ქართული სტარტაპი Hot Card-ი ადგილობრივ ბაზარზე 2021 წლიდან ოპერირებს და მომხმარებელს სხვადასხვა ობიექტში 1+1 სარგებელს სთავაზობს. სტარტაპის დაფუძნების მიზნებსა და ფუნქციებზე BM.GE-ს Hot Card-ის სოციალური მედიის მენეჯერი, ქეთანა სტურუა ესაუბრა. როგორც ის აღნიშნავს, სტარტაპის შექმნის იდეა კოვიდპანდემიის დროს გაჩნდა, როდესაც ადამიანებს შორის კავშირი შეიზღუდა.
“Hot Card-ის დამფუძნებელი, გიორგი ჭავჭანიძე, 11 წელი უკრაინაში ცხოვრობდა და 10 წელია, რესტორატორია. კოვიდის პერიოდში რესტორნების დახურვა და საქართველოში დაბრუნება მოუწია. ამ პერიოდში, კოვიდის გამო, ხალხში ურთიერთობების დანაკლისი არსებობდა და სწორედ მაშინ გაჩნდა Hot Card-ის იდეა.
თავიდან Hot Card ჰოლოგრამით დაცული იყო, შემდეგ ბარათებზე გადავედით, ახლა კი დავეწიეთ ინოვაციებს და გავაკეთეთ აპლიკაცია, რომელიც, პარტნიორ ობიექტებში, მომხმარებელს 1+1 სარგებელს სთავაზობს რამდენიმე მიმართულებით, ესენია: კვება, გართობა ესთეტიკა, დასვენება და ჯანმრთელობა”, - განმარტავს ქეთანა სტურუა.
სტარტაპის წარმომადგენლის განმარტებით, აპლიკაცია ყოველთვიური გამოწერის მოდელზე მუშაობს და მომხმარებელს წვდომას ყველა მოქმედ ობიექტზე აძლევს. ქეთანა სტურუას თქმით, Hot Card-ის მფლობელებმა 2024 წლის მდგომარეობით ₾6 მილიონზე მეტი დაზოგეს.
“Hot Card სრულად Subscription, იგივე გამოწერის მოდელზე მუშაობს, თუმცა გადახდის თანხას ერთ ობიექტზე ვიზიტით უკვე ინაზღაურებ. თვეში 28 ლარის სანაცვლოდ მომხმარებელს აპლიკაციაზე სრული წვდომა აქვს. 300-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში შეგიძლია, 1+1, 2+2 და 3+3 სარგებელი მიიღო;
ანუ, თუ მომხმარებელი მივიდა კვების ობიექტში და შეუკვეთა ერთი ბურგერი, მეორეს მიიღებს საჩუქრად; სასტუმროში თუ ერთი ღამის საფასური გადაიხადა, მეორე ღამეს უფასოდ დარჩება და ა.შ. ასევე შეუძლია პროცედურებზე მეგობრის დაპატიჟება და ა.შ. 2024 წლის მონაცემებით, 10 ათასმა მომხმარებელმა, ₾6 800 000 დაზოგეს”, - განაცხადა ქეთანა სტურუამ.
მისივე თქმით, ერთ ობიექტში მომხმარებელს 1+1 შეთავაზებით სარგებლობა მხოლოდ სამჯერ შეუძლია, თუმცა ერთ დღეში რამდენ დაწესებულებაში ისარგებლებს ამ ბენეფიტით, შეზღუდული არ არის.
როგორც ქეთა სტურუა აღნიშნავს, სტარტაპი პარტნიორი ობიექტების არჩევისას და ახალი ფუნქციონალის დამატებისას მომხმარებლის უკუკავშირს ითვალისწინებს და კონკრეტული კრიტერიუმები ამისთვის არ არსებობს.
“უკუკავშირი ძალიან პოზიტიურია, რადგან Hot Card არის თანხის ჭკვიანად მართვის შესაძლებლობა. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ Hot Card არ იყოს მხოლოდ აპლიკაცია, არამედ ის, რომ ხალხში ემოცია დავაბრუნოთ. ვგულისხმობ იმას, რომ ნებისმიერ დროს ბიჭს გოგო, მეგობარს მეგობარი, შეუძლია დაპატიჟოს სადმე და ხარჯებზე ფიქრი არ მოუწიოს. ჩვენი ახალი ლოგოც ზუსტად ეგ არის - ორი ადამიანი რომელსაც ხელები აქვთ ჩაკიდებული ერთმანეთზე - ბედნიერი ემოციაა ჩადებული. ახალი აპლიკაციაც მაღალი დონისაა, გვაქვს ბევრი ისეთი ფუნქციონალი, რაც საქართველოში იშვიათია: მომხმარებელს რესტორნების ვიდეო-გიდს ვთავაზობთ, რათა წინასწარ იცოდეს მან, სად მიდის, რას შეიძლება ელოდოს. რაც შეეხება ობიექტებს, გვაქვს სტარტაპში “ბედნიერების დეპარტამენტი”, რომელიც მომხმარებელთან მუდმივ კავშირზეა, ისმენს მათ სურვილებს და სწორედ ამის მიხედვით ვარჩევთ ახალ ობიექტებს, კონკრეტული კრიტერიუმები არ გაგვაჩნია”, - განმარტა ქეთანა სტურუამ.
Hot Card-ის პარტნიორებს შორისაა “ბაზარი ორბელიანის” ობიექტების ნაწილი, ბურგერბარები და რესტორნები, სპა ცენტრები, სასტუმროები და კოტეჯები საქართველოს რამდენიმე რეგიონში. როგორც სტარტაპის სოციალური მედიის მენეჯერი აღნიშნავს, Hot Card-ის სურვილია, სამომავლოდ საქართველოს ყველა რეგიონი მოიცვას.