ციფრულ სივრცეში VIAGO-მ დაიწყო ოპერირება. ახალი პლატფორმის მიზანი ბიზნესებსა და სატრანსპორტო კომპანიებს ერთმანეთთან დაკავშირება და ტვირთის გადაზიდვის პროცესის გამარტივებაა.
პლატფორმის წარმომადგენლებმა BM.GE-სთან განაცხადეს, რომ VIAGO-ს მთავარი მიზანი ლოგისტიკურ პროცესებში არსებული ქაოსური კომუნიკაციის სისტემატიზაციაა.
„VIAGO ბიზნესებს სატრანსპორტო კომპანიებთან ციფრულ სივრცეში აკავშირებს. ამ ეტაპზე, პლატფორმა პილოტირებისა და Early Access-ის ფაზაშია. პროდუქტი ტექნიკურად სრულად მზად არის, თუმცა ამჟამად, სტრატეგიულ პარტნიორებთან ინდივიდუალური მოლაპარაკებების პროცესში ვართ. ეს გვეხმარება, სრულმასშტაბიან გაშვებამდე სისტემა რეალურ ბიზნეს-საჭიროებებს მაქსიმალურად მოვარგოთ“, - აცხადებენ კომპანიაში.
მათივე განმარტებით, პლატფორმა ერთგვარი გზამკვლევია როგორც დამწყები იმპორტიორ-ექსპორტიორებისთვის, ასევე ეფექტური ინსტრუმენტია სატრანსპორტო კომპანიებისთვის : „ჩვენი მიზანია პროცესის სრული სისტემატიზაცია - ერთი მხრივ, ბიზნესს ვეხმარებით უკეთ გაიაზროს ლოგისტიკური პროცესი, ხოლო მეორე მხრივ, გადამზიდავებს ვაწვდით სრულყოფილ ინფორმაციას ტვირთზე, რაც ზოგავს დროს და ამცირებს ზედმეტ კომუნიკაციას“, - აცხადებენ VIAGO-ში.
როგორც კომპანიაში განმარტავენ, ტრადიციული მოდელისგან განსხვავებით, პლატფორმა მთელ პროცესს ერთ სივრცეში აერთიანებს - მომხმარებელი ავსებს ტვირთის მონაცემებს და ერთი დაწკაპუნებით აგზავნის მოთხოვნას სხვადასხვა გადამზიდავთან. შედეგად, ყველა შეთავაზება ერთიან ცხრილში გროვდება, რაც ბიზნესს ფასებისა და ვადების სწრაფი შედარების საშუალებას აძლევს.
“პროცესი მაქსიმალურად გამარტივებულია - მომხმარებელი უთითებს მარშრუტს, ტრანსპორტირების მეთოდს, ტვირთის სპეციფიკაციებსა და დამატებით სერვისებს. მოთხოვნის გაგზავნისთანავე ინფორმაცია იგზავნება როგორც სისტემაში ინტეგრირებულ, ისე მომხმარებლის მიერ დამატებულ კომპანიებთან, ხოლო მიღებული შეთავაზებები რეალურ დროში აისახება პირად პანელში. პლატფორმა უნივერსალურია და მხარს უჭერს ტრანსპორტირების ყველა ძირითად მეთოდს - სახმელეთოს, საავიაციოს, სარკინიგზოსა და საზღვაოს, მსოფლიოს მასშტაბით.
პლატფორმის მომხმარებლები არიან როგორც იმპორტიორ-ექსპორტიორი კომპანიები, ისე ლოგისტიკური ოპერატორები. ჩვენი ამოცანაა, ორივე მხარეს დავუზოგოთ დრო და შევქმნათ ეფექტური თანამშრომლობის გარემო“, - განმარტავენ კომპანიაში.
მათივე ინფორმაციით, განსაკუთრებული აქცენტი კეთდება მცირე და საშუალო ბიზნესზე, რომელთაც ხშირად არ აქვთ რესურსი ბაზრის სრულფასოვანი კვლევისთვის. პლატფორმა მათ აწვდის დამატებით საინფორმაციო მასალებს და აკავშირებს სანდო გადამზიდავებთან.
"ამ ეტაპზე VIAGO-ს გამოყენება უფასოა, თუმცა მომავალში შესაძლოა პლატფორმას პრემიუმ ფუნქციონალები და ავტომატიზაციის სერვისები დაემატოს, მაგრამ საბაზისო საკომუნიკაციო შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი დარჩება“, - აცხადებენ VIAGO-ში.
სამომავლოდ კომპანია პლატფორმის განვითარებას, მათ შორის დამატებითი ინსტრუმენტებისა და AI ტექნოლოგიების ინტეგრირებას გეგმავს, თუმცა ამ ეტაპზე მთავარი აქცენტი მომხმარებლების უკუკავშირზე კეთდება: „ჩვენი მიზანია, VIAGO დამკვიდრდეს როგორც ყველაზე ეფექტური და ხელმისაწვდომი პლატფორმა, ხოლო შემდეგი ნაბიჯი საერთაშორისო ბაზრებზე გასვლაა, რაც ქართულ ბიზნესს ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის“, - აცხადებენ კომპანიაში.




























