დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრები და გუდაურის სასტუმროებსა თუ კვების ობიექტებზე დასაქმებული ადგილობრივები უკვე ათ წელზე მეტია, მუნიციპალური ტრანსპორტის არარსებობის გამო, ყოველდღიურად გაუსაძლის პირობებში გადაადგილდებიან. პრობლემის მოსაგვარებლად 30-ზე მეტმა მოქალაქემ, ძირითადად, ქალებმა წელს კვლავ მიმართეს დუშეთის მერ კახაბერ ჩიტაურს, მთის ტრასების სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელ ლევან დარსალიასა და „გუდაურის ბიზნესასოციაციის” მენეჯმენტს.
"სიცივეში ვდგავართ და მანქანებს ხელს ვუქნევთ" - გუდაურში დასაქმებული დუშეთელები ტრანსპორტის დანიშვნას ითხოვენ
„გუდაურის ბიზნესასოციაციის“ თანადამფუძნებელ მირანდა ესაკიას განცხადებით, კერძო სექტორი მზად არის, დასაქმებულთა ტრანსპორტირების ხარჯები ნაწილობრივ თავად დაასუბსიდიროს, თუმცა სახელმწიფოს ჩარევის გარეშე საკითხის გადაჭრა შეუძლებელი აღმოჩნდა.
„მინუს 25 გრადუს ყინვაში ტრასაზე დგანან და მძღოლებს წაყვანას ეხვეწებიან…“
როგორც BMG-ისთვის გახდა ცნობილი, მოქალაქეების ერთობლივ განცხადებაში ხაზგასმულია, რომ კურორტზე მომუშავე ადგილობრივებს სამსახურში მისასვლელად და უკან დასაბრუნებლად ავტოსტოპით უწევთ სარგებლობა.
„მოგმართავთ დიდი თხოვნით, გამოგვიყოთ ტრანსპორტი, რომელიც მოგვემსახურება გუდაურში დასაქმებულებს, რათა აღარ მოგვიწიოს ქუჩაში საათობით დგომა და ტრასაზე მოძრავი ყველა ავტომობილის მძღოლისთვის ხვეწნა… იმედს ვიტოვებთ, დაგვეხმარებით“, - აღნიშნულია წერილში, რომელსაც ხელს 30-ზე მეტი მოქალაქე აწერს და მთავარი ადრესატი დუშეთის მერია.
BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში მირანდა ესაკიამ განმარტა, რომ ფასანაური-გუდაურის მიმართულებით რეგულარული ტრანსპორტის არარსებობა განსაკუთრებით ზამთრის სეზონზე მწვავდება. მისი თქმით, ამ პერიოდში თბილისი-გუდაურის სამარშრუტო ტაქსები ტურისტებითაა გადატვირთული და ადგილობრივ მოსახლეობას აღარ უჩერებენ.
აღსანიშნავია ისიც, რომ მირანდა ესაკიას თანახმად, ადგილობრივები უფასო მომსახურებას არ ითხოვენ - მათ სურთ, დაინიშნოს განრიგით მოძრავი ტრანსპორტი, სადაც მგზავრობის საფასურს თავად გადაიხდიან.
„ზამთარში, როცა ძალიან ბევრი ტურისტი ჰყავთ და თბილისი-გუდაურის რეისები გადაჭედილია, ამ ქალებს აღარ უჩერებენ - არ აქვთ ინტერესი. წარმოიდგინეთ, ზამთარში ქალბატონებს ტრასაზე დგომა უწევთ. ეს მინიმუმ ღირსების საკითხიც არის - ხელს უქნევენ ტრაილერის მძღოლებს. მძიმე სამუშაოს შემდეგ, დაღლილი ადამიანი, რომელიც მთელი დღე ჭურჭელს რეცხავს ან სასტუმროს ალაგებს, დგას ქუჩაში სამი საათი, მინუს 25 გრადუს ყინვაში და გამვლელ მანქანებს ელოდება“, - აცხადებს მირანდა ესაკია.
როგორ აისახება პრობლემა ბიზნესსა და სერვისის ხარისხზე?
„წერტილთან“ ინტერვიუში ასოციაციის თანადამფუძნებელმა ვრცლად ისაუბრა იმაზეც, თუ რატომ აზარალებს არსებული ვითარება მთის ბიზნესსა და კურორტზე მომსახურების ხარისხს. მისი განმარტებით, ტრანსპორტირების სირთულის გამო, ადგილობრივების ნაწილი გუდაურში მუშაობაზე საერთოდ უარს ამბობს, რაც ბიზნესს აიძულებს, კადრები სხვა რეგიონებიდან ჩამოიყვანოს.
„გუდაური რეგიონის ბიზნეს-ჰაბია. ჩვენ მზად ვართ, დავასაქმოთ ადგილობრივი ქალბატონები და მივცეთ შესაძლებლობა, სოფლის მეურნეობის გარდა დამატებითი შემოსავალი გაუჩნდეთ, მაგრამ ტრანსპორტის არქონის გამო, უმეტესობა უარს ამბობს და გვიწევს კადრების მოძიება თბილისიდან ან საქართველოს სხვა რეგიონებიდან, რაც ბიზნესისთვის ხარჯებს კიდევ უფრო აძვირებს. გარდა ამისა, რატომ არ უნდა ისარგებლოს ამ შესაბამისი შესაძლებლობით პირველ რიგში ადგილობრივმა მოსახლეობამ?!“ - აღნიშნავს ესაკია.
რატომ ჩაიშალა “გუდაურის ბიზნესასოციაციის” ინიციატივა?
მირანდა ესაკიას თქმით, ადგილობრივებმა “გუდაურის ბიზნესასოციაციას” დახმარებისთვის ჯერ კიდევ 6 წლის წინ მიმართეს. მაშინდელმა ადგილობრივმა ხელისუფლებამ და გუბერნიამ ბიზნესს განუცხადეს, რომ სახელმწიფო ტრანსპორტს არ არეგულირებს და კერძო სექტორს ოპერატორის თავად მოძიება ურჩიეს.
„დუშეთის მუნიციპალიტეტის მაშინდელმა მერმა [მანანა მაცაცო ნარიმანიძემ] ასეთი პასუხი გამცა: კახა ბენდუქიძის დროიდან მოყოლებული, ტრანსპორტს სახელმწიფო აღარ არეგულირებს, ამ სფეროს თავად კერძო ბიზნესი და მოთხოვნა-მიწოდება აწესრიგებს; თუ ასე ძალიან წუხხარ, წადი და თავად მოიძიე ბიზნესოპერატორი, რომელიც მოსახლეობის ტრანსპორტირებას მიხედავსო. გარდა დუშეთის მერისა, სხვა უწყებებშიც ვიყავი - გუბერნატორთანაც და ყველასგან დაახლოებით ერთი და იგივე პასუხი მივიღე… შემდეგ მართლაც მოვიძიე მძღოლები, მათთან ერთად ვითვლიდი და ბიზნესგეგმასაც კი ვადგენდი, რომ რომელიმე კომპანია დამეინტერესებინა, მაგრამ მათთვის ეს ხაზი არამომგებიანი და უინტერესო აღმოჩნდა. საბოლოო ჯამში, ბიზნესმა გადავწყვიტეთ, თავად შეგვესყიდა ტრანსპორტი და მძღოლის ფიქსირებული ხელფასი დაგვესუბსიდირებინა, ხოლო მიმდინარე ხარჯები - საწვავი და ცვეთა - მგზავრებს დაეფარათ, თუმცა პროექტი მოულოდნელი წინააღმდეგობის გამო შეჩერდა.
ჩვენდა გასაკვირად, ამ პროექტს ძალიან დიდი პროტესტი მოჰყვა იმ მძღოლების მხრიდან, რომლებიც თბილისიდან, „ოკრიბიდან“ გუდაურის მიმართულებით მუშაობენ. მათ ეგონათ, რომ გუდაურის ბიზნესასოციაცია ახალ ბიზნესს ქმნიდა და მგზავრებს ართმევდა, მაშინ როცა ეს ხაზი საერთოდ არ არსებობს და ზამთარში თავადაც არ უჩერებენ ამ ხალხს. ამ პროტესტის გამო, ასოციაციის წევრების ნაწილმა თავის შეკავება ამჯობინა და პროექტი შეჩერდა“, - გაიხსენა “წერტილთან” ინტერვიუში მირანდა ესაკია.
რა არის გამოსავალი?
“გუდაურის ბიზნესასოციაციის” თანადამფუძნებელი მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს აქტიური ჩართულობის გარეშე საკითხი ვერ მოგვარდება. ბიზნესი კვლავ მზად არის, პროექტი თანადაფინანსებით უზრუნველყოს, თუმცა პროცესს ადგილობრივი ხელისუფლების ნება სჭირდება.
„სახელმწიფოს ჩარევის გარეშე ეს ამბავი ვერ გამოვა. ჩვენ ისევ მზად ვართ, ხელისუფლებასთან ვითანამშრომლოთ და ნაწილობრივ დავაფინანსოთ ეს ტრანსპორტი, რადგან ეს კადრები სჭირდება ბიზნესსაც, კურორტსაც და თავად სახელმწიფოსაც - მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები მოსახლეობა დამატებითი შემოსავლის გარეშე არ უნდა დარჩეს. მოვითხოვე შეხვედრა დუშეთის მერთან და სახელმწიფო რწმუნებულთან; პირობა მივეცი ქალბატონებს, რომ შეხვედრაზე ერთად მივალთ და პირადად მოვუყვებით მათ გასაჭირს“, - აცხადებს მირანდა ესაკია.
აპირებს თუ არა ადგილობრივი ხელისუფლება გუდაურში დასაქმებული მოსახლეობის სატრანსპორტო პრობლემის მოგვარებას - ამ კითხვით BMG დუშეთის მერს, კახა ჩიტაურს დაუკავშირდება. ასევე, პრობლემის შესახებ ინფორმაციას მივაწვდით რეგიონული განვითარების ყოფილ მინისტრს, კახა გულედანს, რომელიც სამინისტროს გაუქმების შემდეგ მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს.
























