„ჩვენი გუნდის ამოცანა კოვიდ-პანდემიამდელ ნიშნულზე სწრაფად დაბრუნებაა, მათ შორის ავიარეისების მიმოსვლის კუთხით - სიხშირეები, ახალი მიმართულებები, პარტნიორი ავიაკომპანიების დაბრუნება ჩვენს ბაზარზე“, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა გადაცემა „საქმიანი დილისთვის" მიცემულ ინტერვიუში, ავიაციის განვითარების ხედვებზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, პანდემიამდე საკმაოდ შთამბეჭდავი მონაცემები გვქონდა, რისთვისაც ყველამ, კერძო სექტორთან ერთად ბევრი იშრომა, თუმცა როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, პანდემიამ ამ პროცესში თავის კორექტივები შეიტანა და დღეს უწყებას არსებულ რეალობასთან სწრაფად ადაპტირება, პრაქტიკულად, ნულიდან უწევს.
„ავიაციის, ტურიზმის და მთის კურორტების სექტორების განვითარების ხედვა არის როგორც მოკლევადიანი, ისე გრძელვადიანი. მოკლე ვადაში ჩვენი ნომერ პირველი ამოცანაა, რომ სწრაფად შევძლოთ და დავუბრუნდეთ იმ ნიშნულს, რომელიც პანდემიამდე გვქონდა.
აქ თავისი სირთულეებიც შემოდის, რადგან ერთია ქვეყნის კერძო სექტორის მცდელობა, რომ სწრაფად დაუბრუნდეს კოვიდ-პანდემიამდე ნიშნულს, თუმცა აქ სხვა ფაქტორიცაა გასათვალისწინებელი, რაც გლობალური ვაქცინაციის ტემპს გულისხმობს. და მეორე - გლობალურად ავიაციის სექტორი ძალიან დაზარალდა და ეს საერთაშორისო საზოგადოებაში უკვე შეფასებულია, როგორ უპრეცენდენტოდ მაღალი დარტყმა ავიაციაზე“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.
მარიამ ქვრივიშვილმა აქცენტი ვაქცინაციის ტემპისა და საემიგრაციო რეგულაციების მნიშვნელობაზე გააკეთა. მინისტრის მოადგილის განმარტებით, ის საემიგრაციო რეგულაციები, რომლებიც საქართველომ საჰაერო გზით შემოსული მგზავრებისთვის შეცვალა, პირველი სამოტივაციო ბიძგი იყო, რამაც 2019 წელს არსებული ნიშნულის
დაახლოებით 55%-ზე დაბრუნება განაპირობა.
„მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც ვაქცინაციის სრული დოზა აქვს ჩატარებული და საქართველოში შეზღუდვების გარეშე მოფრინავს - უდიდესი სტიმულია არამარტო ჩვენი ქვეყნის ტურიზმის ან ავიაციის ინდუსტრიისთვის, არამედ თავად ავიაკომპანიებისთვის, იმიტომ, რომ ეს მათთვის ამ მიმართულების აღდგენის უკვე გადაზღვეული რისკია. და მეორე - მათ, ვისაც ჯერ კიდევ არ აქვს ვაქცინაციის სრული დოზა ჩატარებული (დაახლოებით 50-მდე ქვეყანაზეა საუბარი და ყოველდღიურად ემატება ახალი მიმართულებები ამა თუ იმ ქვეყანაში არსებული ეპიდ-ვითარებიდან გამომდინარე), ვალიდური პისიარ ტესტირებისა და საქართველოში ყოფნის მესამე დღეს ტესტირების რეჟიმით სხვადასხვა ქვეყნებიდან საქართველოში შეუზღუდავად შემოსვლის შესაძლებლობა უკვე ეძლევათ. ეს იყო პირველი, შეიძლება ითქვას თამამი და მთავარი განაცხადი, რაც ჩვენი მხრიდან პროაქტიულად გაკეთდა“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.




























