მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჩვენი გეზი, ძირითადად, ევროკავშირისკენ უნდა იყოს... გვჭირდება დამოუკიდებელი სასამართლო|რევაზ ვაშაკიძე

რეზო ვაშაკიძე

ბიზნესმენ რევაზ ვაშაკიძის აზრით, საქართველოში წერტილი უნდა დაესვას უსამართლობას. კვების პროდუქტების მწარმოებელი კომპანია "ჩირინას" მმართველი პარტნიორის და დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობის გაზრდისთვის საჭიროა, დამოუკიდებელი სასამართლოს შექმნა და ასევე, ევროინტეგრაციის გაგრძელება. „ევროპასთან და ამერიკასთან ჩვენი თანამშრომლობა მხოლოდ ფულის მოზიდვა კი - არა, ცოდნის მოზიდვაცაა“, - აღნიშნა მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში.

- „ქართული ოცნების“ მთავრობა 2017 წელს გაუქმებულ საინვესტიციო სააგენტოს ხელახლა ქმნის... თქვენი აზრით, რა სჭირდება ქვეყანას როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ინვესტორების დასაინტერესებლად - რა არის მთავარი იმისთვის, რომ აქ „შემოვიტყუოთ“ ინვესტორები?

- საჭიროა დამოუკიდებელი სასამართლო - არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ბიზნესის თვალსაზრისითაც... ის, რაც ახლა ჩვენს თავს მოხდა, კატასტროფაა [კომპანია „ჩირინას“ დავა აქვს „ყვარლის ბაგასთან“] მსგავსი შემთხვევები ნებისმიერ ბიზნესმენს და ნებისმიერ სფეროს ძალიან დაამუხრუჭებს. ამიტომ გვჭირდება გამართული სასამართლო. ჩვენ ძალიან დიდი პროგრესი განვიცადეთ, გვაქვს მყარი ვალუტა, რაც ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტია, თუმცა ახლა უფრო მეტი გახსნილობაა საჭირო... ახლახან სომხეთში ვიყავი და გული მწყდება, რომ ბევრი ხალხი, უფრო სომხეთში მიდის და იქ იხილავენ ამ [ინვესტიციების] საკითხებს, არადა ჩვენ უფრო მეტი პოტენციალი გვაქვს და უნდა განვითარდეთ.

- რას გულისხმობთ მეტ გახსნილობაში - ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე დაბრუნებას?

- მე პოლიტიკით არ ვარ დაკავებული, მაგრამ ჩვენი გეზი ძირითადად ევროკავშირისკენ უნდა იყოს. ერთ ინფორმაციას მოგაწვდით, რომელიც შესაძლოა, არ იცით: ჩვენ ხომ საბჭოთა კავშირიდან მოვედით, სადაც თავიდან საბანკო სისტემის პრობლემა იყო - არ იცოდნენ, როგორ ემუშავათ. რეალურად, ამერიკისა და ევროკავშირის დახმარებით მივიღეთ საბანკო სისტემა, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა აღმოსავლეთ ევროპაში. ამიტომ ევროპასთან და ამერიკასთან თანამშრომლობა მხოლოდ ფულის მოზიდვას [არ ნიშნავს], ეს ცოდნის მოზიდვაცაა. ბევრი ქართველი საზღვარგარეთ წარმატებულია, ისინი უნდა დაბრუნდნენ და მათ შესაბამისი პირობები უნდა შეექმნათ.

- რას უნდა დაესვას წერტილი საქართველოში?

- წერტილი უნდა დავუსვათ უსამართლობას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები