მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩვენი ინტერესია, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან ეკონომიკური ურთიერთობები გაღრმავდეს - ქვრივიშვილი

ქვრივიშვილი

"ქართული ოცნების" ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იმყოფება და აბუ - დაბის მდგრადი განვითარების კვირეულში საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში მონაწილეობს.

დელეგაციას "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს.

როგორც ქვრივიშვილი ამბობს, ვიზიტის ფარგლებში გაიმართება მნიშვნელოვანი ორმხრივი შეხვედრები როგორც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ასევე მსხვილ ინვესტორებთან.

„მჭიდრო თანამშრომლობა გვაკავშირებს არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან. ჩვენი ინტერესია, გაღრმავდეს არსებული სავაჭრო - ეკონომიკური ურთიერთობები, დამატებით მოვიზიდოთ კიდევ უფრო მეტი ინვესტიცია, რომელიც გააძლიერებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის არაერთ მნიშვნელოვან დარგს, მათ შორის, სატრანსპორტო მიმართულებას, ლოგისტიკას, სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიას, დეველოპერულ სექტორს. დარწმუნებული ვართ, რომ აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში ჩვენს ქვეყანაში ხელშესახები შედეგებით დავბრუნდებით,“ - ამბობს ის.

ქვრივიშვილის თქმითვე, პრემიერ-მინისტრს ექნება შესაძლებლობა, სიტყვით მიმართოს ფორუმის დამსწრე საზოგადოებას.

“პრემიერ-მინისტრი დეტალურად ისაუბრებს იმ მნიშვნელოვანი მიღწევების შესახებ, რომელიც ჩვენს ქვეყანას გააჩნია, განსაკუთრებით სატრანსპორტო და ლოგისტიკური სექტორის მიმართულებით, საქართველოს როლზე შუა დერეფანში, ასევე რა მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს ჩვენი ქვეყანა, განსაკუთრებით მსხვილი ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით, მათ შორის, როგორიცაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, ასევე საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაცია და მისი შემდგომი განვითარება იმისთვის, რომ ქვეყანამ განაგრძოს, იყოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დასაყრდენი და სანდო პარტნიორი შუა დერეფანში,“ - ამბობს მარიამ ქვრივიშვილი ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ კომენტარში.

აბუ-დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის სამიტში, რომლის მთავარი თემაა თანამშრომლობა, ინვესტიციები და ინოვაციები, სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურები, ბიზნესლიდერები, ახალგაზრდა ინოვატორები და პოლიტიკოსები მონაწილეობენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები