ლიეტუველი ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიენე საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციების ორი წლისთავთან დაკავშირებით ვიდეომიმართვასა და განცხადებას ავრცელებს. ევროპარლამენტარი სოციალურ ქსელ X-ზე ქართველი ხალხის ორწლიან პროტესტს ეხმაურება და ამბობს, რომ ცვლილება, უნგრეთისა და სერბეთის მსგავსად, საქართველოშიც დადგება.
„უკვე ორი წელია, ქართველები ყოველდღიურად გამოდიან ქუჩაში თავიანთი ქვეყნის მომავლისთვის. ყოველი პროტესტის უკან დგას პირადი მსხვერპლი, რთული არჩევანი და საქართველოსადმი განსაკუთრებული სიყვარული. იცოდეთ, რომ მარტო არ ხართ. ცვლილება ადრე თუ გვიან მოვა!“ - წერს იუკნევიჩიენე.
ვიდეომიმართვაში ევროპარლამენტარი აღნიშნავს, რომ 2024 წლის 28 ნოემბერს ევროპული მომავლის დასაცავად დაწყებულ პროტესტს დღეს საქართველოში მაღალი ფასი აქვს. მისი თქმით, მშვიდობიანი პროტესტის გამო ათასობით ადამიანი დააკავეს და დააჯარიმეს, ასობით სცემეს ან არასათანადოდ მოეპყრნენ, 150-ზე მეტი ადამიანი კი ციხეში აღმოჩნდა.
იუკნევიჩიენე ვიდეომიმართვაში პოლიტპატიმრებსაც მიმართავს და აცხადებს, რომ ევროპაში მათი სახელები იციან და არ ივიწყებენ.
„პოლიტპატიმრებს: თქვენ ხართ ის ადამიანები, ვინც საკუთარი ქვეყნის მომავლის დასაცავად გამოხვედით და ამისთვის საკუთარი მომავლით გადაიხადეთ. ჩვენ ვიცით თქვენი სახელები. ჩვენ არ გივიწყებთ.
საქართველოს თვითგამოცხადებული მთავრობა შეიძლება თავს დამესხას ამ სიტყვების გამო. მათ შეიძლება თქვან, რომ ევროპაში მხოლოდ რამდენიმე ადამიანს თუ ახსოვს საქართველო. ეს სიმართლე არ არის. ევროპა გიცნობთ თქვენ, ევროპა ხედავს, რაც ხდება და ევროპა თქვენ გვერდით დგას.
ხალხი ქუჩებში გამოვიდა, რადგან ეგრეთ წოდებული „ქართული ოცნება“ წლების განმავლობაში გატყუებდათ და ამტკიცებდა, თითქოს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ისწრაფვის. ასევე ტყუილია, როცა ამტკიცებენ, რომ ევროკავშირი საქართველოს ომში ითრევს, ან რომ ისინი სხვა გზას შიშის გამო ირჩევენ. მათ რუსეთის არ ეშინიათ. პირიქით, მათ ევროკავშირის და იმ თავისუფლებების ეშინიათ, რომელთა გარანტიასაც ის თავის მოქალაქეებს აძლევს. თავისუფალი არჩევნები ამ რეჟიმის დასასრულს ნიშნავს.
სწორედ ეს მოხდა უნგრეთში, სწორედ ეს მოხდა სერბეთში და მჯერა, სწორედ ეს მოხდება საქართველოშიც. მაგრამ ცვლილება ბრიუსელიდან ან სტრასბურგიდან არ მოვა - ის საქართველოდან მოვა. ვიცი, რომ ეს რთულია. ამას დრო სჭირდება. ამას ყოველდღე სჭირდება მოთმინება, ერთიანობა და სიმტკიცე. მაგრამ ცვლილება ყოველთვის მოდის“, - აცხადებს იუკნევიჩიენე.
For two years, Georgians have taken to the streets daily for their country's future. Behind every protest lie personal sacrifices, difficult choices and an extraordinary love for Sakartvelo. Know that you are not alone. Change will come sooner or later! 🇬🇪🇪🇺 https://t.co/HTu498YJWJ
— Rasa Juknevičienė (@RJukneviciene) November 28, 2026
ცნობისთვის, დღეს, 28 ნოემბერს, საღამოს 19:00 საათზე თბილისში საპროტესტო მსვლელობები - „საქართველო ევროპაა“ გაიმართება. აქცია უკავშირდება „ქართული ოცნების“ მიერ ზუსტად ორი წლის წინ, 2024 წლის 28 ნოემბერს გამოცხადებულ გადაწყვეტილებას, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნის საკითხი 2028 წლამდე დღის წესრიგში არ დააყენოს.























