მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩვენ ვიყავით რუსული სპეცოპერაციის, ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი ახალი ფორმის მოწმეები - პრეზიდენტი

სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი არ აღიარებს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და მას რუსულ სპეცოპერაციას და ჰიბრიდული ომის ახალ სახეობას უწოდებს. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის სასახლეში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან მადლობა გადაუხადა კომისიის წევრებს, რომლებიც მოქალაქეთა ხმებს იცავდნენ და ჟურნალისტებს, რომლებიც ცდილობდნენ ყველაფერი აღებეჭდათ. პრეზიდენტმა თქვა, რომ იმდენი დარღვევები იყო და სხვადასხვა ფორმის, რომ შეუძლებელი იყო ჟურნალისტებს ყველაფერი აღებეჭდათ.

"ჩვენ დავესწარით ძალიან უჩვეულო რამეს - ეს იყო ტოტალური გაყალბება და თქვენი ხმების ტოტალური წართმევა. ყველა იმ ხერხების გამოყენება, რაც სხვადასხვა ქვეყნებში თუ ჩვენს ქვეყანაში გვინახავს, რაც არჩევნების გასაყალბებლად შეიძლება გამოიყენო, პლუს დღევანდელი ტექნოლოგიების გამოყენება იმ დონეზე, რომ ტექნოლოგია გამოყენებულ იქნა იმისთვის რომ გაყალბება გაეყალბებინათ, ასეთი რამ ჯერ არ ყოფილა. ჩვენ ვიყავით რუსული სპეცოპერაციის მოწმეები, ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი ახალი ფორმის, რომელიც ჩვენს ხალხსა და ქვეყანაში განხორციელდა.

რამდენიმე თვის წინ ჩვენთან ამ ხელისუფლების მიერ, რომელსაც ახლა ძალაუფლებას დავარქმევ, მიღებულ იქნა რუსული კანონი, ამის შემდეგ კიდევ ბევრი სხვადასხვა მთელი რიგი რუსული კანონები მიიღეს, რომელიც ეწინააღმდეგება ევროპულ რეკომენდაციებს და ჩვენს ევროპულ მომავალს გვიხერგავს. ახლა, ამ არჩევნების დროს წაგვართვეს არჩევნების უფლება, ჩატარდა რუსული არჩევნები, წაგვართვეს არჩევნების ინსტიტუტი, იმიტომ რომ ამ არჩევნების შემდეგ ძნელი წარმოსადგენია, როგორი შეიძლება იყოს ახალი არჩევნები ქვეყანაში, თუ არაფერი შეიცვალა. წაგვართვეს არჩევნების კონსტიტუციური უფლება, ჩვენს მოქალაქეებს წაართვეს აქაც და... ძალიან ბევრს წაართვეს თავისი პირადობის მოწმობები და ამით არჩევნებში მონაწილეობის უფლება წაართვეს. წაართვეს ჩვენს ემიგრანტებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება, დაარღვიეს მათი კონსტიტუციური უფლება, იმით რომ არ გახსნეს უბნები. იქაც იყო გამოყენებული სხვადასხვა ხერხები და ფორმები, რადგან 100 000-ზე მეტმა ემიგრანტმა ძალიან ბევრი იბრძოლა იმისთვის, რომ დარეგისტრირებულიყო, როდესაც ადრე ძალიან ცოტა მონაწილეობდა არჩევნებში, ამის მიუხედავად ხმის მიცემა მხოლოდ 33 000-მდე ადამიანმა მოახერხა. ეს ადამიანები თუ ამ უფლების მოსაპოვებლად იბრძოდნენ და გადალახეს 2000 მილი ამერიკაში იმისთვის, რომ ხმა მიეცათ თუ სხვა წინააღმდეგობა ევროპის ქალაქებში, ეს იმისთვის არ უქნიათ რომ ხმა არ მიეცათ. ასე რომ იქაც ძალიან ბევრი რამ გამოსაკვლევია", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა და 28 ოქტომბერს, 19:00 საათზე რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია დააანონსა.

არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით, ბარიერი ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ გადალახა. მმართველმა გუნდმა კი, 53.9% მიიღო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები