"საქართველოს მთავრობასთან უკვე შევაჩერეთ $95-მილიონიანი დახმარება და სხვა დახმარება, რომელსაც ვაწვდით, გადახედვის პროცესშია," - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.
მეთიუ მილერის თქმით, საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობა "გადახედვის პირობებში" რჩება.
„ჩვენ ცხადად ვთქვით, რომ საქართველოს მთავრობასთან ჩვენი ურთიერთობა გადახედვის პირობებში გრძელდება. უკვე შევაჩერეთ საქართველოს მთავრობისთვის დახმარების 95 მილიონი დოლარი და სხვა დახმარება, რომელსაც ვაწვდით, გადახედვის ქვეშ რჩება”, - აღნიშნა მილერმა.
მეთიუ მილერმა ასევე, საქართველოში 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით თქვა, რომ საქართველოს ოფიციალურ პირებს პრეზიდენტმა ბაიდენმა უკვე მოუწოდა გამოძიებისკენ.
პრეზიდენტმა ბაიდენმა მოუწოდა გამოძიებისკენ საქართველოს ოფიციალურ პირებს: „ჩვენ, ასევე, ცხადი გავხადეთ, რომ კონსულტაციებს გავდივართ ჩვენს კოლეგებთან ევროკავშირში იმაზე, თუ სხვა რა გამოძიებები შეიძლება იყოს სათანადო.
პრეზიდენტი [[სალომე ზურაბიშვილი] თავად ისაუბრებს თავის თავზე, მაგრამ, როგორც მესმის, მან თქვა, რომ აქვს ინფორმაცია [საარჩევნო] დარღვევების შესახებ, ასე რომ, იმედი მაქვს, რომ ის გააზიარებს ამ ინფორმაციას. ის რელევანტური იქნება ნებისმიერი გამოძიებისთვის, მიუხედავად იმისა, მას საქართველოს ოფიციალური პირები ატარებენ თუ ნებისმიერი სხვა”, - აღნიშნა მილერმა.
სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერს ასევე ჰკითხეს „ატლანტიკური საბჭოს“ მკვლევრების, სოფო გელავას და ეთო ბუზიაშვილთან დაკავშირებითაც, რაზეც მილერმა აღნიშნა, რომ კომენტარს კონკრეტულ შემთხვევაზე არ აკეთებს.
„ამ კონკრეტულ შემთხვევებზე კომენტარს არ გავაკეთებ. მაგრამ, რა თქმა უნდა, გვსურს დავინახოთ, რომ ადამიანების ფუნდამენტური უფლებები დაცულია, გვსურს დავინახოთ, რომ დაცულია მათი პროტესტის უფლება, რომ მათი გამოხატვის ფუნდამენტური უფლება რამენაირად არ ირღვევა”, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა.