სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად, კერძო ბაღების ნაწილი მშობლებს ახალ სერვისს შესთავაზებს. KidNest - ასე ჰქვია აპლიკაციას, რომელიც ბაღებს მშობლებთან აკავშირებს და შვილების შესახებ განახლებებს რეალურ დროში აწვდის. აპლიკაციის მომხმარებელი ერთი მხრივ კერძო ბაღია, რომელიც დაინტერესებულია მშობლებს ეს სერვისი დაახვედროს, მეორე მხრივ კი მშობელი, რომელიც KidNest-ის მომსახურებაში თანხას თავად იხდის.
აპლიკაციის იდეასა და გეგმებზე გადაცემა „ქალების ნარატივის“ ეთერში KidNest-ის დამფუძნებლებმა ქეთანა სტურუამ და სალომე კუთარაშვილმა ისაუბრეს. მათი თქმით, სტარტაპი ნულოვანი ინვესტიციით აამოქმედეს და ინტერესი თავიდანვე საკმაოდ მაღალი იყო.
აპლიკაციის დამფუძნებლები ამბობენ, რომ ამ დროისთვის მათი სერვისის მომხმარებელი რვა კერძო ბაღია.
„ჩვენი მომხმარებელი არის როგორც ბაღი, ასევე მშობელი. სხვადასხვა შეთავაზებები გვაქვს, ნაწილი გულისხმობს, რომ საფასური სრულად ბაღმა დაფაროს, ნაწილი კი მშობლის ჩართულობასაც ითვალისწინებს. აპლიკაცია სულ ორი კვირაა გავუშვით. ჯერჯერობით ჯამში რვა ბაღთან ვთანამშრომლობთ. გავცდით თბილისს და აპლიკაცია თელავის ორ ბაღშიც დავნერგეთ. ოქტომბრიდან უკვე სხვა რეგიონებსაც მოვიცავთ“, - აღნიშნავენ KidNest-ის დამფუძნებლები.
სტარტაპერები KidNest-ის გეგმებზეც საუბრობენ. როგორც ისინი აღნიშნავენ სამომავლოდ სურთ სერვისი სახელმწიფო ბაღებშიც დაინერგოს. ამასთან, მათი ინფორმაციით, გეგმაში საერთაშორისო ბაზარზე გასვლაც.
„ჩვენი დიდი სურვილია აპლიკაცია საჯარო ბაღებშიც ხელმისაწვდომი გახდეს, რადგან ამის საჭიროება ნამდვილად არსებობს. ამისთვის მხოლოდ ჩვენი მონდომება საკმარისი არ არის, ამაში უნდა ჩაერთოს სამინისტრო.
გარდა ამისა, გეგმაშია ქვეყნის ფარგლებს გარეთ გასვლაც. KidNest-ს აშშ-ის ბაზარზე ჰყავს ანალოგი, თუმცა ევროპაში ასეთი სერვისი არ არსებობს. ჯერჯერობით კონკრეტულ ქვეყნებზე ვერ ვისაუბრებთ, თუმცა პოლონეთთან გარკვეული მოლაპარაკება გვაქვს“ - ამბობენ ისინი.მ