მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უგზოობა და საცობები გუდაურში - მოუსწრებს თუ არა ინფრასტრუქტურული პრობლემები ზამთრის სეზონს|GMRBA

გუდაური

გუდაურში ზამთრის სეზონის დაწყებამდე საგზაო ინფრასტრუქტურისა და პარკირების პრობლემების მოუგვარებლობა კურორტზე ახალ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ეფექტს შეუმცირებს. მთის კურორტების ბიზნესასოციაციის (GMRBA) თანადამფუძნებელი, მირანდა ესაკია BMGTV-ს გადაცემაში "ქალების ნარატივი" აცხადებს, რომ თბილისიდან გუდაურამდე მისასვლელ გზაზე მიმდინარე სამუშაოები და ახალ გუდაურთან არსებული საცობები ტურისტებისა და ბიზნესისთვის კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.

როგორც ესაკიამ ეთერში განაცხადა, მენესოს ხეობაში გზის დაახლოებით 3-კილომეტრიან მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ხუთი თვეა მიმდინარეობს, თუმცა გზა ამ დრომდე არ არის დასრულებული.

„წარმოიდგინეთ, თქვენ რომ მიდიოდეთ თბილისიდან გუდაურში, უნდა იყოთ ამ გზაზე, როდესაც საათსა და 40 წუთში, საათ-ნახევარში, ორ საათში შეგვეძლო აქამდე ჩავსულიყავით, თქვენ უნდა იყოთ 4-5 საათი გზაში. ხუთი თვეა, 3 კილომეტრი გზა ვერ დააგეს და ახლაც იგივე მდგომარეობაა“, - განაცხადა ესაკიამ.

მისივე თქმით, გადაადგილების პრობლემა განსაკუთრებით მწვავდება საახალწლო პერიოდში, როდესაც მთავარ გზაზე მისვლის შემდეგ ტურისტებს ახალ გუდაურთან მისასვლელადაც საათობით უწევთ საცობში დგომა.

„შარშან ახალი წლის პერიოდში კატასტროფა იყო. წარმოიდგინეთ, ხუთი საათი თბილისიდან მოგინდება, რომ ჩახვიდე გუდაურში, შემდეგ პატარა მონაკვეთზე, მთავარი გზიდან ახალ გუდაურამდე, კიდევ ხუთი საათი მოგიწევთ დგომა საცობში, რომ მიხვიდეთ საბაგირომდე. თუ ეს პრობლემა არ მოგვარდა, ეს არის პარკირების პრობლემა, ჩვენ ისევ იგივე პრობლემებს შევეჩეხებით“, - აღნიშნა მან.

ესაკიას განმარტებით, საცობები და პარკირების მოუწესრიგებელი სისტემა მხოლოდ ტურისტების გადაადგილებას არ აფერხებს. პრობლემები ექმნება ნარჩენების გატანასაც, ხოლო გადატვირთული გზების გამო სასწრაფო დახმარების მანქანებს შესაძლოა დანიშნულების ადგილამდე მისვლა გაუჭირდეთ.

ბიზნესასოციაციის თანადამფუძნებლის შეფასებით, პრობლემის მოსაგვარებლად აუცილებელია გზებზე გაჩერებული ავტომობილების კონტროლი და შესაბამისი სამართლებრივი მექანიზმების გამოყენება. მისი თქმით, მუნიციპალიტეტს, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მოძრაობის შემაფერხებელი ავტომობილების დაჯარიმება შეუძლია.

„ამ პრობლემის ძალიან მარტივად გადაწყვეტა შეიძლება, უბრალოდ, აქ სახელმწიფო ნებაა საჭირო. თვითონ მუნიციპალიტეტსაც კი შეუძლია - ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლით მუნიციპალიტეტსაც კი შეუძლია ქუჩაში მანქანების დაჯარიმება 200 ლარით, რომელიც ქმნის ასეთ მნიშვნელოვან გზაზე საცობს. მაგრამ არ არის სახელმწიფო ნება, როგორც ვატყობ, არ იყო აქამდე, ყოველ შემთხვევაში“, - განაცხადა ესაკიამ.

მისივე თქმით, გუდაურში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სიახლეები კურორტის მიმზიდველობას გაზრდის, თუმცა მათი ეფექტი დამოკიდებული იქნება იმაზეც, რამდენად მოგვარდება სეზონის დაწყებამდე გზისა და პარკირების საკითხები.

„ისევ თუ პარკირების პრობლემა, გზაზე გაჩერებული მანქანების, თუ გზის პრობლემა არ მოგვარდა, შევეჩეხებით ისეთ პრობლემებს, რომელიც ისევ იმ ჩიხში შეგვიყვანს და არანაირი აზრი არ ექნება წელს იმ სიახლეებს, რაც დაანონსდა, თუ არ მოგვარდა ეს ელემენტარული პრობლემები“, - აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, რომ გუდაურში 31 მილიონი ლარის ინვესტიცია იგეგმება, რომლის ფარგლებში ახალი საბაგიროებისა და სასრიალო ტრასების მოწყობაა გათვალისწინებული. დაგეგმილ სიახლეებს შორისაა ღამის სრიალიც. პარალელურად, კურორტზე ხელოვნური გათოვლიანების სისტემის გაუმჯობესებისა და სასრიალო ტრასების მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები