აზერბაიჯანის პრემიერი ალი ასადოვი ამბობს, რომ აზერბაიჯანული ინვესტიციების წყალობით, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ბრუნვა 1 მლნ-დან 5 მლნ ტონამდე გაიზარდა.
"გასულ წელს ჩვენი ტვირთბრუნვის მომსახურება ბაქო-თბილისი-ყარსით გაიზარდა 1 მლნ-დან 5 მლნ ტონამდე, აზერბაიჯანული ინვესტიციების წყალობით. ამავდროულად, მეორე ეტაპი ამ განვითარებაში დაიწყო ბაქოში საერთაშორისო საზღვაო პორტის საშუალებით, რომელიც აკავშირებს ძირითად სარკინიგზო და სახმელეთო გზებს. აზერბაიჯანი რეგიონში უმსხვილესი სავაჭრო ფლოტის მქონე ქვეყანაა. ეს და რამდენიმე სხვა ფაქტორი აზერბაიჯანს აქცევს ერთ-ერთ მნიშვნელოვან სატრანზიტო ჰაბად. ყველა ეს ასპექტი შუა დერეფნის შემადგენელი ნაწილია", - განაცხადა აზერბაიჯანის პრემიერმა "აბრეშუმის გზის" ფორუმზე გამოსვლისას.
ცნობისთვის, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი 2017 წლის 30 ოქტომბერს ამოქმედდა. პროექტის ფარგლებში აშენდა ყარსი-ახალქალაქის 98 კმ-იანი რკინიგზა, რომლის 68 კმ თურქეთის ტერიტორიაზეა, 30 კმ კი საქართველოს ტერიტორიაზე. ამავე პროექტით საქართველოში ახალქალაქი-თბილისის 183 კმ-იანი სარკინიგზო მონაკვეთის რეკონსტრუქცია მოხდა. ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის საერთო სიგრძე 827 კმ-ია.




























