მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა აგრძელებს საქართველოს ტურისტული შესაძლებლობების პოპულარიზებას - მარიამ ქვრივიშვილი

ქვრივიშვილი

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილის თქმით, სწორი და თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად, საქართველოში ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის ინდუსტრიები ზრდადი დინამიკით გამოირჩევიან.

სამინისტროს ინფორმაციით, ქვრივიშვილმა ტურიზმის და ავიაციის სექტორების სტატისტიკასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ მთავრობა აგრძელებს საქართველოს ტურისტული შესაძლებლობების პოპულარიზებას და მიმდინარეობს მოლაპარაკებები საერთაშორისო ავიაკომპანიებთან.

ჩვენ ბევრი წარმატებული პროექტი განვახორციელეთ, რის შედეგადაც შემოვიყვანეთ ახალი ავიაკომპანიები საქართველოში. მიმდინარეობს აქტიური მარკეტინგული კამპანიები საქართველოს პოპულარიზებისთვის საერთაშორისო ბაზრებზე, რაც დადებითად მოქმედებს როგორც ტურისტული ნაკადების ზრდაზე, ასევე მგზავრთნაკადზე.

საქართველოს მთავრობა აგრძელებს საქართველოს, მისი ტურისტული შესაძლებლობების პოპულარიზებას. ამის პარალელურად ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს პარტნიორ საერთაშორისო ავიაკომპანიებთან იმისთვის, რომ ვიხილოთ მეტი პირდაპირი ფრენა საქართველოში და ჩვენს ქვეყანაში ვუმასპინძლოთ მეტ საერთაშორისო მოგზაურს. აღნიშნული დადებითად აისახება ორივე ინდუსტრიის გაძლიერებასა და ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე,“ - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

მისივე თქმით, 2024 წლის პირველ 6 თვეში საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტი 3 მლნ მგზავრზე მეტს მოემსახურა, რაც ისტორიული მაქსიმუმია. მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია პირდაპირი ფრენების არსებობა საქართველოს ტურიზმისთვის სტრატეგიულ ქვეყნებთან, მათ შორის ევროკავშირისა და ყურის ქვეყნებთან, ასევე ჩინეთთან, ინდოეთთან და სხვ.

ეკონომიკის სამინისტროს რელიზში აღნიშნულია, რომ 2024 წლის 2 კვარტალის მონაცემებით, ტურისტული ვიზიტები იზრდება როგორც ევროკავშირის ქვეყნებიდან, ასევე სპარსეთის ყურიდან და ახალი ტურისტული ბაზრებიდან - ინდოეთიდან და ჩინეთიდან. აღსანიშნავია, რომ წლის პირველ ნახევარში საქართველოს ძირითადად რეგიონის ქვეყნებიდან სტუმრობდნენ, ხოლო ევროკავშირის არცერთი ქვეყანა ვიზიტორების სტატისტიკის პირველ ათეულში არ შედის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები