მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ჩვენი მიზანია, Softgen-ი გახდეს რეგიონალური ბრენდი" - ბექა ლილუაშვილის გეგმები ბიზნესში

ბექა ლილუაშვილი

საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი და ეკონომისტი ბექა ლილუაშვილი პოლიტიკიდან წავიდა და კერძო სექტორში დაბრუნდა.

"რასაც აქვს დასაწყისი, ყოველთვის აქვს დასასრული. [კარიერის] ამ ფურცელს უბრალოდ ვხურავ. სიმართლე გითხრათ, ჩემთვის პოლიტიკა არასდროს არ ყოფილა საბოლოო კარიერული განვითარების მიზანი, თუმცა ვფიქრობ, ეს გზა საკმაოდ პროდუქტიულად გავიარე, რის შესაძლებლობასაც გარემო იძლეოდა და, ბუნებრივია, ახლა უკვე იწყება ახალი ეტაპი", - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში.

ის ციფრული ტექნოლოგიების კომპანია Softgen Group-ის ასოცირებული პარტნიორი და ბიზნესგანვითარების მიმართულების ხელმძღვანელი გახდა. მისი ბიზნეს-სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი ღერძი ცენტრალური აზიის ბაზრების ათვისება და ქართული ფინტეკ-სერვისების ექსპორტია.

„Softgen ჯგუფი“ 17 წელზე მეტია ბაზარზეა. მათ პორტფელში, დაახლოებით, 50-მდე პროდუქტია დაგროვილი. ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად გავზარდოთ რეგიონალური ხელმისაწვდომობა ამ პროდუქტებზე და Softgen-ი გახდეს რეგიონალური ბრენდი“, - აცხადებს ბექა ლილუაშვილი.

მისივე თქმით, კომპანია უკვე აქტიურად მუშაობს უზბეკეთის, ყაზახეთისა და ყირგიზეთის ბაზრების ათვისების მიმართულებით.

„წერტილთან“ ინტერვიუში „Softgen ჯგუფის“ გუნდის ახალმა წევრმა ვრცლად ისაუბრა უზბეკეთის ეკონომიკის ტრანსფორმაციულ დინამიკაზე, სადაც ფინტეკისა და ეფექტური ციფრული მართვის ინსტრუმენტებზე მოთხოვნა მზარდია.

„უზბეკეთში მიმდინარე პრივატიზების პროცესი და საბანკო-საფინანსო სექტორის რეფორმა ქმნის ნიშას ქართული გამოცდილებისთვის... რეგიონში არსებული დაბალი ტექნოლოგიური სტანდარტის ფონზე, Softgen-ის მიერ საქართველოში აპრობირებული სისტემები მაღალკონკურენტუნარიანია. ჩვენი ამოცანაა, ეს ბრენდი გახდეს რეგიონალური და მისი ხარისხი იყოს ქართული წარმოების საუკეთესო ასოციაცია სხვადასხვა ქვეყანაში“, - ამბობს ბექა ლილუაშვილი.

ამასთან, ბექა ლილუაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარება არა ტრადიციულ სექტორებზე (მაგ. მშენებლობა), არამედ სერვისებისა და ტექნოლოგიების ექსპორტზე უნდა დაშენდეს. მისი გეგმები მოიცავს არა მხოლოდ ბიზნესის მართვას, არამედ საკონსულტაციო და საგანმანათლებლო მიმართულებების განვითარებასაც.

„მჯერა, რომ გრძელვადიანი და მდგრადი ცვლილებები მოდის ძლიერი კომპანიების მშენებლობით და იმ სექტორების ხელშეწყობით, რომლებსაც ეკონომიკური განვითარება მოაქვთ. ჩემი ფოკუსი ახლა სწორედ აქ არის“, - აცხადებს ყოფილი დეპუტატი.

ცნობისთვის: "სოფტგენი ჯგუფი" არის ციფრული ტექნოლოგიების კომპანია, რომელიც სპეციალიზებულია ბიზნეს პროცესების ციფრულ გარდაქმნასა და კლიენტზე მორგებული ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების შექმნაზე. 15 წელზე მეტი გამოცდილებით საქართველოსა და საერთაშორისო ბაზრებზე, კომპანია ახორციელებს 50-ზე მეტ პროექტს ფინანსების, ლოგისტიკის, ადამიანური რესურსების, საჯარო ადმინისტრირების, ელექტრონული კომერციისა და უსაფრთხოების სფეროებში. კომპანიის წლიური ბრუნვა 15 მლნ დოლარია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები