გუდაურში ღამის სრიალი ტურისტებისთვის დამატებითი გასართობი შესაძლებლობა იქნება, თუმცა მთის კურორტების ბიზნესასოციაციაში არ ელოდებიან, რომ ეს სიახლე დამსვენებლებს კურორტზე დამატებითი დღეებით დარჩენისკენ უბიძგებს. ამის შესახებ ასოციაციის თანადამფუძნებელმა მირანდა ესაკიამ BMGTV-ის გადაცემაში „ქალების ნარატივი“ წამყვანის კითხვის პასუხად განაცხადა.
გადაცემაში საუბრისას წამყვანმა აღნიშნა, რომ გუდაურში 31 მილიონი ლარის ინვესტიცია იგეგმება, რაც ახალი საბაგიროებისა და სასრიალო ტრასების მოწყობას ითვალისწინებს. მან ესაკიას ჰკითხა, რამდენად გაზრდის ღამის სრიალი ტურისტულ აქტივობასა და კურორტზე სტუმრების დაყოვნების ხანგრძლივობას.
„ღამის სრიალი, რომ გითხრათ, რომ გამოიწვევს და ამის გამო დაყოვნდება მოთხილამურე, ეს ასე არ არის. ეს უბრალოდ არის დამატებითი ფუფუნება და დამატებითი კარგი ატრაქცია იმ დამსვენებლებისთვის, რომლებსაც უკვე დაგეგმილი აქვთ თავიანთი არდადეგები გუდაურში.
იქიდან გამომდინარე, რომ ახლა მთელი აქცენტი და დატვირთვა და ყველაზე მიმზიდველი ტურისტებისთვის არის ახალი გუდაური, ახალ გუდაურში კეთდება ზუსტად ეს ღამის სრიალი. მათთვის იქნება ძალიან კარგი დამატებითი ატრაქცია გართობისთვის და, რა თქმა უნდა, ამას მივესალმებით მთელი ბიზნესსექტორი“, - აღნიშნა მან.
საქართველოს სამთო კურორტებზე ზამთრის სეზონის ოფიციალური გახსნა 20 დეკემბერს იგეგმება.
























