საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, 7 აგვისტო ორი ტრაგედიის გაერთიანების დღეა შოვის სტიქიური უბედურებისა და რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებიდან 15 წლისთავის. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ომში გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად მისულმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, დღეს ქვეყანას მტერი და განრისხებული ბუნება ებრძვის და თუ ქართველებს დამოუკიდებელი სახელმწიფო უნდათ, ამ ბრძოლებში ერთიანად უნდა აღუდგნენ ამ ძალებს.
„ამ ორი ტრაგედიის გაერთიანება, რომელიც აგვისტოში მოხდა, შეიძლება ბოლომდე დამთხვევა არ იყოს. ჩვენ გვებრძვის მტერი - ხან ომით და ხან რბილი ძალით, რომელიც ამ ბოლო დროს ძალიან გამოჩნდა და რომელსაც ჩვენი ერთიანობა სჭირდება. გვებრძვის განრისხებული ბუნება და მის წინაშეც გაერთიანებაა გვჭირდება. ისეთი განცხადებები ისმის, თუ იწერება სოციალურ ქსელში, რაც ჩემთვის მიუღებელია. მე დარწმუნებული ვარ, ეს მიუღებელია ქართველისთვის და საქართველოსთვის.
ჩვენ თუ დამოუკიდებლობა გვინდა, რისთვისაც აქ[მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე] განსვენებული ადამიანები იბრძოდნენ, ჩვენ თუ ეს დამოუკიდებლობა და სახელმწიფო ნამდვილად გვინდა, გონს უნდა მოვიდეთ, დავინახოთ სად არის საერთო საფრთხე და ერთად ვებრძოლოთ საერთო მტერს და არა ერთმანეთს", - განაცხადა პრეზიდენტმა.