მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩვენი ამოცანაა ისეთი ცხოვრების პირობები შეიქმნას, რომ ახალ თაობას შახტში მუშაობა უნდოდეს - საქნახშირი

6104fe552e601
ინგა მურუსიძე
01.08.21 20:00
1410
ჩვენი მენეჯმენტის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, ისეთი ცხოვრების პირობები შეიქმნას, რომ ახალ თაობას შახტში მუშაობა უნდოდეს, - ამის შესახებ საქნახშირის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, მიხაილ სოცკიმ Forbes-კვირისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მან პანდემიის გამო შექმნილ პრობლემებზე ისაუბრა და თქვა, რომ ყველა გეგმა სრულდება, თუმცა ოდნავ დროში გაწელილად.

“2019 წელს ჩავერთეთ საქნახშირის ხელმძღვანელობაში, მაშინ, რა თქმა უნდა, პანდემიის საკითხი დღის წესრიგში არ იდგა და გეგმები საკმაოდ დიდი გვქონდა. ჯერ კიდევ იქამდე ვიდრე ამ ეტაპზე გადავიდოდით, ჩემმა კომპანიამ საქნახშირის განვითარების ეკონომიკური სტრატეგია მოამზადა და ეკონომიკის სამინისტროში წარადგინა. ჩვენი გეგმა დამტკიცდა და სწორედ ამ გეგმის განხორციელებით დავიწყეთ კომპანიის მართვა. დღეისთვის კვლავ გაწერილ გეგმას მივყვებით, თუმცა მცირე კორექცია მსოფლიოში შექმნილი პანდემიური ვითარებიდან გამომდინარე ვადებთან დაკავშირებით მოხდა. ვითარება გართულებულია, ლოგისტიკა გართულდა, შეკვეთების შესრულების ვადები იწელება, ტექნიკის ჩამოტანის ვადები შეიცვალა, ყველაფერმა დროში საკმაოდ დიდი ცვლილებები განიცადა, თუმცა იმედი გვაქვს, რომ გეგმა, რომელიც ჩვენ დავისახეთ ამ წელში ფინალურ ეტაპზე გავა“, - განაცხადა სოცკიმ და დასძინა, რომ გეგმა ორ წელზე იყო გაწერილი, თუმცა მის განხორციელებას ცოტა მეტი დასჭირდება, სავარაუდოდ, 2.5 წელი.

სოცკი ირწმუნება, რომ გეგმა შეთანხმებული იყო როგორც ეკონომიკის მინისტრთან, ისე კომპანიის მფლობელებთან და ინვესტორთანაც.

რაც შეეხება გუნდს, „საქნახშირის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ დასაქმების საკითხი ძალიან სერიოზული პრობლემაა.

„დღეისთვის საქნახშირის თანამშრომელთა უმეტესობა და ამაში ვგულისხმობ როგორც მოპოვებით სამუშაოებზე დასაქმებულ ადამიანებს, ისე მენეჯმენტს, ან საპენსიო ასაკშია ან მასთან მიახლოებული. საერთო ჯამში ჩვენი კომპანია, ვიტყოდი საკმაოდ ასაკოვანია. სულ 1250 თანამშრომელია და მათი უმეტესი ნაწილი საპენსიო ასაკშია. ახალგაზრდები ძალიან ცოტანი არიან“, - განაცხადა სოცკიმ.

მისივე თქმით, ამ ფაქტს ძალიან ბევრი მიზეზი აქვს, მათ შორის არის სოციალური ფაქტორი, ადამიანები ტყიბულს ტოვებენ, რაც შეუქცევადი პროცესია.

კითხვაზე, არის თუ არა შანსი, რომ მიგრაციის ეს ტენდენცია შეიცვალოს, „საქნახშირის“ დირექტორი აცხადებს, რომ არის.

“დღეისთვის ჩვენი მენეჯმენტის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა კომპანიაში სამუშაოდ ახალგაზრდები მოვიზიდოთ და ამისთვის ჩვენ ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად გვჭირდება მუშაობა იმისთვის, რომ ქალაქში ცხოვრების ისეთი დონე შეიქმნას რომ ახალგაზრდებს მიეცეთ შესაძლებლობა ტყიბულში ჩამოვიდნენ და იცხოვრონ. მე თანამშრომელს შემიძლია ნებისმიერი ხელფასი მივცე, თუმცა თუ ქალაქში ცხოვრების დონე იქნება დაბალი, ახალგაზრდები მაინც არ დაინტერესდებიან ჩვენთან მუშაობით, ამიტომ ჩვენი მენეჯმენტის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა ისეთი ცხოვრების პირობები შეიქმნას, რომ ახალ თაობას შახტში მუშაობა უნდოდეს“, - ამბობს სოცკი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები