მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჩვენი ფოკუსი არა უცხოური, არამედ მივიწყებული ქართული რეცეპტების აღდგენა იქნება" - "დილისკარი"

დილისკარი

ქართული პურპროდუქტების ბრენდი "დილისკარი", რომელიც აქამდე ძირითადად HORECA (სასტუმროები, რესტორნები, კაფეები) სექტორზე იყო ფოკუსირებული, საცალო ქსელში შედის. როგორც bm.ge-სთან ინტერვიუში კომპანიის დამფუძნებელმა, მარეხ გვარამაძემ განაცხადა, ბრენდის ასორტიმენტი უახლოეს პერიოდში სუპერმარკეტების ქსელ "გუდვილში" გამოჩნდება.

დამფუძნებლის განმარტებით, ბრენდის ასორტიმენტის საფუძველი სამცხე-ჯავახეთის კულტურისთვის დამახასიათებელი თხელი ლავაშია, რომელიც საუკუნოვან კულინარიულ მემკვიდრეობას ატარებს.

"ჩვენი მიზანი სწორედ ამ უნიკალური რეცეპტის მოდერნიზაცია იყო: შევინარჩუნეთ ავთენტური, ტრადიციული გემო, თუმცა წარმოების ტექნოლოგია სრულად მოვარგეთ თანამედროვე სამზარეულოს უმაღლეს სტანდარტებსა და მოთხოვნებს. ჩვენთვის ლავაში მხოლოდ პურის სახეობა არ არის, ის ქართული პურის კულტურის თანამედროვე ინტერპრეტაციაა", - აღნიშნავს მარეხ გვარამაძე.

მისივე თქმით, ბრენდის მთავარი და ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტი ტრადიციული თეთრი ლავაშია, თუმცა, ბაზრის დინამიკიდან გამომდინარე, ასორტიმენტს ცოტა ხნის წინ ორი ახალი სახეობა - ჭვავისა და აქტივირებული ნახშირის ლავაში დაემატა.

რაც შეეხება ასორტიმენტში ევროპული ტიპის პურპროდუქტების დამატებას, მარეხ გვარამაძის თქმით, კომპანიის სამომავლო ფოკუსი არა უცხოური, არამედ უნიკალური და მივიწყებული ქართული რეცეპტების აღდგენა და განვითარება იქნება.

"მიგვაჩნია, რომ ქართულ კულინარიულ მემკვიდრეობას აქვს უზარმაზარი, ჯერ კიდევ აუთვისებელი პოტენციალი, რომელიც თავისი ავთენტურობითა და გემოვნური თვისებებით არაფრით ჩამოუვარდება ისეთ პოპულარულ ევროპულ პროდუქტებს, როგორებიცაა ფრანგული ბაგეტი თუ იტალიური ჩაბატა. "დილისკარის" მისია სწორედ ამ საგანძურის თანამედროვე, ინდუსტრიულ სტანდარტებში მოქცევა და მომხმარებლისთვის ხელახლა გაცნობაა", - აცხადებს დამფუძნებელი.

მარეხ გვარამაძის განმარტებით, "დილისკარი" დღეს თბილისისა და რუსთავის მასშტაბით 50-მდე წამყვან სარესტორნო ობიექტს ამარაგებს. მისივე თქმით, B2B სეგმენტში მიღწეული წარმატების შემდეგ, კომპანიისთვის სრულიად ბუნებრივი ეტაპია მასშტაბების გაფართოება და საცალო გაყიდვების მიმართულებით განვითარება.

რაც შეეხება ფასებს, "დილისკარის" დამფუძნებელი ამბობს, რომ ფართო აუდიტორიისთვის მისაღები ფასები.

"ჩვენი სტრატეგიული არჩევანია, მომხმარებელს შევთავაზოთ უმაღლესი ხარისხის არტიზანული პროდუქტი, თუმცა შევინარჩუნოთ ფართო აუდიტორიისთვის სრულიად მისაღები, საშუალო საფასო პოლიტიკა. გვჯერა, რომ პრემიუმ ხარისხი ხელმისაწვდომი უნდა იყოს იმ მომხმარებლისთვისაც, ვინც ყოველდღიურ რაციონში უკეთეს ალტერნატივას ეძებს", - განმარტავს მარეხ გვარამაძე.

როგორც კომპანიის დამფუძნებელი აღნიშნავს, "დილისკარის" საწარმოო ხაზის ამჟამინდელი მაქსიმალური დღიური წარმადობა 20 000-მდე ერთეულ პურპროდუქტს შეადგენს, საიდანაც საწყის ეტაპზე ათვისებულია დაახლოებით 30%. მარეხ გვარამაძის თქმით, ეს მოცემულობა კომპანიას აძლევს შესაძლებლობას, მოკლე ვადებში დააკმაყოფილოს საცალო ქსელებისა და ახალი პარტნიორების მხრიდან მზარდი მოთხოვნა, რადგან საწარმოს 3-ჯერ მეტი წარმოების რეზერვი გააჩნია.

ამ ეტაპზე არსებულ საოპერაციო გამოწვევებზე საუბრისას, მარეხ გვარამაძე აცხადებს, რომ მთავარი სირთულე ნედლეულის, კერძოდ კი ფქვილის ხარისხის სტაბილურობის შენარჩუნებაა.

"ვინაიდან ჩვენი პროდუქტის მთავარი ღირებულება მისი არტიზანული, ნატურალური ხასიათია, ნედლეულის მცირე ცვლილებაც კი პირდაპირ აისახება საბოლოო შედეგზე. ამასთანავე, მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს ტექნოლოგიური განვითარებისა და ხარისხის სტანდარტის ბალანსი. ჩვენი მიზანია, წარმოების მასშტაბირებისა და ახალი ტექნოლოგიების ინტეგრირების პარალელურად, არ დავკარგოთ ის უნიკალური, ხელით დაზელილი პურის ავთენტურობა და გემო, რაზეც ბრენდის მისია თავიდანვე აიგო", - აღნიშნავს დამფუძნებელი.

კონკურენციასთან დაკავშირებით, მარეხ გვარამაძის თქმით, "დილისკარი" ბაზარზე მკაფიოდ გამოხატული, ნიშური პოზიციონირებით გამოირჩევა, რაც მას სრულიად განასხვავებს როგორც უბნის თონეების, ისე მასობრივი პურკომბინატებისგან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები