მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„სრულ უნდობლობას ვუცხადებთ პეტრიაშვილის პროფკავშირს... დატოვეთ ჭიათურა“ - მაღაროელები

მაღაროელი

სრულ უნდობლობას ვუცხადებთ ირაკლი პეტრიაშვილის პროფკავშირს, 3500 მაღაროელის სახელით - დატოვეთ ჭიათურა - ეს მიმართვა მაღაროელმა ტარიელ მიქაცაძემ მთავრობის ადმინისტრაციასთან ჭიათურის მაღაროელების მიერ გამართულ საპროტესტო აქციაზე განაცხადა.

აქციის მონაწილეა და მაღაროელი ამბობს, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება მათ ინტერესებს არ იცავდა, რის გამოც ისინი პროფკავშირების მოთხოვნებს, რომელიც მათ კომპანიის მისამართით აქვთ ემიჯნებიან.

„შემდეგი საყვედური და უნდობლობაა გაერთიანებული პროფკავშირების მისამართით. რომელსაც ირაკლი პეტრიაშვილი ხელმძღვანელობს. 2025 წლის 28 თებერვლიდან დღემდე მათი წარმომადგენელი არავინ მოსულა იმაზე თუ რა ხდება ჭიათურაში. გასულ წლებში მათთან ურთიერთობის ძალიან დიდი გამოცდილება გვაქვს, მაგრამ საკმარისია, მხოლოდ ბოლო 25 დღის ისტორია გავიხსენოთ. 28 თებერვლიდან დღემდე არანაირი გამოხმაურება არ მოჰყოლია, მიუხედავად იმისა, რომ ჭიათურის მაღაროებში დასაქმებულებიდან 2400-2500 წევრი ჰყავთ. ეს საქართველოში ერთ-ერთი დიდი გაერთიანებაა. ასე უპასუხისმგებლოდ მიატოვეს ისინი კომპანიის პირისპირ.

ჩვენ არ გამოგვიყვანია 28 თებერვალს არავინ ქუჩაში. ქუჩაში გამოვიდა მშიერი, შეურაცხყოფილი ჭიათურელი, ბანკებისგან და კომუნალურებისგან შევიწროებული ჭიათურელები. 28 თებერვალს პროფკავშირებს ჰქონდათ ოფიციალური მიმართვა CMC-სგან რომ ხურავდნენ მაღაროებს. 3620 ადამიანი უმუშევარი დარჩა, მოულოდნელად ქუჩაში გამოვიდა და პროფკავშირისგან ითხოვდნენ პასუხს, რომლებიც პირველი ორი დღე ამბობდნენ არაფერი ვიცითო. შემდეგ მოვთხოვეთ პროტესტისთვის საჭირო ატრიბუტები, დინამიკები, გარკვეული რაოდენობის თანხა, ტენტები - ნაცვლად იმისა რომ დახმარებოდნენ, ყველანაირი კონტაქტი გაწყდა. გავხდით იძულებული მიგვემართა ჩვენი მეგობარი იურისტებისთვის, რომ დაგვხმარებოდნენ. 7 მარტს „ჯორჯიან მანგანეზმა“ და CMC-იმ მესიჯების სახით გაავრცელა რომ გვემშვიდობებოდნენ. ჩვენმა იურისტმა გამოითხოვა საბუთები პირველადი ორგანიზაციისგან - პროფკავშირებიდან საბუთები და დაიწყო გარკვეულ დარღვევებზე საქმის წარმოება. ამ დროს პროფკავშირები იძულებულნი გახდნენ სასამართლოსთვის ალტერნატიული საჩივრით მიემართათ. ის მოთხოვნა, რომლითაც მათ სასამართლოს მიმართეს, ჭიათურელი მაღაროელების მოთხოვნებში საერთოდ არ ჯდება. არაფერს ნიშნავს საერთოდ რომ CMC-ის ლიცენზია არ შეუჩერდეს. ჩვენ ვითხოვთ CMC-მ და „ჯორჯიან მანგანეზმა“ საქართველო დატოვოს - ეს უნდა ესმოდეს მთავრობას, რომელიც მათ წინაშე ყველაზე მეტი მოთხოვნა და პასუხისმგებლობაა.

სრულ უნდობლობას ვუცხადებთ ირაკლი პეტრიაშვილის პროფკავშირს - მთელი ჭიათურის სახელით, 3500 წევრის სახელით - დატოვეთ ჭიათურა, შეასრულეთ თქვენი ნაკისრი ვალდებულება, რის სანაცვლოდაც ჭიათურიდან ძალიან დიდი თანხები გაქვთ გატანილი, საუბარია მილიონებზე და სანაცვლოდ არაფერი გაუკეთებია ჭიათურისთვის“, - განაცხადა ტარიელ მიქაცაძემ.

ცნობისთვის, ჭიათურელმა მაღაროელებმა პროტესტის 25-ე დღეს აქცია თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართეს და ხელისუფლებას მოთხოვნებით კიდევ ერთხელ მიმართეს. საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით, საზოგადოებრივი მაუწყებელთან მივიდნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები