლებების დაცვაც ძალიან მნიშვნელოვანია“, - ასე პასუხობს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი bm.ge-ის მიერ დასმულ კითხვას, რომელიც 48-საათიან სამუშაო კვირაზე სამი სექტორის დაბრუნებას შეეხებოდა.

საქმე ის არის, რომ ბიზნეს ასოციაცია ერთ წელზე მეტია ძველ რეჟიმზე დაბრუნებას ითხოვს. გასულ კვირაში გამართულ ინვესტორთა საბჭოს სხდომაზე BAG-მა კიდევ ერთხელ დააყენა საკითხი, რომ საცალო გაყიდვების, ჰორეკა და სამშენებლო სექტორში 48-საათიანი სამუშაო კვირა დაბრუნდეს. BM.GE დაინტერესდა, თუ რა ცვლილებას გეგმავს მთავრობა ამ მიმართულებით:

"აქ ორი საკითხი იყო, ერთი რომ დაწესდეს 48-საათიანი სამუშაო გრაფიკი, ან დაბრუნდეს რამდენიმე სექტორში, და მეორე იყო პროცედურული საკითხების გამარტივება, ზეგანაკვეთური მუშაობის შემთხვევაში უნდა მოხდეს პროცედურების გამარტივება და თუ დასაქმებული თანახმაა, მიეცემა შესაბამისი ანაზღაურება, უბრალოდ ბიზნესისთვის მოხდეს პროცედურების გამარტივება და ბიზნესს არ ჰქონდეს პრობლემა შრომის კანონმდებლობის დარღვევასთან დაკავშირებით. ეს ორი ოფციაა განსახილველი. ბიზნეს ასოციაციამ დასვა ეს საკითხები. ჩვენ გვყავს შრომის და ჯანმრთელობის დაცვის ახალი მინისტრი. არის გადაწყვეტილება, რომ სამინისტრო განიხილავს ამ ორ საკითხს და აისახება ერთი ან მეორე ვერსია აისახება კანონმდებლობაში", - თქვა ლევან დავითაშვილმა.

იურისტები განმარტავენ, რომ 48-საათიანი სამუშაო კვირის მქონე სექტორების ჩამონათვალში სამი დარგის დაბრუნება გაცილებით მარტივად შეიძლება დარეგულირდეს, მთავრობის დადგენილებით, გაცილებით ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურების საკითხისა, რაც შრომის კოდექსით რეგულირდება და ორგანულ კანონში ცვლილების შეტანას საჭიროებს. მიდგომას ლევან დავითაშვილი ასე აფასებს: „ერთია რა არის მარტივი და მეორეა, რა არის უფრო სამართლიანი. ჩვენ ხელს ვუწყობთ ბიზნესს და მათი საქმიანობის გამარტივება ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანაა, ეს არის სამინისტროს მიმართულება და პრიორიტეტი, თუმცა ამავე დროს, შრომის უფლებების დაცვაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ერთ ტექნიკური გადაწყვეტილება იყოს, შესაძლოა, უფრო სამართლიანი იყოს საკანონმდებლო ცვლილებებით სვლა. ძალიან მნიშვნელოვანია შევჯერდეთ შრომის პოლიტიკის განმსაზღვრელ უწყებასთან ერთად და ამის შემდეგ ავსახოთ პოლიტიკაში ეს გადაწყვეტილება".

შეგახსენებთ, გასული წლის იანვრიდან, მთავრობამ შეამცირა სპეციფიკური სამუშაოების ჩამონათვალი, რაც იმას ნიშნავს, რომ გარკვეულ დარგებში დასაქმებულებმა, კვირაში 40-ზე მეტი საათის მუშაობის შემთხვევაში, ყოველ გადაცილებულ საათზე უნდა მიიღონ ზეგანაკვეთური ანაზღაურება.

სიიდან დადგენილებით საერთო ჯამში 15 დარგია ამოღებული. მაგალითად, ეს შეეხო სამკერვალოებს, რესტორნებში დასაქმებულ პერსონალს, სასტუმროებს, სუპერმარკეტების კონსულტანტებს და ა.შ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები