მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჩვენი მიზანი პირველ სამ წელიწადში 7 მილიონი ვიზიტორია" - Tbilisi Outlet Village

აუთლეტ ვილიჯი

რეგიონში პირველი "აუთლეტ" ცენტრი - Tbilisi Outlet Village - 26 სექტემბერს გაიხსნება და, პირველი ფაზის ფარგლებში, 15 ბრენდს გააერთიანებს, წლის ბოლომდე კი აუთლეტ ვილიჯში წარმოდგენილი ბრენდების რაოდენობა 55-მდე გაიზრდება - ამის შესახებ "საქმიანი დილას" ეთერში Tbilisi Outlet Village-ის მარკეტინგის დირექტორი, ბილი ისიანი საუბრობს.

"26 სექტემბრიდან პირველი, სამთვიანი ფაზის გახსნის ნაწილზე გადავდივართ, რაც გულისხმობს იმას, რომ 26 სექტემბრიდან 15 ბრენდით გავიხსნებით და ეტაპობრივად, ოქტომბერში, ნოემბერში, დეკემბერში, დაგვემატება 15-15 ბრენდი და დეკემბრისთვის უკვე 55 ბრენდზე ავალთ.

პროექტი ორ ფაზად გვაქვს დაყოფილი. პირველი ფაზა 65 ბრენდს და შვიდ გასტრონომიულ ცენტრს მოიცავს. დეკემბრის ბოლომდე 65-დან 55 შევსებული იქნება და 2026 წლის მიზანი კი უკვე იმ 10 ბრენდის შევსება იქნება. იმის გარდა, რომ ვმუშაობთ ადგილობრივ ბაზარზე არსებული ბრენდების შემოსვლაზე, ასევე ვმუშაობთ იმაზე, რომ ექსკლუზიურად, საერთაშორისო სტანდარტების დაცვით, შემოვიყვანოთ პრემიუმ ბრენდები, ისეთები, რომლებიც ჯერ საქართველოში არ არიან", - განაცხადა ბილი ისიანმა.

Tbilisi Outlet Village-ის მარკეტინგის დირექტორი აღნიშნავს, რომ პროექტის სრულად განხორციელების შემდეგ, კომპანია 120 ბრენდს მოუყრის თავს, მათ შორის ფუფუნების სექტორიდან.

"პირველ ფაზაში 65 ბრენდი როგორც კი სრულად შეივსება, 100%-ით, გადავდივართ მეორე ფაზის მშენებლობაზე. ეს არის ამ პროექტის გაგრძელება და 2028 წლისთვის ჯამში უკვე გვეყოლება 120 ბრენდი და 12 გასტრონომიული ცენტრი.

თავიდან გვქონდა გეგმა, რომ რადგან პრემიუმ სეგმენტში ვართ, აუთლეტ ვილიჯი ყოფილიყო უფრო ფუფუნების მიმართულებით და შემოგვეყვანა ისეთი ბრენდები, როგორებიც არიან მაგალითად Louis Vuitton, Prada, Gucci. ამ ტიპის ბრენდებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მომხმარებლის და ზოგადად ბაზრის მხარჯველუნარიანობის სწორად შეფასება. ამიტომ გვინდა, რომ მსგავსი ტიპის ლუქს ბრენდებს შევთავაზოთ ნამდვილი ციფრები, რასაც პირველი ფაზით შევასრულებთ და, უკვე მეორე ფაზისთვის მივცეთ შესაძლებლობა, რომ შემოვიდნენ იმ ბაზარზე, რომელზეც ჯერჯერობით არ არიან", - განმარტავს ისიანი.

ამ გეგმის შესასრულებლად აუთლეტ ვილიჯი პირველი 3 წლის განმავლობაში რამდენიმე მილიონი ვიზიტორის მოზიდვას ეცდება. როგორც კომპანიის მარკეტინგის დირექტორი აღნიშნავს, აუთლეტ კომპლექსი უკვე თანამშრომლობს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან, რათა კომპანიამ უცხოელი ვიზიტორები მოიზიდოს.

"ჩვენი მიზანი პირველ სამ წელიწადში შვიდი მილიონი ვიზიტორია. 55-60% მოდის საერთაშორისო და მეზობელი ქვეყნის ტურიზმზე, 40% - ლოკალურ ბაზარზე. ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან, რადგან შოპინგ-ტურიზმი, როგორც ერთ-ერთი მთავარი მარკეტინგული საკომუნიკაციო არხი, გახდეს მათი სოციალური ქსელების და გზავნილების ნაწილი. ადმინისტრაციასთან ერთად ჩვენც ცალკეც გავაკეთეთ პლატფორმა, უკვე 70-ზე მეტ ტუროპერატორს ვაერთიანებთ, რომლებიც შემომავალ ტურიზმზე მუშაობენ და მათი დახმარებით გვინდა, რომ იმ ჩამოსულ სტუმრებს, რომლებსაც სურდათ უბრალოდ თბილისის დათვალიერება, დამატებით ჰქონდეთ შოპინგ-ტურიზმის შესაძლებლობა და მოვიყვანოთ ეს ვიზიტორები აუთლეტში", - განმარტავს ბილი ისიანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები