მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჩვენი მხრიდან არ ყოფილა კონსტიტუციის საკუთარ თავზე მორგების არცერთი მცდელობა - ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე
24.08.25 11:50
515

"ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერის, ირაკლი კობახიძის თქმით, მმართველი გუნდის მხრიდან არ ყოფილა კონსტიტუციის საკუთარ თავზე მორგების არცერთი მცდელობა. მან ამის შესახებ კონსტიტუციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კობახიძემ განაცხადა, რომ "ოცნების" ოპონენტები, მათ შორის, უცხოელი ოპონენტები ცდილობდნენ საკუთარ თავზე მოერგოთ საქართველოს ძირითადი კანონი.

„ამ პერიოდის განმავლობაში, ჩვენი, მმართველი გუნდის მხრიდან არ ყოფილა კონსტიტუციაში შესწორების შეტანის არცერთი მცდელობა, კონსტიტუციის საკუთარ თავზე მორგების არცერთი მცდელობა. თუმცა გავიხსენებ იმასაც, რომ ჩვენს ოპონენტებს ამ წლების განმავლობაში ჰქონდათ კონსტიტუციის საკუთარ თავზე მორგების არაერთი მცდელობა. თუ მანამდე წლების განმავლობაში მმართველი გუნდი ცდილობდა ხოლმე კონსტიტუცია მოერგო საკუთარ თავზე, ახლა უკვე გასული 7 წლის განმავლობაში ჩვენი ოპონენტები, მათ შორის, ჩვენი უცხოელი ოპონენტები ცდილობდნენ საკუთარ თავზე მოერგოთ საქართველოს ძირითადი კანონი - საქართველოს კონსტიტუცია. შემიძლია გავიხსენო კონკრეტულად ის მოლაპარაკებები, რომლებიც უკავშირდებოდა 19 აპრილის შეთანხმების გაფორმებას. მაშინ ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა რაც იყო დაყენებული, იყო კონსტიტუციაში სხვადასხვა შესწორების შეტანა. ამასთან დაკავშირებით მე პირადად განვუმარტე კოლეგებს, რომ კონსტიტუციის გადასინჯვა, კონსტიტუციის თანახმად, იყო დაკავშირებული ძალიან რთულ პროცედურასთან. ეს ითვალისწინებდა ინიცირების რთულ პროცედურას, შემდეგ საყოველთაო-სახალხო განხილვას, საზოგადოების მთლიანად ჩართულობას ამ პროცესში და ა.შ. ძალიან მაღალი კვორუმით, რთული პროცედურის საფუძველზე, პარლამენტის მიერ მის მიღებას. ეს გართულებული პროცედურა გამოხატავს დამოკიდებულებასაც კონსტიტუციის მიმართ. ასეთ პირობებში ჩვენთვის მიუღებელი იყო პოლიტიკურ შეთანხმებაში კონსტიტუციურ ცვლილებასთან დაკავშირებით ნებისმიერი ჩანაწერის შეტანა. ეს განვუმარტეთ კონკრეტულ ოპონენტებს, თუმცა მათგან მივიღეთ უხეში პასუხი. მაშინდელი ამერიკის და ევროკავშირის ელჩების მხრიდან ამაზე მივიღეთ ძალიან უხეში პასუხი. მაშინ ძალიან კარგად გავიაზრეთ, რომ მათთვის კონსტიტუციის შეურაცხყოფა იყო მიზანი, როგორც ასეთი. მადლობა ღმერთს, ჩვენ მოვახერხეთ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა და არავის მივეცით ამ 7 წლის განმავლობაში კონსტიტუციის შეურაცხყოფის საშუალება. ეს, რა თქმა უნდა, ასე უნდა გაგრძელდეს“, - განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, კონსტიტუცია და კონსტიტუციონალიზმის განვითარება არის სახელმწიფოებრიობის განვითარების ნამდვილი სარკე.

„ზუსტად ისეთი იყო საქართველოს სახელმწიფოებრიობის მიერ განვლილი გზა გასული 30 წლის განმავლობაში, როგორი გზაც განვლო საქართველოს კონსტიტუციამ, ქვეყნის ძირითადმა კანონმა. ეს გზა იყო მრავალი სირთულით სავსე. პირველი 20 წლის განმავლობაში საქართველოს კონსტიტუციაში შევიდა 30-ზე მეტი ცვლილება. ამ ცვლილებების უმეტესი ნაწილი მორგებული იყო მაშინდელი მმართველი ძალების სუბიექტურ ინტერესებზე. ამან რა თქმა უნდა, საკუთარი კვალი დაატყო ჩვენი ქვეყნისა და სახელმწიფოებრიობის განვითარებას. კონსტიტუციის არასტაბილურობა და კონსტიტუციისადმი უდიერი დამოკიდებულება პირდაპირ აისახა ჩვენი სახელმწიფოს არასტაბილურ განვითარებაზე. როდესაც ჩვენ 2016 წელს მივიღეთ გადაწყვეტილება საკონსტიტუციო კომისიის შექმნის თაობაზე, კონსტიტუციის ფუნდამენტური გადასინჯვის თაობაზე, მიზნად დავისახეთ სწორედ კონსტიტუციის დემოკრატიული წესით და ფორმით ჩამოყალიბება, მისი სტაბილურობის უზრუნველყოფა და განმტკიცება.

როდესაც ისტორიას ვიხსენებთ, განსაკუთრებული გულისტკივილით უნდა გავიხსენოთ 2004 წლის საკონსტიტუციო ცვლილებები, როდესაც ავტორიტარული ქვეყნების სახელმწიფოების მაგალითზე საქართველოში ჩამოყალიბდა პროავტორიტარული კონსტიტუცია. სწორედ ამან შეუქმნა ნიადაგი 2004-2012 წლებში ავტორიტარული სისტემის ჩამოყალიბებას. სწორედ ამ ისტორიული გამოცდილების გათვალისწინებით, ჩვენ დავდექით მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე, შეგვექმნა სრულიად ახალი, ევროპული ტიპის კონსტიტუცია, რომელიც უზრუნველყოფდა ქვეყნის სტაბილურ, გრძელვადიან დემოკრატიულ განვითარებას. მე კმაყოფილებით მინდა აღვნიშნო, რომ მაშინ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ და შემდგომ საქართველოს პარლამენტმა ამ მიზანს სრულად მიაღწიეს - დღეს ჩვენ გვაქვს ევროპული სტანდარტების, სტაბილური კონსტიტუცია, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას“, - განაცხადა მან.

კობახიძის თქმით, 70 წლის განმავლობაში, 1995 წლის კონსტიტუციის მიღებამდე და შემდეგ უკვე მისი დღევანდელი რედაქციის ჩამოყალიბებამდე, საქართველოს უმთავრესი გამოწვევა იყო სუვერენიტეტის ხელყოფა და აღნიშნული დღესაც მთავარ გამოწვევად რჩება.

“ნებისმიერი ქვეყნის კონსტიტუციის პირველი მუხლი, როგორც წესი, ასახავს ხოლმე ქვეყნის მთავარ გამოწვევას. მაგალითად, გერმანიის კონსტიტუციის პირველი მუხლი ეძღვნება ადამიანის ღირსების ძირითად უფლებას, გამომდინარე განსაკუთრებული ისტორიული გამოცდილებიდან. ფაშისტურ გერმანიაში განსაკუთრებული გამოწვევა იყო ადამიანის ღირსების ტოტალური ხელყოფა და, სწორედ, ამ გამოცდილების გათვალისწინებით, გერმანელმა კანონმდებელმა 1949 წელს პირველ მუხლად განსაზღვრა ადამიანის ღირსების ძირითადი უფლება. ნიშანდობლივია ამ თვალსაზრისით, რომ ჩვენი კონსტიტუციის პირველი მუხლი ეძღვნება სახელმწიფო სუვერენიტეტს. პირველი მუხლი იწყება სიტყვებით - სახელმწიფო სუვერენიტეტი. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ეფუძნება ჩვენს ისტორიულ გამოცდილებას, 70 წლის მანძილზე, ვიდრე მიიღებოდა 1995 წლის კონსტიტუცია და შემდეგ უკვე მისი დღევანდელი რედაქცია, ჩვენი უმთავრესი გამოწვევა იყო, ბუნებრივია, საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფა და აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ პირველი მუხლი სახელმწიფო სუვერენიტეტის იდეასა და პრინციპს ეძღვნება. ეს გამოწვევა მთავარ გამოწვევად რჩება დღესაც და მე მოხარული ვარ, რომ საქართველოს კონსტიტუცია რჩება საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტის მთავარ გარანტად. ჩვენ უნდა მოვუფრთხილდეთ კონსტიტუციას, უნდა მოვუფრთხილდეთ სახელმწიფო სუვერენიტეტს და დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ ძალიან ბევრი წლის განმავლობაში და იმედია, საუკუნეების განმავლობაში, ჩვენი კონსტიტუცია იდგება მყარად საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტის სადარაჯოზე. გილოცავთ ჩვენი კონსტიტუციის იუბილეს“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები