მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ოცნების" პირობებში ქვეყანას ევროინტეგრაციის გზაზე პერსპექტივა არ აქვს - ელგუჯა ხოკრიშვილი

ელგუჯა ხოკრიშვილი

ევროკომისიის გაფართოების ანგარიში არის პირდაპირი განაჩენი "ქართული ოცნების" ბოლო წლების პოლიტიკისთვის - ასე აფასებს გერმანიაში საქართველოს ყოფილი ელჩი, ეკონომისტი ელგუჯა ხოკრიშვილი ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ გაფართოების ახალ დოკუმენტს.

ანგარიშში, რომელსაც ევროკომისია ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოს წარუდგენს, ხაზგასმულია, რომ ფუნდამენტური პრინციპების მიმართ უკუსვლა ადასტურებს საქართველოს კანდიდატობას მხოლოდ "ქაღალდზე" და კურსის უცვლელობის შემთხვევაში ქვეყანა გაწევრიანების პროცესის უპირატესობებით ვერ ისარგებლებს.

გადაცემა "ანალიტიკას" ეთერში ელგუჯა ხოკრიშვილმა ამ შეფასების პოლიტიკურ და ეკონომიკურ საფრთხეებზე ისაუბრა.

როგორც ელგუჯა ხოკრიშვილმა აღნიშნა, გაფართოების ანგარიში კანდიდატი ქვეყნის მიერ განხორციელებული რეფორმების ობიექტური შეფასების ინსტრუმენტია და მისი შინაარსი ცხადყოფს, რომ ქვეყანაში დემოკრატიული უკუსვლა განგრძობითია.

"ის, რაც უკვე ცნობილი და საჯაროა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის პირდაპირი განაჩენი "ქართული ოცნების" ბოლო წლების პოლიტიკისთვის. ქვეყანას როდესაც კანდიდატის სტატუსი მიენიჭა, ეს მოხდა კონკრეტული პირობითობითა და რეკომენდაციებით, რომლებიც ევროკომისიამ გასცა. სტატუსის მინიჭებისას გათვალისწინებული იყო ქართველი ხალხის ნება.

წინა წლის ანგარიშის შეფასება უკვე აჩვენებდა, რომ ქვეყანას ბევრი მიმართულებით ჰქონდა უკუსვლა, წლევანდელი შეფასება კი ადასტურებს, რომ ეს უკუსვლა არის განგრძობითი. ამას ემატება ფორმულირება, რომ კანდიდატის სტატუსი ქვეყანას აქვს მხოლოდ ფორმალურად და ის ვერ სარგებლობს ვერცერთი სიკეთით, რითაც კანდიდატმა ქვეყანამ უნდა ისარგებლოს.

ეს რომ გასაგებ ენაზე გადავთარგმნოთ, ნიშნავს იმას, რომ დღეს ქვეყანა არანაირ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებს კანდიდატის სტატუსისთვის. რა თქმა უნდა, საბოლოო პოლიტიკური გადაწყვეტილება ევროპულმა საბჭომ უნდა მიიღოს, მაგრამ შეფასების ანგარიშის მიზანი სწორედ რეფორმების ობიექტური აღწერაა", - განმარტავს ელგუჯა ხოკრიშვილი.

ყოფილი ელჩის შეფასებით, ანგარიშში განსაკუთრებით საგანგაშოა უვიზო რეჟიმთან დაკავშირებული ჩანაწერები, რაც რეალურ საფრთხეს უქმნის საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპაში თავისუფალ გადაადგილებას:

"ძალიან რისკის შემცველი ჩანაწერია ვიზალიბერალიზაციასთან მიმართებითაც. აქაც შეფასება ეფუძნება იმას, რომ უვიზო რეჟიმი თავის დროზე კონკრეტული პირობითობით მიენიჭა ქვეყანას. დღეს კი არსებობს ყველა საფუძველი იმისა, რომ თუ შესაბამისი ნაბიჯები არ გადაიდგმება, ქვეყანა ამ კრიტერიუმებსაც ვეღარ დააკმაყოფილებს".

ელგუჯა ხოკრიშვილმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ევროკავშირმა გაფართოების ლოგიკა შეცვალა და კანდიდატებს ეტაპობრივ ეკონომიკურ სარგებელს სთავაზობს, რასაც საქართველოს ხელისუფლება იგნორირებას უკეთებს.

"არავინ იცის, რამდენი ხანი გაგრძელდება ეს შესაძლებლობების ფანჯარა. დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ევროკავშირის მხრიდან გაფართოების ლოგიკა შეიცვალა - კანდიდატ ქვეყნებს ევროკავშირი სთავაზობს გაწევრიანების კონკრეტულ გეგმას, რომელიც გამყარებულია ეტაპობრივი ეკონომიკური სარგებლით და პირდაპირ აისახება მოსახლეობაზე.

ეკონომიკის ნაწილი აუცილებლად ორად უნდა გავყოთ: ერთი არის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ტექნიკური ჰარმონიზაცია, ხოლო მეორე - ერთიან ბაზარზე წვდომა, ინტეგრაცია და ქვეყნის სექტორების ტრანსფორმაცია. სწორედ ეს არის გრძელვადიანი წარმატების, განვითარებისა და კეთილდღეობის მომტანი. ეს არ არის ისეთი მოკლევადიანი ეკონომიკური ზრდა, როგორიც გეოპოლიტიკური ვითარების გამო დროებით გაჩენილი ტურისტული ნაკადებიდან გვაქვს, რაც არც ინკლუზიურია და არც საზოგადოებაზე სამართლიანად გადანაწილებული. პირიქით, ჩვენ ვხედავთ რესურსების არასწორ გადანაწილებას, როდესაც მთელი ეკონომიკა რუსეთიდან იმპორტის გაზრდაზე ებმება და ევროპულ ბაზარში ინტეგრაციას შორდება", - აღნიშნავს ელგუჯა ხოკრიშვილი.

ეკონომისტის თქმით, ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან თავსებადობის შემცირება ადასტურებს, რომ მმართველი გუნდის მხრიდან ევროინტეგრაციაზე უარის თქმა გაცნობიერებული არჩევანია.

"ევროკავშირი, როგორც გეოპოლიტიკური აქტორი, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საგარეო და უსაფრთხოების საკითხებს. ამ კუთხით მკაფიო უკუსვლა გვაქვს: თუ გასულ წელს საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის თავსებადობა ევროკავშირთან 40% იყო, წლევანდელ ანგარიშში ეს მაჩვენებელი 38%-მდეა შემცირებული. დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან ერთად ჩატარებულ პირველი ექვსი თვის ალტერნატიულ შეფასებაში ჩვენი თავსებადობა სულ რაღაც 32%-ია და ამ მაჩვენებლით სომხეთიც კი გვისწრებს.

ეს პირდაპირ მიუთითებს პოლიტიკურ ნებასა და გადაწყვეტილებაზე - ეს არის მიზანმიმართული უარის თქმა ევროინტეგრაციაზე და ქვეყნის იზოლირება. მიღებულია გადაწყვეტილება, რომ საქართველო მოიაზრებოდეს ეგრეთ წოდებულ ევრაზიულ, ავტოკრატიულ ალიანსში. ამას ემსახურება ყველა ის კანონი, რომელიც ამ ავტოკრატიული ქვეყნებისთვისაა დამახასიათებელი და პირდაპირ გადმოკოპირებულია - დაწყებული "აგენტების კანონიდან", დამთავრებული პროპაგანდისტული რიტორიკით, თითქოს დასავლეთი მტერია.

ეს არის "ქართული ოცნების" გაცნობიერებული პოლიტიკური გადაწყვეტილება. არსებული ხელისუფლების პირობებში ქვეყანას ევროინტეგრაციის გზაზე არც პერსპექტივა აქვს და არც მომავალი - ეს ნიშნავს უმნიშვნელოვანესი ისტორიული შესაძლებლობის ფაქტობრივ დაკარგვას", - აღნიშნავს

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები