„პროკრედიტ ბანკის“ გენერალური დირექტორი, ალექსი მატუა ამბობს, რომ იპოთეკური დაკრედიტების მიმართულებით ბანკი ძალიან აქტიური არაა, თუმცა მათ შემთხვევაში ამ საბანკო პროდუქტზე მოთხოვნის კლება არ ფიქსირდება. მან ამის შესახებ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც საბანკო სექტორის მხრიდან იპოთეკური სესხების გაცემის შენელებას ეხებოდა.
კითხვაზე, რამდენად არის საჭიროება, რომ სებმა ამ მიმართულებით რეგულაციებს გადახედოს, მატუა ამბობს, რომ ზოგადად ბანკები მჭიდროდ თანამშრომლობენ მარეგულირებელთან და თუ ასეთი მოთხოვნა იქნება სექტორიდან, ეროვნული ბანკი განიხილავს.
"ჩვენ შეგვიძლია იპოთეკური სესხების ნაწილი ორად გავყოთ. ერთი, როდესაც მარეგულირებელს ეხება საქმე და მეორე, რომელიც ეხება მოთხოვნას ზოგადად იპოთეკურ სესხებთან დაკავშირებით. რაც შეეხება მოთხოვნას, ზოგადად თუ მაღალია საპროცენტო განაკვეთი სესხებზე, ამ შემთხვევაში, მოთხოვნა იკლებს და პირიქით. ანუ ჩვენ ვიცით, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში, როგორც უცხოურ ვალუტაში, ასევე ლოკალურ ვალუტაში, საპროცენტო განაკვეთი არის მაღალი, შესაბამისად, მოთხოვნა არ არის იგივე დონის, როგორიც, დავუშვათ, აქამდე იყო, როცა იაფი იყო ფული. შესაბამისად, ეს არის ერთი კომპონენტი აი ამ მოთხოვნა-მიწოდების ნაწილში. რაც შეეხება რეგულაციას, კომერციული ბანკები მჭიდროდ თანამშრომლობენ ეროვნულ ბანკთან, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ გარკვეული ტიპის ინიციატივები არის, საბანკო ასოციაციის მეშვეობით, იდეები მიეწოდება ეროვნულ ბანკს, ხდება დამუშავება და შესაბამისად, ადეკვატური გადაწყვეტილებების მიღება. ბოლო პერიოდში ასე გვქონდა. თუ ასეთი ტიპის მოთხოვნა საბანკო სექტორიდან წავა, რა თქმა უნდა, ეს განიხილება ეროვნული ბანკის მიერ და მოხდება გაანალიზება და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება.
ჩვენ, პროკრედიტ ბანკი, ძალიან აქტიურები არ ვართ, ასე ვთქვათ, იპოთეკურ სესხებში, თუმცა რასაც დინამიკას ვაკვირდებით, ჩვენ შემთხვევაში შემცირებული არ არის მოთხოვნა და ვფიქრობ, რომ ალბათ გარკვეული პერიოდის შემდეგ, როდესაც დასტაბილურდება, როგორც უძრავი ქონების, ასევე ფულის ფასი, ვფიქრობ, რომ ეს მოთხოვნა გაიზრდება", - ამბობს მატუა.




























