მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჩვენი ამოცანაა, აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვას მივაღწიოთ" - მაკა ბოჭორიშვილი

სს მინისტრი

საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ მთავრობისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად, მომდევნო 4 წლის განმავლობაში, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვაა.

საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა, ევროპასთან ინტეგრაციის და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომაზე უსმენენ, სადაც მან უწყების ხელმძღვანელობის დროს გაკეთებულ აქცენტებზე ისაუბრა.

"საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტული და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აშშ-სთან საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა, სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით გათვალისწინებული ყველა პრიორიტეტული მიმართულებით.

ჩვენი ამოცანაა, მიღწეული იყოს აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვა, რაც მოიაზრებს, მხარეთა ინტერესების გათვალისწინებით, თანასწორი, სამართლიანობის პრინციპზე დაფუძნებული ურთიერთობების აღდგენას ყველა მიმართულებით, თანამშრომლობის სრული მოცულობით განახლებას და განვითარებას - ეს იქნება განსაკუთრებული პრიორიტეტი მომდევნო 4 წლის განმავლობაში", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატად მაკა ბოჭორიშვილი პრემიერ-მინისტრმა 25 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე წარადგინა. ბოჭორიშვილი პოსტზე ილია დარჩიაშვილს ჩაანაცვლებს.

2024 წლის ზაფხულში, ე.წ. რუსული კანონის ძალაში შესვლამდე, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ შტატებმა საქართველოს $95 მილიონის ოდენობის დახმარება, რომლითაც საქართველოს ხელისუფლება პირდაპირ სარგებელს იღებდა, შეუწყვიტა. მას შემდეგ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი სხვა ფინანსური დახმარების შეჩერება განხილვის პროცესშია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები