მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჩვენ საქართველოში ბიზნესის ოპტიმიზაციის ახალი ინსტრუმენტებით მოვდივართ" - სტარტაპი Epoint-ი

ჰასან ჰასანოვი

ჩვენ მოვდივართ საქართველოში უამრავი ახალი ტექნოლოგიით და ბიზნესის ოპტიმიზაციის ახალი ინსტრუმენტებით, - ამის შესახებ აზერბაიჯანული ელექტრონული კომერციის პლატფორმა Epoint-ის თანადამფუძნებელმა, ჰასან ჰასანოვმა BMG-ის ბაქოს ბიუროს განუცხადა. მისი თქმით, წლის ბოლომდე იგეგმება საქართველოს ბაზარზე შემოსვლა, რომელიც მათთვის აზერბაიჯანის შემდეგ, ოპერირების მეორე ქვეყანა იქნება.

„საქართველოში ამ დროისთვის წამყვან ბანკებთან გვაქვს მოლაპარაკებები, თუმცა, სახელს ვერ ვიტყვი. რაც შეეხება შეთავაზებებს, ჩვენ რომ საქართველოს ბაზარს შევთავაზოთ იგივე სერვისები, რომლებიც უკვე არის ამ ქვეყანაში, მაშინ ქართული მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ჩვენთან მუშაობა არ იქნება საინტერესო. ამიტომ ჩვენ მოვდივართ საქართველოში უამრავი ახალი ტექნოლოგიით და ბიზნესის ოპტიმიზაციის ახალი ინსტრუმენტებით, რომლებიც ნამდვილად კარგად მუშაობს აზერბაიჯანში. მაგალითად, ბევრ ბანკს არ აქვს ამდენი პროექტი მცირე და საშუალო ბიზნესთან. მათ უფრო დიდი მომხმარებლები აინტერესებთ, უფრო დიდი მოთამაშეები. ჩვენ ვხედავთ, რომ მცირე და საშუალო ბიზნესი უკან არის ჩამოტოვებული. ამიტომ ჩვენ ვთავაზობთ მათ, სამწუთიან ციფრულ გადაწყვეტას ქაღალდის საბუთების გარეშე, ქაღალდზე ხელმოწერის გარეშე და თქვენი რეგისტრაციის შემდეგ გადახდების მიღების შესაძლებლობას ყოველგვარი ტექნიკური ცოდნის ან რაიმე საბანკო გამოცდილების გარეშე. ჩვენთან სამუშაოდ მხოლოდ საგადასახადო მოწმობა და საბანკო ბარათია საჭირო, რა თქმა უნდა, ფულის გასატანად…“, - განაცხადა ჰასან ჰასანოვმა.

მისივე თქმით, მცირე და საშუალო ბიზნესს ოპერირებისთვის უამრავი მხარდაჭერა და რესურსი სჭირდება, რაც ზოგჯერ მათთვის დიდ დროს და ფინანსებს მოითხოვს. Epoint-ი კი სწორედ ასეთი გამოწვევების შემსუბუქებაში ეხმარება.

„წარმოიდგინეთ, თქვენ ხართ მცირე ან საშუალო ბიზნესი, რა გჭირდებათ ონლაინ გასაყიდად? ეს არის გადახდების მიღება, გჭირდებათ ვებსაიტი, შეიძლება დაგჭირდეთ მიმწოდებელი კომპანია თქვენი საქონლის მიწოდებისთვის, სასაწყობე ადგილი, IT მხარდაჭერა, იურიდიული მხარდაჭერა, ბუღალტრული აღრიცხვა და საგადასახადო მხარდაჭერა და სოციალური მედიის მარკეტინგი. ძალიან ბევრი რამ არის და ერთი ადამიანი, როგორც მცირე ბიზნესის მფლობელი ვერ აგვარებს ყველა ამ საკითხს და ბიზნესის კეთების პრობლემას აწყდება.

ჩვენ გთავაზობთ ყველა ამ სერვისს ერთდროულად Epoint პლატფორმის დახმარებით. ყველა პრობლემა მოგვარებულია ჩვენი გადაწყვეტის გამოყენებით. ჩვენ ამ სერვისებს ჩვენი პარტნიორებისგან მივყიდით ჩვენს B2B მომხმარებლებს“, - ამბობს ჰასან ჰასანოვი.

ცნობისთვის, პლატფორმას, რომელიც 2021 წლიდან ოპერირებს, უკვე 900-ზე მეტი მომხმარებელი ჰყავს, თუმცა ჯერ მხოლოდ აზერბაიჯანში. საქართველოში გაფართოების შემდეგ, სტარტაპის გუნდი სხვა ქვეყნებში გასვლასაც მოიაზრებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები