მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე თემურ სურამელაშვილი BMGtv-ის გადაცემაში "საქმის კურსი" ამბობს, რომ თუ საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირები ჭიათურიდან გავა, ჭიათურის მაღაროებში დასაქმებულ 3 620 პირს, ავტომატურად აღარ მიეცემა აღარც 60% ხელფასი, აღარ ექნება არც ჯანმრთელობის დაზღვევა და აღარ ექნება ბენეფიტები, რომელი დავალიანებაც დამსაქმებელს წერილობით აქვს აღიარებული კოლექტიური ხელშეკრულებით.
საქმე ის არის, რომ აქციის მონაწილე მაღაროელები ამბობენ, რომ საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება მათ ინტერესებს არ იცავდა, რის გამოც ისინი პროფკავშირების მოთხოვნებს, რომელიც მათ კომპანიის მისამართით აქვთ ემიჯნებიან და მოითხოვენ, "პეტრიაშვილის პროფკავშირმა დატოვოს ჭიათურა".
" სამწუხაროდ ძალიან დიდი კითხვის ნიშანს აჩენს, პროტესტის მონაწილეთა ლიდერების განცხადებები, რომ პროფკავშირები უნდა წავიდნენ ჭიათურიდან. ჩვენ 11 მარტს მივიღეთ ოფიციალური წერილი თანამშრომლების მასობრივი დათხოვნის შესახებ CMC-ისგან. კომპანია აცხადებდა, რომ ჩვენ წერილი ცნობად უნდა მიგვეღო და თვითონ გადიოდნენ კოლექტიური ხელშეკრულებიდან. რაც ნიშნავს იმას, რომ ის აღარ გასცემდა ხელშეკრულებაში ჩადებულ ბენეფიტებს.
თუ პროფესიული კავშირები ჭიათურიდან გავა, ჭიათურის მაღაროებში დასაქმებულ 3 620 პირს, ავტომატურად აღარ მიეცემა აღარც 60% ხელფასი, აღარ ექნება არც ჯანმრთელობის დაზღვევა და აღარ ექნება ბენეფიტები, რომელი დავალიანებაც დამსაქმებელს წერილობით აქვს აღიარებული, რომ მისი ვალია და უნდა გადაიხადოს.
ფაქტობრივად, მივდივართ იქამდე, რომ რაღაცებს ბმა აქვთ ერთმანეთთან. უცნაურია, ამ ფონზე რატომ ჩნდება ეს მოთხოვნა. სამწუხაროდ, აქციის ლიდერები აჟღერებენ ამას.
სრული პასუხისმგებლობით მინდა ვუთხრა მაღაროელებს და ჭიათურის მოსახლეობას, როგორც კი, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება თანხმობას იტყვის ჭიათურიდან გასვლაზე, ანულირდება კოლექტიური ხელშეკრულება, სადაც ყველა ის ბენეფიტია გაწერილი, რითაც დასაქმებულები სარგებლობენ", - განაცხადა სურამელაშვილმა "საქმის კურსში".
ცნობისთვის, ჭიათურელმა მაღაროელებმა პროტესტის 25-ე დღეს აქცია თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართეს და ხელისუფლებას მოთხოვნებით კიდევ ერთხელ მიმართეს. საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით, საზოგადოებრივი მაუწყებელთან მივიდნენ.
ფოტო: რადიო თავისუფლება