მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„ჩვენი მიზანია, შემდეგ სხდომას ნაკლები გამოწვევებით შევხვდეთ“ - რა საკითხები განიხილეს ავიაციის კომიტეტის სხდომაზე?

აეროპორტების გაერთიანება

ქვეყნის საავიაციო სტრატეგია, ვაზიანის აეროპორტის პროექტი, ავიაციისა და ტურიზმის სფეროების ინტეგრაციისა და განვითარების საკითხი და სექტორის სხვა მიმდინარე გამოწვევები - ეს ის საკითხებია, რომლებზედაც 30 მაისს გამართულ ავიაციის კომიტეტის შეხვედრაზე იმსჯელეს. სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ ორგანიზებული დარგობრივი შეხვედრა რიგით მეხუთე იყო და მას საავიაციო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრა გახსნეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ — მარიამ ქვრივიშვილმა, სავაჭრო პალატის საავიაციო კომიტეტის თავმჯდომარემ — გიორგი მოლოდინაშვილმა და გენერალური დირექტორის მოადგილემ — მაგდა ბოლოთაშვილმა.

სავაჭრო-სამრეწველო პალატის გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა: წევრმა კომპანიებმა დააფიქსირეს საკუთარი ხედვები, აგრეთვე, მოისმინეს პოზიციები როგორც მინისტრის მოადგილისგან, ისე — საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისგან და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსგან.

„მნიშვნელოვანი და ინფორმაციული შეხვედრა შედგა ავიაციის სექტორისთვის და დიალოგი ბიზნესსა და ადმინისტრაციულ ორგანოებს შორის კომიტეტის მუშაობის ფარგლებში გაგრძელდება. ჩვენი მიზანია, რომ შემდეგ სხდომას შევხვდეთ ნაკლები გამოწვევებით და მეტი განხორციელებული პროექტით, რაც დღეს აქ შეკრებილი მხარეების მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს,“ — გიორგი მოლოდინაშვილი.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით კი საუბრის მთავარი თემა ქვეყნის საავიაციო სტრატეგიაზე მუშაობის დაწყების საკითხების განხილვა იყო. ასევე, კეიპტაუნის კონვენციასთან საქართველოს მიერთების საკითხი, რომელიც ამჟამად რატიფიცირებაზე საქართველოს პარლამენტშია გადაგზავნილი. საერთაშორისო კონვენციასთან მიერთების შემდეგ ქართულ ავიაკომპანიებს თვითმფრინავების ლიზინგით გაცემა შეეძლებათ.

,,ჩვენი თანაორგანიზებით, ავიაციის კომიტეტის წევრებთან ნაყოფიერი და მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა. განვიხილეთ დღესდღეობით საქართველოს საავიაციო სექტორში არსებული გამოწვევები, ყველა ტექნიკური დეტალი, რომელიც ავიაკომპანიებისთვის და სექტორში დასაქმებული სხვა წარმომადგენლებისთვის მნიშვნელოვანია. ძალიან მნიშვნელოვანი იყო კეიპტაუნის კონვენციის საკითხის განხილვა. აღვნიშნავთ იმ ფაქტს, რომ წლის ბოლომდე საქართველო მიუერთდება კეიპტაუნის კონვენციას, რაც საშუალებას მისცემს და გაუადვილებს ავიაკომპანიებს საჰაერო ხომალდების ბაზირებას საქართველოში.

განვიხილეთ ყველა მიმდინარე პროექტი, რომელზეც ამ დროისთვის საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ჩართულობით მუშაობს, მათ შორის ვისაუბრეთ ვაზიანის აეროპორტის სტატუსზე, ქუთაისში მიმდინარე 3,5 კმ-იანი ასაფრენ დასაფრენი ზოლისა და მასთან დაკავშირებული სააეროდრომო ინფრასტრუქტურის მშენებლობის შესახებ“, - განაცხადა ლევან მოსეშვილმა.

ავიაციის კომიტეტის სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და წევრებმა ავიაციის სექტორში არსებული გამოწვევები განიხილეს. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ზაფხულის სანავიგაციო სეზონისთვის მზადებაზე ასევე, საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში იანვარ-აპრილში მგზავრთნაკადის ისტორიულ მაჩვენებელზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები