მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რამ გაზარდა ტურიზმი 2025 წელს? - მარიამ ქვრივიშვილი ორ ძირითად ფაქტორს ასახელებს

მარიამ ქვრივიშვილი

"ქართული ოცნების" მთავრობაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, მიმდინარე წლის 9 თვეში, საქართველოში ტურისტული ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და 4.3 მილიონ ვიზიტს მიაღწია.

სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ ტურიზმში ზრდის მთავარი ფაქტორი სტაბილურობა და ავიამიმოსვლის გაფართოებაა

„მიმდინარე წლის სამი კვარტალის მონაცემებით, ჩვენმა ქვეყანამ რეკორდული რაოდენობის ტურისტს უმასპინძლა, რაც სწორი პოლიტიკისა და სწორი სამოქმედო გეგმის, მათ შორის, მშვიდობისა და სტაბილურობის შედეგია“, - აცხადებს მარიამ ქვრივიშვილი და დასძენს, რომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 7.9%-ით არის გაზრდილი საერთაშორისო ტურისტის ოდენობა, საერთაშორისო ვიზიტორების - 5.6%-ით, ხოლო საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობამ, 5.4%-იანი ზრდით 6.1 მილიონი შეადგინა.

როგორც ქვრივიშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ტურიზმის სექტორი ვითარდება მდგრადად, საკმაოდ დივერსიფიცირებულად და სტაბილურად, რაც ასევე ხელს უწყობს მარკეტინგული კამპანიები და ის პოლიტიკა, რომელსაც ხელისუფლება ქმნის, მათ შორის, პირდაპირი რეისების დანიშვნისა და ახალი ავიაკომპანიების მოზიდვის კუთხით.

„ვხედავთ, რომ მიმდინარე წელს განსაკუთრებული წარმატება გვაქვს ავიაციის სექტორში - დაგვემატა ახალი ავიაკომპანიები, ახალი მიმართულებები, რის შედეგადაც თანმიმდევრულად იზრდება ტურისტული ნაკადები ჩვენი სტრატეგიული, სამიზნე ქვეყნებიდან. პირველი სამი კვარტალის მონაცემებით, რეკორდულია ტურისტული ნაკადები ისეთი ქვეყნებიდან, საიდანაც შევძელით პირდაპირი ფრენების დამატება და შემოვიყვანეთ ახალი ავიაკომპანიები, მათ შორის, გამოვყოფდი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, მაგალითად, საფრანგეთს და გერმანიას, ასევე ხაზგასასმელია ჩინეთი, ყურის ქვეყნები და ისრაელი“ - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

მისივე თქმით, ხელისუფლების ასეთი პოლიტიკა ქმნის წარმატების კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობებს ტურიზმის ინდუსტრიაში.

„დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ამ პოლიტიკის შედეგად წლის ბოლომდე მორიგი წარმატებები გვექნება ტურიზმის სექტორში, ვნახავთ კიდევ უფრო მეტ ტურისტს ჩვენ ქვეყანაში, რაც უზრუნველყოფს ტურიზმიდან მეტი შემოსავლების მიღებას, გააძლიერებს სექტორში ჩართულ თითოეულ მეწარმეს და ხელს შეუწყობს დასაქმების ზრდას“,- აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ინფორმაციისთვის, 2025 წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და 4.3 მილიონს გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები