2025 წლის დასრულებამდე 2 კვირა რჩება - ამ დროის მონაცემებით უძრავი ქონების ბაზრის ზომა თითქმის 3 მილიარდი დოლარია. კოლიერს ჯორჯიას განახლებული მონაცემებით ბაზარზე წინა რეკორდული თვეების შემდეგ ნოემბერში შენელება დაფიქსირდა და 3700-ზე მეტი ტრანზაქცია განხორციელდა.
„საქართველოს უძრავი ქონების სააგენტოს" დამფუძნებელი ამბობს, რომ მათი მოლოდინით უძრავი ქონების ბაზარი წელს ტრანზაქციების 13%-იანი ზრდით დაასრულებს. მისი შეფასებით, ფასების ზრდა 4-5 პროცენტის ფარგლებში იქნება. ნინო აბსანძე ამბობს, რომ ტრადიციულად უცხოელებისთვის საინვესტიციო მიზნით ბათუმი კვლავ უფრო მეტად საინტერესოა ვიდრე თბილისი. არარეზიდენტ მყიდველებს შორის კი ისრაელის მოქალაქეები ჭარბობენ.
“2025 წელი დეველოპერული სექტორისთვის იყო სტაბილური ზრდის წელი. წელი ჩვენი მოლოდინებით დაახლოებით 13-15 პროცენტამდე ზრდით იხურება ტრანზაქციების რაოდენობის ნაწილში და საფასო ნაწილში დაახლოებით 4-5 პროცენტიანი ზრდით. რაც შეეხება მომავალი წლის პერსპექტივებს ფასებთან მიმართებაში, იგივე მოლოდინები გვაქვს, თუ მკვეთრი ცვლილებები ბაზარზე არ იქნება, დაახლოებით 4-5 პროცენტიან ფასების ზრდას შეინარჩუნებს სავარაუდოდ ბაზარი.
რაც შეეხება ბაზრის გადანაწილებას ადგილობრივი თუ უცხოელი მყიდველების ნაწილში, საქართველოში თბილისი არის წამყვანი გენერატორი უძრავი ქონების ტრანზაქციების და დაახლოებით 70 პროცენტი ბაზრის თბილისში არის კონსოლიდირებული, დაახლოებით 20-22 პროცენტი არის ბათუმში. თბილისში არარეზიდენტების წილი შედარებით დაბალია ვიდრე აჭარაში. თბილისში მათი წილი დაახლოებით 20-25 პროცენტია, მათ წილს ძირითადად შეადგენენ ისრაელის, რუსეთის, უკრაინის, პოლონეთის მოქალაქეები, მაგრამ ძირითადად არარეზიდენტები ყიდულობენ უძრავ ქონებას აჭარაში, რომელიც საინტერესოა როგორც საინვესტიციო ბაზარი და იქ უკვე 70 პროცენტამდე მყიდველების არიან არარეზიდენტები.”- ამბობს „საქართველოს უძრავი ქონების სააგენტოს" დამფუძნებელი ნინო აბსანძე.




























