მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გუდაურში განთავსებისა და კვების ობიექტების ფასები მაქსიმუმ 3-5%-ით გაიზრდება | GMRBA ზამთრის სეზონზე

გუდაური

გუდაურში მიმდინარე ზამთრის სეზონზე განთავსებისა და კვების ობიექტების ფასები, გასულ წელთან შედარებით, მაქსიმუმ 3-5%-ით გაიზრდება. ამის შესახებ მთის კურორტების ბიზნესასოციაციის (GMRBA) თანადამფუძნებელმა მირანდა ესაკიამ BMGTV-ის გადაცემაში „ქალების ნარატივი“ განაცხადა.

მისი თქმით, ბიზნესსექტორი მიმდინარე სეზონზე ფასების მნიშვნელოვან ზრდას არ გეგმავს, მიუხედავად იმისა, რომ საოპერაციო ხარჯები გაზრდილია.

"წელს, რომ გითხრათ, რომ დიდად წინა წელთან შედარებით ფასების ცვლილებას ვაანონსებთ ბიზნესსექტორი, ვერ გეტყვით ამას. დაახლოებით მაქსიმუმ 3-5%-იანი ცვლილება შეიძლება იყოს წინა წელთან შედარებით. შესაბამისად, ფასების დიდი ცვლილება ბიზნესის მხრიდან არ იქნება, არც განთავსებაზე და არც კვებით ობიექტებზე. ისედაც ძალიან გაზრდილი იყო შარშან ფასები, წელს ამ დინამიკას არ ვაანონსებთ", - განაცხადა მირანდა ესაკიამ.

მისივე ინფორმაციით, გუდაურში ზამთრის სეზონისთვის ჯავშნები უკვე აქტიურად მიიღება. ბიზნესასოციაციაში ტურისტების მოზიდვის კუთხით დადებითი მოლოდინები აქვთ, მათ შორის, თებერვლის პერიოდზეც.

ესაკიას თქმით, დამსვენებლებს განსაკუთრებით სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან ელოდებიან, მათ შორის, დუბაიში, აბუ-დაბიში და რეგიონის სხვა ქალაქებში მცხოვრებ უცხოელ ექსპატებს. ასევე შეინიშნება აქტივობა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან.

"ჯავშნების მიღება დაწყებულია, საკმაოდ მაღალია აქტივობა. ტურისტებს ველოდებით ისევ და ისევ გალფის ქვეყნებიდან, ანუ ექსპატებს, ვინც ცხოვრობს დუბაიში, აბუ-დაბიში და ასე შემდეგ. ასევე არის აღმოსავლეთ ევროპიდან აქტივობა. თებერვალიც უკვე აქტიურად იჯავშნება და ძალიან კარგი მოლოდინები გვაქვს", - განაცხადა მან.

საქართველოს სამთო კურორტებზე ზამთრის სეზონის ოფიციალური გახსნა 20 დეკემბერს იგეგმება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები