მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჩვენ საქართველოს მიერ საერთაშორისო სანქციების დარღვევის ფაქტები არ გვაქვს“ – მაიკლ ჰონიგშტაინი

63e4d37cf0c3e
ელენე კვანჭილაშვილი
09.02.23 15:30
768
„მთავარი კითხვა ის კი არ არის, საქართველო აწესებს თუ არა ინდივიდუალურ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, არამედ – არის თუ არა ის ნაკლებად ან მეტად დამოკიდებული რუსეთზე“ – ამბობს საქართველოში აშშ–ის საელჩოს პოლიტიკური და ეკონომიკური მრჩეველი მაიკლ ჰონიგშტაინი ელენე კვანჭილაშვილის საავტორო გადაცემისთვის – „ანალიტიკა“ – მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში.

მაიკლ ჰონიგშტაინის თქმით, საკითხი არასდროს დამდგარა ასე – უნდა დაუწესოს თუ არა საქართველომ რუსეთს ინდივიდუალური სანქციები. „როგორც მეგობარს და პარტნიორს – შეერთებულ შტატებს ესმის ის სიტუაცია, რომელშიც საქართველოა. ეკონომიკურ ჭრილში, ჩვენ დიდი ხანია ვთანამშრომლობთ საქართველოსთან, რომ ის ნაკლებად დამოკიდებული იყოს რუსეთის ეკონომიკაზე. ამდენად მნიშვნელოვანი ტრაექტორია აქ ნაკლები დამოკიდებულებაა“, – ამბობს ჰონიგშტაინი.

ამერიკის საელჩოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ მრჩეველს მიაჩნია, რომ საქართველო რუსეთთან საზღვარზე ვაჭრობის კონტროლს სერიოზულად უნდა მოეკიდოს. „როდესაც საუბარია ექსპორტის კონტროლზე და საერთაშორისო სანქციებზე, უნდა გვესმოდეს, რომ ეს ყველგან ხდება – მაგალითად, მე ვერ ვიტყვი, რომ კონტრაბანდა ამერიკის შეერთებულ შტატებში არ შედის – ამდენად, მთავარია, რა მექანიზმები და რესურსი გაქვს, რომ მართო და აკონტროლო სიტუაცია და რამდენად სერიოზულად აღიქვამ ამ კონტროლის აუცილებლობას. ჩვენ საქართველოს საბაჟოსთან და შემოსავლების სამსახურთან დიდი ხნის თანამშრომლობა გვაკავშირებს, რომ მზაობა სწორედ ასეთი შემთხვევებისთვის იყოს“, – ამბობს ჰონიგშტაინი.

ამერიკის საელჩოს პოლიტიკური და ეკონომიკური მრჩევლის თქმით, საქართველოს მხრიდან საერთაშორისო სანქციების დარღვევის ფაქტები არ აქვთ. „იმდენად დიდი რაოდენობით საქონელი მოძრაობს საზღვარზე, რომ ყველაფრის გაკონტროლება პრაქტიკულად შეუძლებელია. საკვები და ჰუმანიტარული პროდუქცია სანქცირებული არ არის. ამდენად საზღვარზე ვაჭრობა აუცილებლად სანქცირებულ ვაჭრობას არ გულისხმობს. რაც საქართველომ უნდა გააკეთოს, ეს არის – კონტროლს სერიოზულად მოეკიდოს. ამ მიმართულებით საბაჟოსთან და შემოსავლების სამსახურთან აქტიურად ვმუშაობთ“, – ამბობს ჰონიგშტაინი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები