მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჩვენი ამოცანაა, სოფლის მეურნეობაში კაპიტალი არ იყოს ძალიან ძვირი" - "ტირიფონის ბაღების" დამფუძნებელი

ზურაბ გოჯიაშვილი

"ჩვენი ამოცანაა, სოფლის მეურნეობაში კაპიტალი არ იყოს ძალიან ძვირი" - ამის შესახებ ფერმერი, „ტირიფონის ბაღების“ დამფუძნებელი ზურაბ გოჯიაშვილი აცხადებს.

გოჯიაშვილი BMG-სთან აგროთანადაფინანსების ახალ მოდელს აფასებს და აღნიშნავს, რომ აქამდე, ბანკებთან ურთიერთობისას, ფერმერები გარკვეულ ბიუროკრატიულ ბარიერებს აწყდებოდნენ - მათ ბანკებთან რთული კომუნიკაცია უწევდათ იმის დასამტკიცებლად, რომ პროექტს გეგმის მიხედვით ახორციელებდნენ. ამიტომ, გოჯიაშვილის თქმით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი მონიტორინგის პროცესის სააგენტოს მხრიდან ადმინისტრირებაა.

„ჩვენ გვქონდა სერიოზული პრობლემა ყოველთვის, რომ დაგვედასტურებინა ბანკისთვის, რომ პროექტს ნამდვილად ვახორციელებთ. დიდი დრო გვჭირდებოდა ხოლმე, რომ მოგვეყვანა და დარწმუნებულიყვნენ, რომ ყველაფერი ისე გავაკეთეთ, როგორც პროექტში ეწერა. ახლა სააგენტოს ეკისრება ვალდებულება, რომ აწარმოოს მონიტორინგი და მე მგონია, რომ ეს სწორია“, - აცხადებს ზურაბ გოჯიაშვილი BMG-სთან.

ამასთან, ფერმერი იხსენებს საკუთარ გამოცდილებას, როდესაც დაფინანსების დაბალი ლიმიტის გამო, ერთიანი მეურნეობისთვის რამდენიმე იურიდიული პირის შექმნა დასჭირდა, რაც სტატისტიკურ გაუგებრობებსა და დამატებით ხარჯებს იწვევდა.

„31 ჰექტარი ბაღი გვაქვს და მოგვიწია სამი კომპანიის დარეგისტრირება, იმიტომ რომ მილიონ-ნახევარი იყო შეღავათიანი აგროსესხის მაქსიმალური ზღვარი. ეს ნიშნავდა, რომ თითოეულ კომპანიას თავისი საკრედიტო ისტორია უნდა მოეგროვებინა. ახლა, როცა 4 მილიონი გახდა მაქსიმალური ზომა, მე მგონი უკეთესია, იმიტომ რომ ერთბაშად განხორციელებას მაინც სხვა გემო აქვს“, - განმარტავს ის.

რაც შეეხება აგროთანადაფინანსების მთავარ პრინციპს, რომელიც გულისხმობს ჯერ ფერმერის მიერ ხარჯის გაწევას და შემდეგ სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსებას, გოჯიაშვილი აღნიშნავს, რომ ეს ფინანსური მოდელი მუშაობს, თუ მასში შეღავათიანი აგროსესხი იქნება ინტეგრირებული.

„ერთი წლის თავზე, როდესაც ეს სესხი უკვე სრულად აითვისე, პროექტი მთლიანად განახორციელე და დასკვნაც გაქვს, რომ შენ ნამდვილად ის გააკეთე, რაც უნდა გაგეკეთებინა, შესაბამის ფულს რომ მოგცემენ, შეგიძლია სესხის ძირი დაფარო, პროცენტი დაფარო და გამოვა რაღაც ხომ? არითმეტიკულად გამოყვანადია, როდესაც ყველა ცვლადი ცნობილია.

ამიტომ, ჩვენ გვინდა განვსაზღვროთ - რამდენი გვექნება სესხი ასაღები, რამდენი გვექნება საკუთარი სახსრები მოსაზიდი და რამდენ ხანში შევძლებთ სახელმწიფოს დახმარების საშუალებით ეს კაპიტალში ჩასადები თანხა გავაიაფოთ. ამოცანა ხომ ეგაა, რომ კაპიტალი არ იყოს ძალიან ძვირი, იმიტომ რომ მაღალი რისკები აქვს სოფლის მეურნეობას და ძვირი კაპიტალი კიდევ უფრო მაღალს ხდის ისედაც მაღალ რისკებს.

არითმეტიკულად, გვინდა, რომ ფინანსური რისკები შეგვიმცირდეს და კაპიტალში ჩადებული ფული - რომელიც ყველაზე ძვირია - შედარებით გაგვიიაფდეს. რამდენად დაგვეხმარება, შევხედავთ“ - განმარტავს ზურაბ გოჯიაშვილი.

მთავრობამ აგროთანდაფინანსების ახალი მოდელი დაამტკიცა. პროგრამის ერთ-ერთი მთავარი სიახლე თანადაფინანსების გაცემის წესია. თუ ადრე სახელმწიფო სუბსიდია სესხის მომსახურების პერიოდში პარალელურად გაიცემოდა, ახალი სისტემით ბენეფიციარმა ჯერ თავად უნდა განახორციელოს ინვესტიცია. ასევე, 15 მილიონიდან 4 მლნ ლარამდე მცირდება თანადაფინანსების ლიმიტი. პროცენტის თანაგადახდა 11%-დან 8%-მდე, ვადიანობა კი 66-დან 36 თვემდე შემცირდა. პროგრამის მიზანი, მთავრობის ინფორმაციით, პირველადი სასოფლო-სამეურნეო წარმოების ზრდის ხელშეწყობა და აგროსექტორში ღირებულებათა ჯაჭვის განვითარების მხარდაჭერაა, მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შენახვისა და გადამუშავების ინფრასტრუქტურის შექმნისა და მოდერნიზაციის ხელშეწყობის გზით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები